» » მაგიური რიტუალებით მკურნალობა ძველ ეგვიპტესა და აღმოსავლეთში
ეზოთერიკა / Slide

მაგიური რიტუალებით მკურნალობა ძველ ეგვიპტესა და აღმოსავლეთში

მაგიური რიტუალებით მკურნალობა ძველ ეგვიპტესა და აღმოსავლეთშიასტროლოგია და მაგია ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. ძველ მსოფლიოში, პოლითეისტური რელიგიებისა და ფეტიშების პერიოდში, ძალზე გავრცელებული იყო თეთრი და შავი მაგია, სამკურნალო მაგია, მიცვალებულთა და ბოროტი სულების გამოძახება. იმაზე, დგება თუ არა რეალური შედეგი მაგიური რიტუალის შედეგად და რა კავშირია ოკულტიზმსა და პლანეტების განლაგებას შორის, ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვიამბობს.

დავით ბუტიკაშვილი: მაგია რომ არსებობს, ეს უდავოა. რიტუალის შედეგი არჩეულ ობიექტზე ამა თუ იმ სახით ყველა შემთხვევაში მოქმედებს. არსებობს ორი ტიპის მაგია, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მაგიის ორგვარი პრინციპი (ჯო ფრეზერის წიგნის – „ოქროს ტოტის“ მიხედვით): ეს არის სიმპათიკური, ანუ იმიტატიური მაგია, რომელიც ეფუძნება მსგავსების პრინციპს. ამ სახეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ვუდუს ჯადოქრობა, როდესაც ამზადებენ ადამიანის თოჯინას, ტიკინას, რომელიც ჰგავს ამ ადამიანს და შემდეგ მასზე ზემოქმედებენ. მეორე ტიპია კონტაგიოზური მაგია, რომელიც აგებულია ანალოგიურობის პრინციპზე. მაგალითად, ადამიანი აიღებდა რაიმე ნივთს, მიანიჭებდა მას კონკრეტულ ფუნქციას, უკავშირებდა კონკრეტულ ადამიანს და მისით მანიპულირებდა.
რაც შეეხება ოკულტიზმისა და ასტროლოგიის კავშირს, უძველესი მაგები, შამანები თუ ჯადოქრები, პლანეტათა განლაგებას, მთვარის ციკლებს თავიანთი მაგიური რიტუალებისთვის ყოველთვის იყენებდნენ. მთვარე უნდა ყოფილიყო ერთ პოზიციაში, სხვა პოზიციაში მზე და ასე შემდეგ. ასტროლოგიური დაკვირვებები და გათვლები აუცილებელი იყო მაგიისთვის („მაგია“ ლათინური სიტყვაა და „ჯადოქრობას” ნიშნავს). თითქმის ყველა უძველეს და თანამედროვე რელიგიაში არის მაგიის ელემენტები. თუნდაც ქრისტიანობაში, სასწაულმოქმედება, ეგზორციზმი – ეს არის უძლიერესი მაგიური რიტუალი, რომელიც ადამიანის ავი სულებისგან გათავისუფლებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მაგიურ რიტუალებს ძალა ნამდვილად აქვს. ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტელ ქურუმს – ჰერმეს ტრისმედისტრს აქვს ჩამოყალიბებული სამყაროს მოწყობის 7 პრინციპი. ესენია: 1) ანალოგია – ყველაფერი საერთო კანონებს ემორჩილება: რაც ზევითაა, მსგავსია იმისა, რაც ქვევითაა; 2) მენტალობის პრინციპი – ყველაფერი არის აზრი, სამყარო წარმოადგენს აზრ-ფორმას; 3) ვიბრაციის პრინციპი – არც ერთი საგანი თუ ცოცხალი არსება არ არის სრულიად მოსვენებულ, სტატიკურ მდგომარეობაში, ყველაფერი ვიბრირებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მატერია, ენერგია და სული არის ერთი პირველადი სუბსტანციის სხვადასხვა სახე, რომლებიც ერთმანეთისგან ვიბრაციის სიხშირით განსხვავდება; 4) პოლარულობის პრინციპი – ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ანტიპოდი; 5) რიტმის პრინციპი – ყველაფერი მიედინება, ყველაფერი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის; 6) ძალიან მნიშვნელოვანი – მიზეზისა და შედეგის პრინციპი – შემთხვევითობა არ არსებობს, ყოველგვარ შედეგს აქვს მიზეზი და ეს შედეგი, თავის მხრივ, მომავალი შედეგისათვის მიზეზს წარმოადგენს; 7) სქესის პრინციპი – სამყაროში ყველაფერი საკუთარ თავში მოიცავს ორ საწყისს: ინი – ეს არის მდედრი საწყისი და იანი – მამრი საწყისი. ამ ორი საწყისის ერთიანობა განაპირობებს სამყაროს წონასწორობასა და სტაბილურობას.
