DataLife Engine / გიორგი გურჯიევი-ადამიანთა სულის მექანიკოსი

გიორგი გურჯიევი-ადამიანთა სულის მექანიკოსი

გიორგი გურჯიევი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და მისტიური ფიგურა, ადამიანი განსაკუთრებული შესაძლებლობებით. მის სახელს უკავშირდება არაერთი ჭორი თუ ლეგენდა. გურჯიევის სწავლება დღესაც პოპულარულია ადამიანთა იმ ვიწრო წრეებში, რომელთა ცხოვრების კრედო ერთი უძველესი ბერძნული აფორიზმით შეიძლება გამოიხატოს: “შეიცან თავი შენი”.
გიორგი გურჯიევზე ბიოგრაფული ცნობები ძალზედ მწირი და წინააღმდეგობრივია. თუმცა ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი მის მიერ შექმნილი მოძღვრებაა, სადაც უმთავრეს ცნებად შეიძლება თვითდაკვირვება მივიჩნიოთ. გურჯიევმა განავითარა სულიერი სისტემა, სადაც ადამიანი განხილულია როგორც მექანიზმი, რომელიც იმართება და განუწყვეტლივ განიცდის გარემო-პირობების ზეგავლენას, თუ მასში არ არის მუდმივი შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში თავს არ კარგავს, საკუთარ ინსტიქტებს და გაუცნობიერებლად მოსულ ათასგვარ სურვილს ავტომატურად არ ემორჩილება. როდესაც დამკვირვებელი არ არსებობს, ადამიანში წარმოიქმნება უამრავი სხვადასხვა “მე”, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და საკუთარი თავისუფალი ნებით ხელს უწყობენ, რომ ადამიანი ერთიან პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს. აიძულებენ, რომ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე მექანიკურ რეაგირებაში მყოფ მანქანად დარჩეს.
გურჯიევი ადამიანებს ყოფდა ორ ჯგუფად - მმართველებად და მართვადებად. ეს დაყოფა ეფუძნებოდა საკუთარი ემოციონალურ-ფსიქიკური გამოვლინებების გაცნობიერებულად მართვას ან მასზე კონტროლის სრულებით არქონას. მისი აზრით, ადამიანთა უმრავლესობა მთლიანად მართვად ფენას განეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეს მხოლოდ გარეგან გამღიზიანებლებზე მექანიკურ-ემოციონალურ რეაგირებაში ატარებს. ამიტომაც მუდმივი შინაგანი დამკვირვებელის, ანუ საკუთარი თავის მუდმივი ხსოვნის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ის მხოლოდ მექანიზმია, რომელიც შეიძლება როგორც დაპროგრამდეს, ასევე მოხდეს მისი დეპროგრამირება ნებისმიერი მიმართულებით.
ადამიანი მანქანად დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც ამის გაცნობიერებისთვის დასჭირდება. როდესაც იგი სულ მცირედით მაინც დაეჭვდება თუ რაოდენ მართვადია, რაოდენ დამორჩილებული, როგორც მისი შინაგანი სამყაროს მიერ, ასევე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაღვივდეს ის ნაპერწკალი, რითაც მოახერხებს ამ გაუცნობიერებელი მექნიკურობის წრიდან თავის დაღწევას. გიორგი გურჯიევი: “პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენში შევისწავლოთ ეს მექანიკურობა, ხოლო როდესაც მანქანა იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, ის უკვე მანქანა აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთივე მანქანა, როგორიც ამ მომენტამდე იყო. აქედან იწყება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მოქმედებებზე”. წინააღმდეგ შემთხვევაში კი: “ადამიანი სამუდამოდ იქნება მონა და სათამაშო მასზე მოქმედი სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისა”.
