» » ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)
ბიოენერგეტიკა / ინტერვიუ

ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)

ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)























ესაუბრება: old_man

როგორც გახსოვთ, წინა ინტერვიუ გვქონდა ადამიანთან, რომელიც ენერგეტიკულ დონეზე ხედავს დაავადებებს. გარკვეულწილად, თემას ვაგრძელებთ. წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია ბიოენერგეტიკით და საფუძვლიანად აქვს შესწავლილი დაავადებების წარმოშობის მიზეზები. ის არ არის არც მკურნალი და არც მეცნიერი. ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც საკუთარი ავადმყოფობის დროს, როცა ექიმები და ტრადიციული მედიცინა ვერაფრით დაეხმარნენ, გაეცნო ცნობილი რუსი ბიოენერგეტიკოსის სერგეი ლაზარევის ნაშრომებს, რამაც მისი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა. აღმოაჩინა, რომ ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ამის წყალობით თავიც განიკურნა.



ნიკა, მოკლედ აუხსენი მკითხველს თუ რა არის ბიოენერგეტიკა და სერგეი ლაზარევის შესახებაც გვიამბე.

- ბიოენერგეტიკა არის სულიერი კანონზომიერებების შესწავლა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. სერგეი ლაზარევი ამ სფეროს გამორჩეული მკვლევარია, რომელმაც თავისი ექსტრასენსორული შესაძლებლობები ადამიანის დაავადებების კვლევას მიუძღვნა. ზოგადად, ექსტრასენსები მუშაობენ ადამიანის დაავადებების შედეგის მოსპობაზე, მათი გამომწვევ მიზეზს კი არ ითვალისწინებენ. ლაზარევმა მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად აღმოაჩინა, რომ ზედაპირულად მოშორებული დაავადების განკურნება საფუძვლიანად არ ხდება.

- რას გულისხმობ საფუძვლიან განკურნებაში? ასევე, ავადმყოფობის წარმოშობის სულიერ ასპექტებზეც გვესაუბრე.

ავადმყოფობის საფუძვლიან განკურნებაში იგულისხმება მის გამომწვევ ენერგეტიკულ მიზეზების არსში გარკვევა და მათზე ზემოქმედებით დაავადების ფიზიკურ დონეზეც დამარცხება. ავადმყოფობის პირველწყაროში არ იგულისხმება ორგანიზმის ფუნქციების მოშლა, რისი მარტივად დადგენა შესაძლებელია თანამედროვე მედიცინის დახმარებით. ავადმყოფობა ჩნდება სტრესული სიტუაციების მიმართ არასწორი დამოკიდებულების შედეგად. ანუ, აქ იგულისხმება, რომ მისი წარმოშობის მიზეზი ენერგო-ინფორმაციულია. სწორედ ამ ენერგო-ინფორმაციული კანონზომიერების კვლევით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის სულიერ ასპექტებზე. ნებისმიერი დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ადამიანმა არ იცის ეს სულიერი კანონზომიერებანი. ისინი კი მუდმივად ზემოქმედებენ მასზე მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ამის.

ბიოენერგეტიკის რა კანონზომიერებები უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ მძიმე ავადმყოფობები?

- ცხოვრების განმავლობაში ადამიანი აწყდება მისთვის არასასურველ სიტუაციებს. მათზე რეაგირებისას კი უჩნდება სხვადასხვა სახის ნეგატიური ემოციები, რაც ღრმად აღწევს მის ქვეცნობიერში. ქვეცნობიერი კი ლაზარევის განმარტებით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულთან. იქ მოხვედრილი დიდი რაოდენობით ნეგატიური ემოცია აბინძურებს მას. რომ არ გაგრძელდეს სულის ეს დამანგრეველი პროცესი, ფიზიკურ დონეზე ხდება მისი ბლოკირება ავადმყოფობის სახით. აქედან გამომდინარე, დაავადება არ უნდა აღვიქვათ როგორც სასჯელი ან უბედურება. სინამდვილეში, ის არის გაფრთხილება, რომ ჩვენს მთავარ სტრუქტურას – სულს აქვს არასწორი ორიენტირები და რომ ჩვენში რაღაც უნდა შევცვალოთ.