მაგია იყენებს ამ შვიდივე პრინციპს. მთავარი პრინციპი მასში არის მამოძრავებელი აზრი, მენტალობის პრინციპი, რომელიც ენერგიად გარდაიქმნება. პირველყოფილ ხანაში, ზედა პალეოლითში, გამოქვაბულებში გაჩნდა ნახატები. თქვენი აზრით, რატომ ხატავდნენ, ნიჭის რეალიზაციის მოთხოვნილება ჰქონდათ? რა თქმა უნდა, არა. თუკი ის ნადირობის სცენას დახატავდა, მეორე დღეს წარმატებული ნადირობა ექნებოდა. ანუ ის მაგიურად იწვევდა მოვლენას. ესე იგი, ჩვენ ჩვენი აზრებითა და განწყობით მოვლენის გამოწვევა შეგვიძლია.
– თავად ჯადოქრებს თუ ემუქრებათ რამე, თუკი მიზეზშედეგობრივ კავშირს დავეყრდნობით?
– მაგია საკმაოდ სახიფათო სფეროა, ფაქტობრივად, ცეცხლთან თამაშს ჰგავს – შეიძლება საშინელი ბოროტება ჩაიდინოს. უმრავლეს შემთხვევაში, მაგები კარგად ფლობენ ფსიქოლოგიას, ოკულტიზმსა და რიტუალურ ტექნიკაში საკმაოდ განსწავლულები არიან. არის ასეთი ამერიკელი ავტორი ქალი, დიონ ფორჩუნი, რომელიც თავის ნაწარმოებში შემდეგ შემთხვევას აღწერს: ერთმა ადამიანმა იყიდა მაგიური შელოცვების წიგნი, დაჯდა პარკში სკამზე და წაიჩურჩულა რომელიღაც მაგიური ფრაზა. იმწუთშივე იგრძნო, რომ მის გვერდით სკამზე რაღაც თვალით უხილავი დაჯდა. მის არსებობას ყოველთვის გრძნობდა. სიზმარში კი ეს უხილავი ხილული ხდებოდა, საზარელი სახით ეცხადებოდა და ახრჩობდა. ამან ეს ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანა და, ვიდრე პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები არ ჩაერივნენ სერიოზულად, მას არ ეშველა. დილეტანტმა შელოცვით უნებლიეთ გამოიხმო ავი სული, დემონი და, რადგან არ იცოდა მაგიის ხელოვნება, ვეღარ შეძლო მისი უკან გაწვევა. ზოგადად, მაგია კიდევ იმ მხრივ არის სახიფათო, რომ ადამიანს ყველაფრის იოლად მიღწევა უნდა, იგი გვერდს უვლის გზას, რომლითაც უნდა დაიმსახუროს კეთილდღეობა ან სიყვარული, მას ერთბაშად და სწრაფად სურს ყველაფრის მიღება, რითაც საკუთარ თავს ზიანს აყენებს. ვიცი შემთხვევა, რომ ადამიანს ფული მოუგია და ის ფული წამლებში დაუხარჯავს ბოლო კაპიკამდე. ქარის მოტანილი ქარსავე მიაქვს. თუმცა, სულ სხვაა სამკურნალო მაგია, რომლის მომხრეც მე პირადად ვარ. მაგალითად, ინდური და, განსაკუთრებით – ჩინური, ცეგუმი, აკუპუნქტურა მთელ მსოფლიოშია პოპულარული.
– არსებობენ თუ არა გამიჯნულად თეთრი და შავი მაგიის მსახურები?
– მაგების ცალსახა დიფერენციაცია თეთრ და შავ მაგებად, არ არის სწორი. მათი უმრავლესობა ატარებს როგორც თეთრი მაგიის (მკურნალობის, სასიყვარულო მაგიის), ასევე, შავი მაგიის საკმაოდ სახიფათო, მომაკვდინებელ რიტუალსაც კი. ცდუნება და ძალაუფლების ხიბლი იმდენად დიდია, რომ წონასწორობის შენარჩუნება ძალიან უჭირთ და მათში ბოროტი სული ადვილად შედის. ხშირად ოკულტიზმით გატაცებულები ფსიქიკურ აშლილობამდე მიდიან. მცირე ხნის წინ, რუსეთის ყველაზე სახელგანთქმული ოკულტისტი იური ლონგო უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ვუყურე მის ბოლო ინტერვიუს, სადაც მოძღვართან