Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » 25 დეკემბრის ეზოთერული განხილვა

25 დეკემბრის ეზოთერული განხილვა

25 დეკემბრის ეზოთერული განხილვა

„ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა..“
(შოთა რუსთაველი, “ვეფხისტყაოსანი”)



ის ადამიანები, ვინც არ მიეკუთვნება ქრისტიანულ ეკლესიას, მაგრამ შეიგრძნობენ ღმერთთან ერთიანობას, შეიძლება გაუჩნდეთ ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის სურვილი, როდესაც ამ თარიღის ჭეშმარიტ არსს გაიგებენ.
ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნისას, ბევრი არ უფიქრდება იმას, რომ ისტორიულად ქრისტეს დაბადების არც დღე და არც წელი ცნობილი არ იყო. ბიბლიაში ქრისტეს დაბადების მიახლოებითი დრო ჩანს მხოლოდ ლუკას სახარებაში "იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს." (ლუკა 2:8) აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარა გაშვებული ყავდათ საძოვრებზე, ამიტომ ჯერ არ ციოდა, სავარაუდოდ საუბარია ზაფხულზე ან შემოდგომის დასაწყისზე. იესოს დაბადების წელიც კი ძალიან მიახლოებით არის დადგენილი და ეს თარიღი შეიძლება იყოს ახალ წელთაღრიცხვამდე 12-დან 5 წლის ჩათვლით. თუკი ორიენტირებას გავაკეთებთ იმ წლებში მმართველ იმპერატორებზე და მეფეებზე, იესო დაიბადა მეფე იროდის მმართველობის დროს, ის კი გარდაიცვალა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 4 წელს. ზოგიერთი მკვლევარი კი ამ თარიღს უკავშირებს იმ პერიოდში ჰალეის კომეტის გავლას, რომელსაც შეიძლება მოგვებმა ბეთლემის ვარსკვლავი დაარქვეს.
პირველი ქრისტიანები, ებრაელები, შობის დღესასწაულს არ აღნიშნავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანულ ეკლესიას ბერძნები შემოუერთდნენ, დაიწყეს ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნა, თუმცა ყველა ქრისტიანული გაერთიანება, სექტა თუ ეკლესია, დღესასწაულის თარიღს ირჩევდა საკუთარი შეხედულებისამებრ. მხოლოდ 337 წელს, ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელმა, პაპმა იულიან I-მა, რომელიც ცხოვრობდა რომში, ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის დღედ 25 დეკემბერი გამოაცხადა. ამ ისტორიულ ფაქტამდე ქრისტიანულ შობას II-IV საუკუნეებში 6 იანვარს აღნიშნავდნენ.
მაინც რატომ აირჩიეს კონკრეტულად ეს დღე? ჰქონდათ თუ არა ამისთვის მიზეზი? აღმოჩნდა რომ ჰქონდათ, თანაც ამ მიზეზის ფესვებს შორეულ წარსულში მივყავართ, ჯერ კიდევ იმ დროში, როდესაც ჩვენი წინაპრები "ზამთრის მზებუდობის" დროს აღნიშნავდნენ მზის ღმერთის დაბადებას. “ზამთრის მზებუდობის” დღესასწაულს არაერთ კულტურასა და რელიგიაში (გერმანელი კერპთაყვანისმცემლები, მიტრას კულტის თაყვანისმცემლები და ა.შ.) მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ამ დღეს მთავრდებოდა დღის დამოკლების პერიოდი და 25 დეკემბრის დილას, ქალწულის თანავარსკვლავედის გავლით, მზე ისევ "აღსდგებოდა" აღმოსავლეთიდან. დედამიწისთვის ეს დღე უდიდესი მოვლენა იყო. მაგრამ ჩვენი წინაპრები ახალი ფიზიკური მზის დაბადებას კი არ ზეიმობდნენ, რომელსაც სინათლე შემოჰქონდა, არამედ მზის ღმერთის დაბადებას, რომელსაც დედამიწაზე სულიერი სხივი შემოჰქონდა. ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ის, რაც ხდება აქ, დედამიწაზე, ანარეკლია იმისი, რაც ხდება ზემოთ, სულიერ სამყაროში (ცაზე). როგორც სამგანზომილებიანი სხეულები ირეკლავენ ორგანზომილებიან ჩრდილებს, ასევე ირეკლავს მრავალგანზომილებიანი სულიერი სამყაროს მოვლენები სამგანზომილებიან ჩრდილებს დედამიწაზე. გავიხსენოთ უძველესი ბრძენი ხალხის გამონათქვამები: "ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით".
სახარება, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა ქრისტიანული კონცეფცია, ბევრ რამეში გვაგონებს ეგვიპტურ, შუმერულ და ბაბილონური მისტერიების სკოლებს, რომლებიც დაკავშირებულია მზის კერპთან. თითოეულ მათგანს ერთი საერთო საბაზისო ისტორია აქვს.
მათთვის, ვინც საიდუმლო ცოდნებს ინახავდა, მზე-სიცოცხლის სიმბოლო იყო სულის ფიზიკური გამოხატულება, რომელსაც ასევე ლოგოსს ეძახდნენ. სიტყვა ლოგოსს რამდენიმე განმარტება აქვს - ღვთის შვილი ან ღვთის სიტყვა, რეალურად ორივე ერთი და იგივეა: ღვთის შვილს ღვთიური სიტყვით მოაქვს ადამიანებამდე ღვთიური სიბრძნე. როგორც მზის დაბადებას მოაქვს დედამიწისთვის სითბო და სინათლე, ასევე ლოგოსს, იგივე ღმერთკაცს, რომელიც იბადება მიწაზე ფიზიკურ სხეულში, შემოაქვს ღვთიური სხივი და გვიცავს სულიერი სიკვდილისგან.
25 დეკემბრის ეზოთერული განხილვა




















ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ლოგოსის და ფიზიკური მზის დაბადებას შორის. როგორც ღმერთკაცი ყოველთვის ქალწულისგან იბადება, ასევე ფიზიკური მზე “იბადება” ზეციური ქალწულისგან (ქალწულის თანავარსკვლავედის გავლით). როგორც მზე დაბადების მომენტში არის სუსტი, ებრძვის სიბნელეს, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია, სანამ დღე უფრო მოკლეა ღამეზე, ასევე ღვთის შვილი დედამიწაზე ბავშვის სუსტ ფიზიკურ სხეულში იბადება.
ცნობილია, რომ სახარებები არ დაწერილა იესოს სიცოცხლის და მოღვაწეობის პერიოდში. მათი უდიდესი ნაწილი შეადგინეს 66-74 და 132-135 წლების ინტერვალში, ანუ ორ სხვადასხვა პერიოდში, სწორედ მაშინ, როცა იერუსალიმი ცდილობდა რეაგირება მოეხდინა რომის იმპერიის სისასტიკეზე. თუმცა მათი პირველწყაროების წარმომავლობა ბევრად ძველი იყო: დაწერილი, გადაწერილი, გადაკეთებული და დაკარგული, განსაკუთრებით თხრობით გადმოცემული.
როდესაც მეფე იროდმა გაიგო იესოს დაბადების შესახებ, შეეშინდა წინასწარმეტყველების, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ბავშვი საფრთხეს შეუქმნიდა მის ტახტს და ბრძანება გასცა იმ პერიოდში ყველა ახლადდაბადებული ჩვილი მოეკლათ, რომლებიც დაიბადნენ იესოს დაბადების პერიოდში. და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ავატარების (“ავატარი” სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს ღმერთის “წარმოშობას”, ”წარმომავლობას”, სულიერი სხეულისგან განსხვავებით უფრო დაბალ ფიზიკურ მატერიაში დაბადებას, კონკრეტული მისიის შესასრულებლად) დაბადების ისტორიებში. კრიშნა, ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში, არაერთხელ ჩავარდნილა საფრთხის ქვეშ საკუთარი ბიძის-კამსის მხრიდან, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა. ბნელმა ძალებმა საი ბაბას მოკვლა სცადეს სოფლელი მოზარდების ხელით. მაგრამ მზე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელესთან ბრძოლაში და გაზაფხულის ბუნიაობის დროს, როცა დღე იმატებს, მზე ისევ გულუხვად უგზავნის ფიზიკურ სამყაროს თავის სითბოს და სინათლეს. სწორედ ასევე კოსმოსური ეპოქის ცვლილებისას, როდესაც სულიერი სინათლე კარგავდა თავის ძალას, ავატარები ადამიანური მოდგმის გადასარჩენად, სულიერი სინათლის უდიდესი მატარებლები ხდებოდნენ.
ისტორიულად ქრისტე იყო უდიდესი პიროვნება, რომელიც მიეკუთვნებოდა უმაღლეს სულიერ იერარქიებს და რომელიც მართავდა ადამიანური მოდგმის სულიერ ევოლუციას. მისი სიცოცხლის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იგი ღიად ქადაგებდა იერუსალიმში. ის მოვიდა იმისთვის, რომ სამყაროსთვის ახალი სულიერი ბიძგი მიეცა და ხალხისთვის კვლავ გადაეცა სულიერი ცხოვრების სიღრმეების საიდუმლო ცოდნა.
როდესაც ვეხებით შობის დღესასწაულის უძველეს ფესვებს, ჩვენ ვხვდებით მის ჭეშმარიტ მასშტაბებს და ამ დღესასწაულის ნამდვილ სიღრმისეულ იდეას. ჩვენ ვხვდებით, რომ სინამდვილეში ვზეიმობთ არა მხოლოდ ქრისტეს დაბადებას, არამედ ყველა იმ უდიდესი სულიერი სხივის მატარებლების დაბადებას, რომლებიც მოევლინნენ ფიზიკურ სამყაროს ჩვენ გადასარჩენად.
აქედან გამომდინარე, ამ საკითხის ეზოთერული კუთხით განხილვისას, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს დღესასწაული ყველასთვისაა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც განიცდის ღმერთთან ერთიანობას, ვინც მზადაა სიყვარულისთვის, თანაგრძნობისთვის და მოწყალებისთვის, გულის გასახსნელად, მიუხედავად მისი რელიგიური შეხედულებებისა. ამ დღესასწაულის სულიერი სიღრმე საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ ყველა რელიგიის ერთიანობა და ის, რომ ღმერთი ერთია. მზე კი ამ ისტორიაში მხოლოდ სიმბოლური მანიშნებელია იმისა, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე.

ემა ომანაძე
(ჟურნალი "ასტრო News"
იანვარი, 2014)
скачать dle 11.3
ნახვები: 5 164
 

ASTRO TV LIVE