შეგიძლია ჩამოგვითვალო თუ რა ემოციებია ყველაზე საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

- ადამიანის ქვეცნობიერი, ანუ სული, გარკვეულწილად დაცულია ნეგატიური ზემოქმედებისგან. მასში მხოლოდ ის ემოციები აღწევს, რაც ხშირად განმეორებადია. პირველ რიგში, ასეთი ტიპის ემოციებს განეკუთვნება ახლობელი და ოჯახის წევრების მიმართ განცდილი წყენა და განკითხვა, რადგან მათთვის ჩვენი ქვეცნობიერი ყველაზე მეტად არის გახსნილი. მათ მიმართ განცდილი ნეგატიური ემოციები უფრო სწრაფად და ღრმად აღწევენ ჩვენს სულში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამგვარი დესტრუქციული პროცესი არ ბლოკირდება მხოლოდ ფიზიკურ დონეზე გამოვლენილი დაავადებებით. ჩვენი სული არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ სხეულს, ის პასუხს აგებს ასევე ჩვენს ბედსა და ჩვენი შთამომავლობის მომავალზეც. ამაზე მინიშნებები გვხვდება არაერთ რელიგიურ მიმდინარეობასა თუ წმინდა წერილში. ლაზარევის დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა რელიგიებში მომოფანტული სამყაროს უნივერსალური კანონები ჩამოაყალიბა ერთ სისტემად, რაც საკუთარ თავზე მუშაობისთვის უფრო კარგად აღსაქმელია ვიდრე რელიგიებში მოცემული სიმბოლური განმარტებანი. როდესაც კონკრეტულად იცი და ნათლად ხედავ ნეგატიური ემოციები თუ რა დამანგრეველ გავლენას ახდენს შენზე, აღარ გჭირდება სხვისი ქადაგებები.

მოდი, ახლა კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ. ვისაუბროთ განკურნების მეთოდებზე. როგორც ვიცი, ლაზარევის სისტემის ეფექტურობა შენს თავზე გამოსცადე.

- დიახ ასეა. ჩემი მონათხრობი არ არის მხოლოდ ლაზარევის წიგნების წაკითხვით მიღებული თეორიული ინფორმაცია. მისი მეშვეობით შესწავლილი სულიერი კანონები დამეხმარა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ნეგატიური მოვლენები სწორად გამეაზრებინა და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან სრულიად ახლებური მსოფლმხედველობით გამოვსულიყავი.

სანამ ამ ყველაფრით დავინტერესდებოდი, მეც, როგორც სხვა უამრავი ადამიანი, არ ვაქცევდი ყურადღებას იმ მინიშნებებს ცხოვრებაში რომ მხვდებოდა და რომლებიც ჩემს არასწორ გზაზე მიმითითებდნენ. ეს იყო გაუაზრებელი ნეგატიური ემოციები, მათ შორის: სხვების ქედმაღლური განსჯა, გარესამყაროს მუდმივი კრიტიკა და ჩემი მოლოდინების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში განცდილი ღრმა ნეგატიური განცდები. შეუმჩნევლად, სულ უფრო და უფრო, ღრმად ვიბინძურებდი საკუთარ სულს. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი სული ისეთივე კავშირშია მთელ სამყაროსთან როგორც ადამიანის ერთი უჯრედი მთელ ორგანიზმთან. ვემსგავსებოდი კიბოს უჯრედს, რომელიც მუშაობს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის და დაავიწყებული აქვს, რომ მთავარი ის ორგანიზმია, რომლის განუყოფელი ნაწილიც თვითონ არის. ასეთ შემთხვევაში კი სამყაროსგან ხდება ადამიანის შეჩერება სხეულის დაავადების სახით.

უფრო კონკრეტულად, რა შეგემთხვა?