საუბარში აღიარა საკუთარი გზის მცდარობა და თავი დაანება მაგიას. მაგრამ, ამ მომენტისთვის ის ენერგეტიკულად იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ვეღარ გაუძლო – მას აორტა გაუსკდა. მაგობა, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ მიღებას არ ნიშნავს მატერიალური თუ სხვა თვალსაზრისით, მას გაცემაც უწევს, რაც, საბოლოოდ, მის აურას ანადგურებს. იური ლონგოს ცნობილი გამოსვლები ყველას ახსოვს. არ ვიცი, რას აკეთებდა, რა მანქანებით, მაგრამ, პროზექტურაში მიცვალებულებს აცოცხლებდა. ერთხელ ლევიტაციის შოუ მოაწყო (ჰაერში აიწია). მაგიის სფეროში ძალიან განსწავლული იყო, წიგნებიც აქვს გამოცემული. მაგიისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ეკლესიური ცხოვრებაა.
უძველეს წიგნებში პლანეტების განლაგება მაგიურ რიტუალებთან არის პირდაპირი მინიშნებით დაკავშირებული. დეტალურადაა მითითებული, პლანეტების რა კომბინაციისას რა პენტაკლი უნდა შეიკრას, რა დატვირთვა აქვს ამ კომბინაციას...
– უკაცრავად, პენტაკლი რა არის?
– ნახატია, რომელსაც გარკვეული დატვირთვა აქვს – გამოსახულია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ფიგურები და იეროგლიფები. რიტუალის დროს აუცილებლად ითვალისწინებენ, რომელ ზოდიაქოში უნდა იყოს მთვარე, რომელ წელს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მთვარის ციკლები ახალმთვარეობიდან გავსებამდე და სავსემთვარეობიდან მილევამდე.
– მაშინ, კონკრეტულად სავსე მთვარესა და მთვარის ციკლებზე ვისაუბროთ.
– სხვათა შორის, სტატისტიკურად გამოკვლეულია, რომ სავსემთვარეობის პერიოდში ლას-ვეგასის სამორინეებში მოგების რაოდენობა მკვეთრად მატულობს. გვინდა ეს თუ არა, მთვარის ენერგეტიკა ჩვენზე გავლენას ახდენს. მთვარის ფუნქცია ასტროლოგიაში არის აზრისთვის მატერიალური ფორმის მინიჭება. სავსემთვარეობის პერიოდში ძალიან ძლიერდება ადამიანის ინტუიცია და ვურჩევ ჩვენს მკითხველებს, ამ ციკლის განმავლობაში შეიძინონ ლატარიის ბილეთები. სავსემთვარეობის პერიოდში ტარდება, აგრეთვე, მთელი რიგი მაგიური რიტუალებისა. ოღონდ, უნდა განისაზღვროს, რომელ ზოდიაქოშია მთვარე. მთვარე არის „დედა პლანეტა.” სხვათა შორის, ვუდუში ძალიან სერიოზულად იყენებდნენ მთვარის ციკლებს. მთვარის პირველი კალენდარი ეგვიპტელებმა შექმნეს. მთვარის გავლენა ადამიანზე იმდენად ძლიერია, რომ ასეთი დაავადება – ლუნატიზმიც (მთვარეულობა) კი არსებობს. სავსემთვარეობისას მთვარეული ღამით მძინარე დგება და, შეიძლება, უცნაური, საშინელი რამეებიც კი ჩაიდინოს მთვარის დევნისას. მაქციის ფენომენიც, შესაძლოა, სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული. თუ ადამიანში არის მანიაკური გადახრა, მთვარე მას აუცილებლად ამძაფრებს.
საერთოდ, ყველა პლანეტას აქვს საკუთარი დანიშნულება, ეგრეთ წოდებული „პლანეტარული სული.” მაგალითად: მარსი კონფლიქტების გამომწვევად ითვლება, ვენერა – სასიყვარულო ურთიერთობების, იუპიტერი ქონების ზრდის მაგიაა, სატურნი სიძნელეების შესაქმნელად გამოიყენება, ნეპტუნი ადამიანებში სერიოზულ სულიერ აშლილობას იწვევს, ურანი მეცნიერების პლანეტაა, მერკური – მოგზაურობისა და ვაჭრობის; პლუტონი შედარებით გვიან აღმოაჩინეს და მასთან არანაირი რიტუალი არ არის დაკავშირებული.

ესაუბრა ქეთი დიდებულიძე

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი