» » ავტომობილი ფენ-შუის სივრცეში
ფენ-შუი / Slide / პრაქტიკული

ავტომობილი ფენ-შუის სივრცეში

ავტომობილი ფენ-შუის სივრცეშიჩვენ ყველანი მივეჩვიეთ იმას, რომ ფენ-შუი გვასწავლის სწორად როგორ ავაშენოთ და მოვაწყოთ სახლი, როგორ მოვიზიდოთ ცხოვრებაში სიყვარული, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. მაგრამ, ცოტა ვინმე თუ იყენებს ფენ-შუის წესებს ავტომანქანის შესარჩევად. რეალურად, ავტომანქანა ხომ მრავალი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თანაც, ყოველწლიურად უფრო და უფრო მატულობს მათი შეძენის მსურველთა რაოდენობა. ავტომანქანაში ადამიანი ატარებს თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს და, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მისი ფენ-შუი ხელსაყრელი იყოს მფლობელისათვის.

ავტომანქანის ფერი



თქვენი ავტომანქანის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის შერჩეული უნდა იყოს მფლობელის ენერგეტიკის შესაბამისად. ამ რუკის მიხედვით შესაძლოა დადგინდეს, თუ რომელი ელემენტია ადამიანისათვის სასიკეთო. თვითეულ ელემენტთან ცხოვრების მრავალი ასპექტია დაკავშირებული. მაგრამ ავტომანქანის ფერთა გამა არა მარტო პირადი ენერგეტიკული რუქის მიხედვით უნდა შეირჩეს, არამედ სხვა პრინციპებითაც. მაგ: თუ ავტომანქანის ფერი თეთრია, სალონი კი წითელი, ეს არასასიკეთო ნიშანია, რადგან თეთრი ფერი მეტალის ფერია, წითელი კი ცეცხლის. ცეცხლს კი ხელეწიფება მეტალის დაშლა. იმისათვის რომ შეარჩიოთ თქვენი მანქანისათვის მიზანშეწონილი ფერი, საჭიროა პირადი ჰოროსკოპის შედგენა. ამ ინფორმაციაზე და ხუთი ელემენტის თეორიაზე დაყრდნობით კი, დადგინდება თქვენთვის სიკეთის მომტანი ავტომანქანის ფერი.
მაგ: თუ ავტომანქანის მფლობელისათვის წყალი და მეტალია მიზანშეწონილი, მაშინ მისი მანქანის ფერი უნდა იყოს: ცისფერი, შავი, ვერცხლისფერი, თეთრი და შავი. და, თუ თქვენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც შეიძენთ სხვა ფერის ავტომანქანას, მისი ენერგეტიკა თქვენთვის არ იქნება კარგის მომტანი და, შესაძლოა, წარუმატებლობები მოიზიდოს.
ეს რჩევები თქვენ შესაძლოა, არამარტო ავტომანქანის შეძენისას გამოიყენოთ, არამედ სახლის, ბინის ან ოფისის შერჩევისაც.
მაგრამ არის რჩევები, რომლებიც ყველა ტიპის ადამიანს ესადაგება მათი ენერგეტიკისდა მიუხედავად. ეცადეთ, არ შეიძინოთ ან არ შეღებოთ ავტომანქანა ძალიან მკვეთრ ფერებში. მკვეთრი ფერი იტაცებს მრავალი ადამიანის მზერას, იწვევს თქვენდამი შურს და არაკეთილგანწყობას. ასეთი ავტომობილების მძღოლებს უფრო ხშირად აჯარიმებენ, ვიდრე სხვებს. ისინი არცთუ იშვიათად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი. მაგრამ, თუ თქვენ კანონმორჩილი მძღოლი ხართ, იცავთ საგზაო წესებს და ძალიან ფრთხილად მგზავრობთ, მაშინ არავითარმა ხიფათმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი მკვეთრი ფერის ავტომანქანით გადაადგილებისას.

რითია სახიფათო ავტომანქანის ე. წ. „გარბენით“ შეძენა
და რა თილისმები იცავენ ავტომობილს



უკვე გამოყენებული ავტომანქანის შეძენისას ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, არ ახსოვთ ის ფაქტი, რომ მანქანა არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ჩვენი ენერგეტკული გარსიც. როგორც ყველა სხვა ნივთი, ავტომობილიც შეისრუტავს წინა მფლობელის ენერგეტიკას და მისი ყველა წყენა, უსიამოვნება, ავადმყოფობა და საგზაო შემთხვევა მასში იყრის თავს.
და თუ თქვენ აპირებთ უკვე გამოყენებული ავტომანქანის შეძენას, გირჩევთ წინასწარ მოიპოვოთ ინფორმაცია მისი ყოფილი მფლობელის შესახებ. გაიგეთ, ხომ არ იყო იგი რაიმეთი ავად, ხომ არ ქონდა კრიმინალური ბიოგრაფია, სალონში მკვლელობა ხომ არ მომხდარა ან ამ ავტომობილით ადამიანი ხომ არ დაშავებულა. თუ რაიმეს ამ ჩამონათვალთაგან ადგილი ჰქონდა ამ ავტომობილის ისტორიაში, მაშინ, ჯობია, მის შეძენაზე უარი თქვათ.
მაგრამ, თუ თქვენ უკვე შეიძინეთ გამოყენებული ავტომანქანა, მანამ, სანამ მის მოხმარებას დაიწყებთ, ენერგეტიკული წმენდა ჩაუტარეთ.
იგივე ეხება ავტომობილის ნაწილებსაც. ასე რომ, ნაწილების გამოცვლის დროსაც ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ავტომობილს მოხსნეს ის, უფრო ზუსტად კი, როგორია მისი წარსული. სხვა შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა უსიამოვნებებს და პრობლემებსაც კი წააწყდეთ.
თუ ავტომობილის სალონში დაკიდებთ „არასწორ“ ამულეტებსა და სიმბოლოებს, ასეთ დროს ახალი მანქანაც კი მოიზიდავს უსიამოვნებებს. ეს რომ არ მოხდეს, არ გააფორმოთ მანქანა და მისი სალონი ჩონჩხებითა და თავის ქალებით, არ დაკიდოთ მინაზე ეგზოტიკური სათამაშოები და თოჯინები. თუ ავტომობილს გაებზარა ან გაუტყდა მინა, არ ღირს მისი მოხმარება მანამ, სანამ არ შეაკეთებთ ხარვეზს.
აი, კვარცის კრისტალი კი ნამდვილად დაიცავს თქვენს ავტომანქანას გატაცებისა და საგზაო შემთხვევებისგან, მაგრამ ეს ამულეტი, ჯობია შეინახოთ მანქანის უჯრაში ან ისეთ ადგილას, სადაც მას უცხო თვალი ვერ დაინახავს.
ასევე, სხვადასხვა სახის უსიამოვნებებისაგან დაგიცავთ ნიორი ან რაიმე წითელი ფერის ნივთი.
თქვენი ავტომანქანით არ მოახდინოთ ცხოველის ლეშის გადატანა. ასევე მოერიდეთ მანქანით მგზავრობას ქარიშხალში. ეს არა მარტო ავტომობილს დააზიანებს, არამედ თქვენს ცხოვრებაშიც შემოიტანს ქაოსს.
რაიმე ხალხური ამულეტების გარდა, ავტომობილის მორთვა ფენ-შუის თილისმითაც შეიძლება. მანქანისათვის ყველაზე კარგი თილისმაა - კუ. ის ასახავს თუნდაც ნელ, მაგრამ წინ მოძრაობას. ფენ-შუიში და მთლიანად ჩინეთის კულტურაში ბევრი სხვადასხვა სიმბოლიკაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ.

ავტომანქანის გამოშვებისა და შეძენის თარიღი



ფერისა და თილისმის შერჩევის გარდა, ასევე საჭიროა სწორად გავაანალიზოთ თარიღი, თუ როდისაა იგი გამოშვებული და როდის უნდა შევიძინოთ. მანქანები, რომლებიც გამოშვებულია არასასიკეთო დღეებში, ძალიან ხშირად ხვდებიან საგზაო შემთხვევებში და იზიდავენ პოლიციის წარმომადგენლებს. ეს რომ არ მოუვიდეს თქვენს „რკინის მეგობარს“, ამისათვის საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ბედნიერი დღე მისი შეძენისათვის და ასევე ბედნიერი პირველი მგზავრობის მიმართულება. ბედნიერ დღეს შეძენილ ავტომანქანას ცოტათი განსხვავებული ენერგეტიკა აქვს და, ის კარგად ერწყმის პატრონის ენერგეტიკას. შედეგად კი, მანქანა და მისი მფლობელი ერთმანეთის მიმართ ჰარმონიულნი ხდებიან.
ბედნიერი პირველი მიმართულება ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია მანქანის ყიდვისას. თუ პირველი მგზავრობისას თქვენ გადაადგილდებით თქვენთვის სასიამოვნო მიმართულებით, შესაბამისად, თქვენი მგზავრობა, განწყობა და ხასიათი იქნება მაღალ დონეზე.
თუ თქვენ ემზადებით შორი მოგზაურობისთვის, სასურველია ამ საქმის დასაწყებად შეარჩიოთ ბედნიერი დღე. ასეთ შემთხვევაში, მოგზაურობა მოგიტანთ ბევრად უფრო კარგ შთაბეჭდილებას, მანქანა არ დაზიანდება და პოლიციასთან შეხვედრის ალბათობაც ნაკლები იქნება.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: თუ თქვენ საკუთარი სახლის მფლობელი ხართ, ეზოში შესვლისას მანქანა არასოდეს არ დააყენოთ ფარებით სახლისკენ. ამის გაკეთება კატეგორიულად იკრძალება, რადგან ამ შემთხვევაში, მანქანა ხდება საფრთხის სიმბოლო და ცუდად მოქმედებს თქვენს სახლზე. ყველაფერი ზემოთ თქმულის გარდა, ავტომობილის მიმართ სასიკეთო ფენ-შუის გამოყენება, პირველ რიგში, თქვენს „რკინის მეგობართან“ კარგი ურთიერთობით უნდა დაიწყოთ, რაც არ უნდა სულელურად სასაცილოთ ჟღერდეს ეს. ფენ-შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მანქანა „ცოცხალი“ ნივთია და მას შესაბამისად უნდა მოვეპყრათ. უთხარით ხოლმე თქვენს მანქანას კომპლიმენტები, მოეფერეთ მას ძრავის სახურავსა და ინსტრუმენტების პანელზე და ის აუცილებლად გიპასუხებთ მადლიერებითა და კეთილგანწყობით.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

სიყვარულის ფორმულა, მისი იდუმალი წარმომავლობა და გამოვლინება მატერიაში

Guide to cats and kittens