მის სისტემაში პრაქტიკული მხარე უკავია ადამიანისთვის უსიამოვნო და რთული სიტუაციების თავის არ არიდებას და როგორც ის უწოდებდა, ამ ყველაფრის სამუშაოდ ქცევას (ანუ სიტუაციების გავლას დამკვირვებლის შენარჩუნებით). გიორგი გურჯიევი: “თუ ადამიანი ცხოვრობს ყოველგვარი შინაგანი ბრძოლის გარეშე, მიდის იქ, საითკენაც ქარი დაუბერავს და თუ მისგან სრულიად დამოუკიდებელი ემოციები ექაჩებიან, ის ვერასოდეს შეიცვლება”.
რთული და ადამიანისთვის არასასიამოვნო სიტუაციების ცნობიერად გავლას მის სისტემაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მნიშვნელობა აქვს, რაც ადამიანში სულის გამომუშავების ორიგინალურ კონცეფციას უკავშირდება. გურჯიევის აზრით, ისეთ მექანიკურ მოწყობილობას, რომელსაც ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ, არანაირი სული არ გააჩნია და ცნობიერი ადამიანის მთელი სიცოცხლეც სწორედ მის მოსაპოვებლად უნდა იყოს მიმართული.
გიორგი გურჯიევი: “ნახევრად ძილში მყოფ ადამიანთა შორის ძალზედ გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აქვთ რაღაც, რაც შეიძლება სიკვდილის შემდეგაც დარჩეს და ამას უწოდებენ სულს. ესეც ერთ-ერთი ილუზიაა, რითაც საკუთარ ძილს უფრო მეტად კომფორტულს ხდიან. რეალურად კი ისეთი დიდი მოვლენა, რომელსაც შეიძლება სული ვუწოდოთ, შეიძლება გამომუშავდეს ყოველდღიურად გაცნობიერებული ცხოვრებით და საკუთარ მექანიკურობასთან ბრძოლით”.
იგი ამბობდა, რომ სანამ სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების შენარჩუნებამდე მივალთ, ჯერ ამ ცხოვრებაში ადამიანისთვის მატრავმირებელი სიტუაციების დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამისთვის საჭიროდ თვლიდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია მის მოსწავლეებს შინაგან სამუშაოდ გადაექციათ. მისი აზრით, ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სწორედ ამიტომ მოითხოვდა სიძნელეებთან ცნობიერად მუშაობას.
 გიორგი გურჯიევი: “ექსტრემალური სიტუაციები და მათი დაძლევისთვის ცნობიერად გაწეული ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენში გაჩნდეს იმაზე უფრო ნატიფი სხეული, ვიდრე ახლა გაქვთ. ადამიანი კი ისეთი ზარმაცია, რომ ამის გარეშე ვერანაირად ვერ მიაღწევს იმ შინაგან ინტენსივობას, რასაც თქვენში უამრავ სხვადასხვა “მე”-სგან ერთი ურყევი “მე”-ს, ანუ სულის წარმოქმნა შეეძლება. სწორედ ამიტომ, მადლობა უთხარით ყველა იმ ადამიანს თუ სიტუაციას, რომელიც თქვენს ჩვეულ ნახევრად ძილის მდგომარეობას არღვევს და საშუალებას გაძლევთ მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევება დაიწყოთ”.
და ბოლოს, ჩვენს სტატიას გასული საუკუნის ამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეზოთერიკოსის შესახებ, მისივე ფარული შრიფტით დაწერილი რამდენიმე აფორიზმით (რისი გაშიფვრაც გურჯიევის მოსწავლეებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხეს) დავასრულებთ:
“როდესაც არსება ცნობიერებით შენზე მაღლა დგას, ყოველთვის პატივისცემით მოეპყარი და თუ ხვდები, რომ ის შენზე დაბლაა, იყავი მასთან სამართლიანი, რადგან როდესღაც, ცნობიერების საფეხურზე შენც იგივე ადგილი გეჭირა”.
“სული, ეს არის ფუფუნება, რომელიც უნდა დაიმსახურო. ბოლომდე მზა სულით ჯერ არავინ დაბადებულა”.
“არსებობს განსაცდელის გავლის ორი გზა. პირველი _ გაუცნობიერებელი, როდესაც მთლიანად განსაცდელი ხარ და მეორე _ ცნობიერი, როდესაც შინაგან დამკვირვებელს არასდროს კარგავ. პირველს მივყავართ ჯოჯოხეთში, მეორეს კი ანგელოზებთან”.


სტატიის ავტორი: ნიკოლოზ ჩიხლაძე
скачать dle 11.3
17-01-2014, 22:28
Вернуться назад