- ჩემს შემთხვევაში, ეს ზაფხულში დასასვენებლად ყოფნის დროს მზეზე ძლიერი დაწვით დაიწყო, რასაც სერიოზული გართულება მოყვა. სახეზე კანის შეშუპებამ იმდენად გაამწვავა მდგომარეობა, რომ გარეთ გასვლასაც ვერიდებოდი. როდესაც ტრადიციული მეთოდებით ექიმები ვერაფერს გახდნენ და გაუმჯობესებული მდგომარეობა გარკვეული დროის შემდეგ ისევ უარესდებოდა, მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ექიმები სინამდვილეში მკურნალობენ ვითომდა შემთხვევითობით გამოწვეულ შედეგს და არც კი უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ ის სათავეს სულ სხვაგან იღებს. ცდილობდნენ ჩემთვის მოეშორებინათ ის ‘’უბედურება’’, რაც სინამდვილეში მხოლოდ ბლოკირება იყო რაღაც უფრო დიდის, არასწორი მიმართულებისა. აქედან გამოსავლის იმედი მხოლოდ ამ პირველწყაროს უფრო ღრმად გააზრების შემთხვევაში შეიძლება მქონოდა. სწორედ მაშინ მოვკიდე ხელი ‘’კარმის დიაგნოსტიკის’’ 12 წიგნს, სადაც სერგეი ლაზარევი, 1993 წლიდან მოყოლებული, პაციენტების კონკრეტული მაგალითების განხილვით, ადამიანებს არასწორი მსოფმხედველობით გამოწვეულ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. აქ რა თქმა უნდა, არ დავიწყებ ამაზე კონკრეტულად საუბარს. იმდენად ღრმა ინფორმაციაა, რომ ამ ინტერვიუს ფარგლებში ეს შეუძლებელიც არის. მოკლედ გეტყვით, რომ ნელ-ნელ შევცვალე ჩემი მსოფლმხედველობა, წარსულის სიტუაციების მრავალჯერადი სწორად გავლით და მათდამი ჩემი დამოკიდებულების შეცვლით (რისი კონკრეტული მექანიზმიც წიგნებში კარგად არის ახსნილი). ასევე, დაახლოებით 3 თვეზე მეტ ხანს, სისტემიდან გამომდინარე გარკვეული ასკეზური მეთოდების გამოყენებით, შევძელი ჩემი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემეცვალა და გამოვჯანმრთელებულიყავი.

როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა, რომ ტრადიციულმა მედიცინამ ბიოენერგეტიკის პრინციპების გათვალისწინება მოახერხოს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავზე მუშაობის დროს არ მიმიმართავს ტრადიციული მედიცინისათვის, მაინც არ მინდა ეს ინტერვიუ აღქმული იქნას როგორც ბიოენერგეტიკით მის სრულად ჩანაცვლების სურვილად და ექიმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების პროპაგანდად. ჩემი მიზანია მკითხველებს მივაწოდო ინფორმაცია იმ მეთოდზე, რომელიც დაავადებების სულიერ საწყისს იკვლევს და გამოჯანმრთელების პროცესში არა მარტო სხეულს, არამედ ყოველგვარი მიზეზის სათავეს და ადამიანის სულსაც აქცევს ყურადღებას. ამ მიზეზ-შედეგობრიობის გათვალისწინების გარეშე, ადამიანი მთელ ცხოვრებას საკუთარი პრობლემების მხოლოდ ზედაპირულ გამოვლინებასთან ბრძოლაში გაატარებს.

დიდი მადლობა, ნიკა. შენც აღნიშნე და მეც დაგეთანხმები, რომ ლაზარევის სისტემა და ბიოენერგეტიკა ზოგადად ისეთი თემაა, რომ ძნელია ერთ ინტერვიუში მის ყველა ასპექტს შეეხო. ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ თემის განხილვას სხვა ფორმატში გავაგრძელებთ, თუნდაც შეხვედრების, ლექციების სახით.

- გმადლობთ, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და ისიც მიხარია, რომ გინდათ ეს ეფექტური სისტემა ფართო აუდიტორიას გააცნოთ. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები თუ ჩვენს საუბარს სხვა ფორმატშიც გავაგრძელებთ
www.axaliera.comскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens