» » რიცხვი 6 - სიყვარული თუ არჩევანი
ეზოთერიკა / ნუმეროლოგია / Slide

რიცხვი 6 - სიყვარული თუ არჩევანი

ჩემო მეგობარო, ახლა კი მინდა რიცხვი ექვსის (6) შესახებ გესაუბრო. უძველესი წარმოდგენების მიხედვით ეს რიცხვი ჰარმონიისა და ესთეტიზმის სიმბოლოა. ფიზიკურ სივრცეში ის სილამაზეს, სიყვარულსა და არჩევანს ასახავს.
სიყვარულზე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე ეს პავლე მოციქულის პირველ წერილშია კორინთელთა მიმართ:
„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს“.
შეუძლებელია, ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ქალი და ზოგადად ადამიანი არ გიყვარდეს; გიყვარდეს ადამიანი და სამყარო არ გიყვარდეს. ბოროტების საფუძველი უსიყვარულობაა,.. განა ქართველმა კაცმა არა თქვა: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“-ო. და სწორედ ამ ბოროტების - უსიყვარულობის შედეგია, რომ საუკუნეებით დღემდე მოტანილი, მრავალჭირგამოვლილი ქვეყანა თავზე გვენგრევა. პოლიტიკაში მოსული ერთი მუჭა უნიჭო მიზანთროპ-სოციოპატების ბოროტ ამბიციებს ეწირება ქართველი საზოგადოება.
ახლა უკვე, ჩემო მეგობარო, ვგრძნობ ძალიან გადავაჭერი პოლიტიკაში და გავჩერდები, რადგან ჩემი მიზანი პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.
დავუბრუნდები რიცხვ ექვსს, როგორც თავისუფალ არჩევანს.
არჩევანი ცხოვრების თანმდევი და მახასიათებელი ელემენტია. მუდმივად ვირჩევთ სიკეთეს ან ბოროტებას, მარჯვნივ ან მარცხნივ, კარგს ან უკეთესს, ლამაზს ან მახინჯს, სულიერ ან მატერიალურ სიმდიდრეს, ტკბილს ან მწარეს, და ასე უსასრულოდ. მსოფლიოს, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ხალხთა ზღაპრებშიც კი, გმირი გზის გასაყართან დგება და არჩევანს აკეთებს. არჩევანი კი ყოველთვის ისეთია, როგორიც ამ არჩევანის გამკეთებელი ადამიანი. განა ტყუილად გვასწავლიდა დიდი შოთა: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“-ო.
ძირითადად ვირჩევთ გრძნობის ორგანოებითა და ემოციით. მაგრამ ხდება, რომ არჩევანში გონებაც ჩაერთვება და ...
ვირჩევთ „ლამაზს“, რადგან ნათქვამია „თვალი სჭამს და თვალი სვამსო“. მაგრამ, თუკი ჩაერთო გონება, ვიწყებთ ანალიზს, სილამაზე ხომ სუბიექტური ცნებაა და ერთი შეხედვით „ნაკლებ ლამაზი“ შესაძლებელია თავისი შინაარსით ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, და „ლამაზი“ ფუტლიარის შიგნით აბსოლუტურ სიცარიელეს აღმოვაჩენთ.
ვირჩევთ სურნელოვანს და შესაძლებელია, არცთუ სურნელოვანის შიგნით ბევრად უფრო მეტი სასარგებლო თვისებები აღმოვაჩინოთ.
ვირჩევთ გემრიელს და წამალი, შვებას რომ ჰგვრის ჩვენს ორგანიზმს, არცთუ ისე გემრიელია.
და ასე უსასრულოდ.
არჩევანს უპირატესად განსაზღვრავს გარე სამყაროსთან ჩვენი დამოკიდებულება.
რიცხვი ექვსის ძირითადი კომბინაციებია: 15, 24, 33, 42 და 51. განვიხილოთ ეს რიცხვები ცალ-ცალკე:
15 - ნებისმიერ სივრცეში სიცოცხლის შექმნისთვის (5) ერთიანი (განუყოფელი) ნებაა (რწმენაა) (1) საკმარისი პირობა: ჯერ იდეა იბადება მენტალურ სივრცეში, შემდეგ ეს იდეა იღებს ფორმას (სტრუქტურირდება) ასტრალში და შემდეგ იგი ხორციელდება (აღსრულდება) ფიზიკურ სივრცეში, და მთელი ეს პროცესი ძლიერი, ურყევი, კონცენტრირებული ნების (რწმენის) თანხლებით მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითია „ახალ აღქმა“-ში: (კეთროვანმა) „ დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. (იესომ) გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმინდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი“ /ლუკა 5.(12,13)/.
24 - ცოდნა (2) განსაზღვრავს თავისუფალ არჩევანს. თუკი გაქვს ცოდნა ამა თუ იმ საგნებისა ან მოვლენების შესახებ, არჩევანის გაკეთება მათ შორის სირთულეს არ წარმოადგენს.
33 - იდეა (3) იზიდავს სხვა ანალოგიურ იდეას (3). მეტაფიზიკაში ფართოდ აღიარებული მიზიდულობის კანონის თანახმად, როგორი იდეებითა და სურვილებითაცაა შეპყრობილი ჩვენი შინაგანი სამყარო, ანალოგიური იდეები და მოვლენები კონცენტრირდება ჩვენს გარემოში. არაფერი ხდება არც ჩვენში არც ჩვენს გარემოში ჩვენი თანხმობის გარეშე, თუმცა, ხშირად ეს თანხმობა გააზრებული არცა გვაქვს.
42 - ავტორიტეტი (4) განსაზღვრავს თავისუფალი არჩევანის კეთებას. ავტორიტეტი, ფორმა (4) გარკვეული ჩარჩოა, და ამ ჩარჩოს შეიძლება ერქვას კანონი, ტრადიცია, რელიგია და ა. შ. ინდივიდუალური თავისუფლების საზღვრები სწორედ ინდივიდის მიერ შერჩეული ჩარჩოს კიდეებზე გადის და არჩევანის შესაძლებლობაც ამ საზღვრებს შიგნით ხვდება.
51 - სიცოცხლე (5), რომელიც ჰქმნის ნების (1) გამომვლენ ინდივიდს, მოკლედ, ადამიანს მთელი თავისი რაობით.
დიახ, ჩემო მეგობარო, საოცარია ადამიანის ბუნება, უსაზღვრო და ამოუცნობი, მუდმივად ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილ ელემენტებს შორის მოქანავე. ასევე საოცარია ადამიანის არჩევანი, ამოუცნობი და მოულოდნელი. და სწორედ ასეთია ადამიანი საინტერესო. ის მუდმივად ანგრევს და აშენებს როგორც საკუთარ „მე“-ს, ასევე გარემოს. და ამ ნგრევა-შენებაში ვითარდება. მაგრამ როდემდე? ან სადამდე? ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ვარაუდი იქნება და ამიტომ თავს შევიკავებ.
და ისევ შოთას სიტყვებით დავამთავრებ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

მალხაზ გველუკაშვილი
2010 წ. გლდანის საპყრობილე
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens