ცხრა წლის გიორგი გურჯიევს მამა გარდაეცვალა. მამა გაჭირვებაში ცხოვრობდა. სიკვდილის წინ იხმო შვილი და უთხრა:
– არაფერი გამაჩნია, რომ ანდერძად დაგიტოვო. მე ძალიან ღარიბი ვარ, ასევე ღარიბი იყო მამაჩემიც, მაგრამ მან დამიტოვა ის, რამაც მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად მაქცია, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ღარიბი დავრჩი. მეც იგივეს გადმოცემა შემიძლია შენთვის. ეს ერთგვარი რჩევაა. შეიძლება ძალიან ახალგაზრდა ხარ და მისი შესრულება გაგიჭირდეს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე. როდესაც შესაძლებლობა გექნება ამ რჩევის მიხედვით იმოქმედო, აუცილებლად შეასრულე ჩემი თხოვნა. რჩევა ძალიან მარტივია. მე მას გეტყვი და ჩემთან ერთად გაიმეორე. ჩემი სიკვდილის დრო მოახლოვდა და მინდა დამშვიდებული წავიდე, რადგან მეცოდინება, რომ გადმოგეცი ერთგვარი გზავნილი, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა.გზავნილი ძალიან მარტივად ჟღერდა.
მამამ თქვა:– თუ ვინმე გამცირებს და შენ პროვოცირებას ცდილობს, უბრალოდ უთხარი მას: „ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე მამაჩემს შევპირდი, რომ მხოლოდ ოცდაოთხი საათის შემდეგ გიპასუხებ. მე მესმის, რომ განრისხეული ხარ. ოცდაოთხ საათში მოვალ და გიპასუხებ.“ და ამგვარად, ყველაფერში დაიცავი ოცდაოთხსაათიანი ინტერვალი.
ცხრა წლის ბიჭი იმეორებდა მამის რჩევას. მამა ამ დროს გარდაიცვალა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში გადაცემული ანდერძი, სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის გონებაში.
როდესაც ბავშვი ანდერძს იმეორებდა, მამამ თქვა:– კარგი. კურთხეული იყავი; ახლა კი შემიძლია მშვიდად მოვკვდე.
მან თვალები დახუჭა და გარდაიცვალა. გურჯიევი მართალია ცხრა წლის ბავშვი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაიწყო მამის დანატოვარის პრაქტიკაში გამოყენება.
როდესაც ვინმე შეურაცცყოფას მიაყენებდა, ის ეუბნებოდა:– პასუხის გადაცემად ოცდაოთხ საათში მოვალ, რადგან მე ეს მომაკვდავ მამას შევპირდი. ახლა არ შემიძლია გიპასუხო.
თუ მას ვინმე დაარტყავდა, ასე პასუხობდა:– შენ შეგიძლია დამარტყა, ამ წუთას არ შემიძლია პასუხის გაცემა. ოცდაოთხ საათში მოვალ და პასუხს მიიღებ, რადგან მე ეს მომაკვდავ მამას შევპირდი.
მომავალში ის თავის მოსწავლეებს უხსნიდა:– ამ მარტივმა რჩევამ, ჩემი სრული ტრანსფორმაცია გამოიწვია. ეს ადამიანი მირტყავდა, მაგრამ მე არ შემეძლო იმ მომენტში რეაგირება, გარდა ერთისა – უბრალოდ ვაკვირდებოდი. ვერაფერს ვაკეთებდი: ადამიანი მირტყავდა, მე კი უბრალოდ მაყურებელი ვიყავი! ოცდაოთხი საათის მანძილზე ვერაფერს გავაკეთებდი.
ამ ადამიანის დაკვირვება, ჩემში ახალი სახის კრისტალიზაციას იწვევდა. ოცდაოთხი საათის შემდეგ ბევრად ნათლად ვხედავდი. იმ მომენტში, ჩემი თვალები ბრაზით იყო სავსე. თუ მე პასუხს მაშინვე გავცემდი, გავმართავდი ამ ადამიანთან ბრძოლას, დავარტყავდი მას და ყველაფერი ეს გაუცნობიერებელი რეაქცია იქნებოდა. ოცდაოთხი საათის შემდეგ, მომხდარზე ბევრად მშვიდად და დაწყნარებულად შემეძლო ფიქრი. ის ან მართალი იყო – ჩემი არასწორი საქციელის გამო ვიმსახურებდი შეურაცხყოფასა და დარტყმას, ანდაც ცდებოდა. თუ ის მართალი იყო, სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა მასთან მისვლისა და მადლობის მოხდის. თუ ის ცდებოდა, არანაირი აზრი არ ქონდა ადამიანთან ბრძოლას, რომელიც იმდენად სულელია, რომ მსგავს არასწორ საქციელზეა წამსვლელი. ეს უაზრობა და დროის ფუჭი ხარჯვაა. მსგავსი ადამიანი არ იმსახურებს პასუხს. ოცდაოთხი საათის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა და შესაძლებელი ხდებოდა სიტუაციის ცხადად დანახვა.
ამ ნათელი და დაკვირვებული ხედვით გურჯიევი მალევე ამ საუკუნის ერთ ერთ ყველაზე უნიკალურ პიროვნებად იქცა. ეს მეთოდი წარმოადგენდა მისი კრისტალიზაციის ფუნდამენტალურ არსს.
ოშო „მისტიკოსის გზა“
მთარგმნელი - mangala
წყაროскачать dle 11.3