DataLife Engine / მედიტაციის არსი- ოშო

მედიტაციის არსი- ოშო

მედიტაციის არსი- ოშო
ტერმინ მედიტაციას უკავშირდება უამრავი მითი და ლეგენდა. ასობით ოსტატი, მასწავლებელი თუ ინსტრუქტორი რაღაცით საერთო და ამავდროულად რაღაცით განსხვავებულ განმარტებებს იძლევიან კითხვაზე _ რა არის მედიტაცია? ხოლო თუ დავუკვირდებით ადამიანთა უმრავლესობას, დავინახავთ, რომ ამ საკითხისადმი ყურადღების დიდი ნაწილი გადატანილია ინტერნეტისკენ, სხვადასხვა ფორუმისა თუ ბლოგისკენ. იმართება დისკუსიები სიცარიელეზე, გონების მდგომარეობაზე, თუ როგორ უნდა იყო “აქ და ახლა”. მაგრამ ცალსახა და ამომწურავი პასუხები არ არსებობს. ნებისმიერი განმარტება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს და ეს პროცესიც უსასრულოდ გრძელდება.
საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, მედიტაცია ასოცირდება აღმოსავლურ რელიგიებთან, მაგრამ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული რელიგიის ან ხალხის იდეოლოგია. მართალია აღმოსავლეთში ფლობენ სხვადასხვა მედიტაციურ ტექნიკებს, მაგრამ როგორც ასეთი, მედიტაცია თავისი არსით ადამიანის გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნას აღნიშნავს, იქნება ეს უბრალოდ ყოველდღიური საქმიანობა, თუ გონებრივი ან ფიზიკური სამუშაო. ამ საკითხთან დაკავშირებით კარგ განმარტებას აკეთებს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოაზროვნე და მისტიკოსი ოშო რაჯნეში.


ოშო: მსჯელობა მედიტაციის შესახებ (ნაწყვეტი)
“მედიტაცია – ესაა საიდუმლო, რომელსაც შეიძლება დავარქვათ მეცნიერება, ხელოვნება ან ხრიკი ისე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.
ერთი მხრივ, მედიტაცია მეცნიერებაა, რადგან არსებობს მედიტაციის ზუსტი ტექნიკა, რომელიც აუცილებელია შეასრულოთ ისე, როგორც მითითებულია. როგორც აქსიომა. მაგრამ მეორე მხრივ, მედიტაცია _ ეს არის ხელოვნება. მეცნიერება კი გონების გაგრძელება, მათემატიკაა. ის ხომ ლოგიკური და რაციონალურია. ხოლო მედიტაცია ეკუთვნის გულს და არა გონის სფეროს. ეს არ არის ლოგიკა და უფრო სიყვარულთანაა ახლოს. ის არ ჰგავს რომელიმე მეცნიერულ საქმიანობას, უფრო გვაგონებს ცეკვას, მხატვრობას, პოეზიას. შესაბამისად, მას შეგვიძლია ხელოვნება ვუწოდოთ.
თუმცაღა მედიტაცია იმდენად იდუმალია, რომ მას ვერ ამოწურავს ტერმინები _ მეცნიერება და ხელოვნება. მედიტაცია – ეს არ არის ისეთი რამ, რითიც დილით დაკავდებით და ამით მორჩება. მედიტაცია არის ის, რითიც უნდა იცხოვროთ თქვენი სიცოცხლის ყოველი წამი.
თუ ყოველდღიურ ცხოვრებას არ იყენებთ როგორც მედიტაციის მეთოდს, მაშინ ასეთი მედიტაცია ყოველდღიურობიდან გაქცევის მცდელობად გადაიქცევა.
ქმედება, როდესაც თქვენ ზიხართ სახით აღმოსავლეთით, იმეორებთ გარკვეულ მანტრებს ან ლოცვებს, წვავთ კეთილსურნელებას, აკეთებთ იმას, აკეთებთ ამას გარკვეული დროის ინტერვალებით, განსაკუთრებული სახით და განსაკუთრებული ჟესტებით _ მედიტაციას ამ ყოველივე ზემოთჩამოთვლილთან საერთო არაფერი აქვს. ყოველივე ეს მიმართულია ავტომატურობისკენ, ხოლო მედიტაცია ავტომატურობის საწინააღმდეგოა. ასე რომ, თუ შეძლებთ გაცნობიერების შენარჩუნებას, ნებისმიერი ქმედება მედიტაციად გადაიქცევა.
მედიტაცია, ეს თქვენი შინაგანი ბუნებაა, ის თქვენ ხართ. მას არაფერი აქვს საერთო თქვენს ქმედებებთან. თქვენ არ შეგიძლიათ ფლობდეთ ან არ ფლობდეთ მას. ის არაა ნივთი, ის ხართ თქვენ, თქვენი ბუნებაა.
მედიტაცია თავგადასავალია, უდიდესი თავგადასავალი, რაც ადამიანის გონებას შეუძლია განიცადოს. იმედიტირო ნიშნავს უბრალოდ იყო ისე, რომ არაფერი დაბადო – ემოციები, აზრები, მოქმედებები. თქვენ უბრალოდ ხართ და ეს არის უბიწო აღმაფრენა. მაშ საიდან მოდის ეს აღმაფრენა, თუ არაფერს აკეთებთ? ის წარმოიშობა არსაიდან, რამეთუ ის ყველგანაა. მას არ აქვს მიზეზი, რადგან არსებობა შექმნილია ნივთიერებისაგან, რომელსაც ეწოდება ბედნიერება.
მედიტაციის ტექნიკები ძალიან მარტივია და თქვენი გონებისათვის მიმზიდველი არ იქნება. დაიმახსოვრეთ: ის, რაც გონებას იზიდავს, სულიერი ზრდისთვის დამხმარე ვერ იქნება. ეს ტექნიკები იმდენად მარტივია, რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რის საშუალებაც ადამიანის გონებას აქვს ნებისმიერ წამს, როდესაც ის გადაწყვეტს ამის გაკეთებას.
სანამ რაიმე ტექნიკის შესრულებას დაიწყებთ, დარწმუნდით იმაში, რომ ზუსტად ჩასწვდით მის არსს. თუ თქვენ იმყოფებით გაურკვევლობაში და არ იცით რას წარმოადგენს ესა თუ ის ტექნიკა, ჯობს საერთოდ არ გააკეთოთ, რადგანაც ნებისმიერი ტექნიკის დანიშნულებაა თქვენში რევოლუცია მოახდინოს.
მედიტაციაში შეიძლება დახმარება გაგიწიოთ მოვლენებმა და არა ტექნიკებმა, თუნდაც ყველაზე კარგმა. ამის გამოა, რომ ყოველთვის იყო დაჟინებული მოთხოვნა ცოცხალი მასწავლებლის ყოლის აუცილებლობაზე. წიგნები გარდაუვლად იტყუებიან, მათ არ შეუძლიათ თქვენი შეცვლა, მათ არ შეუძლიათ შემოვიდნენ თქვენთან კონტაქტში, არ შეუძლიათ თქვენი შერყევა. დოქტრინები არ შეიძლება იყვნენ ცოცხლები. ამიტომაც იყო, რომ აღმოსავლეთი მუდმივად მოითხოვდა მასწავლებლის ფენომენის არსებობას და მოითხოვდა ზუსტად იმ მიზეზით, რომ მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია იყოს მოძრავი. მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
მილიონობით ადამიანს მედიტაცია არ გამოსდის, რადგან მას აღიქვამენ სრულიად სხვაგვარად. ის ეჩვენებათ ზედმეტად სერიოზულად და მოსაწყენად, თითქოს ის ატარებს თავისთავში რაღაც ეკლესიურს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებმაც მიიღეს სერიოზული სახე და დაივიწყეს დღესასწაული, ხუმრობა, მხიარულება, თამაში... აი, სინამდვილეში რა არის მედიტაციის ნიშნები: ჭეშმარიტ მედიტირებაში ადამიანი თამაშობს, სიცოცხლე მისთვის არის ხუმრობა, გართობა. სიცოცხლე მას ანიჭებს განუსაზღვრელ სიამოვნებას. ის არაა სერიოზული, ის მოდუნებულია.
მედიტაციის არსი- ოშო
მედიტატიური მდგომარეობა აქვთ მხოლოდ იმათ, ვინც ორიენტირებული არაა შედეგზე. მედიტაცია, ესაა მიზანზე არაორიენტირებული მდგომარეობა.
მედიტაცია მუდამ პასიურია, რადგან თვითონ მედიტაციის არსია პასიურობა. მას არ შეუძლია იყოს აქტიური, რადგან მისი ბუნება არის უმოქმედობა. თუ თქვენ რამეს აკეთებთ, თვითონ ეს კეთება არღვევს ყველაფერს. თვითონ თქვენი ქმედება, თქვენი აქტიურობა იწვევს აღგზნებას. უმოქმედობა არის მედიტაცია, მაგრამ როცა ვამბობ, რომ მედიტაცია არის უმოქმედობა, მე არ ვგულისხმობ, რომ არაფერი უნდა აკეთოთ. თვით უმოქმედობის მისაღწევადაც, საჭიროა ბევრი რამის გაკეთება! მაგრამ ეს ქმედება არ არის მედიტაცია, ეს მხოლოდ საყრდენია, ყავარჯენი. ყველა ქმედება არის ყავარჯენი, სანამ ისწავლით სიარულს და არა მედიტაციას.ჩემი გადმოსახედიდან, მედიტაცია შედგება ორი ეტაპისაგან: პირველი _ აქტიური (რომელიც სინამდვილეში არ არის მედიტაცია) და მეორე _ სრულიად არააქტიური (პასიური, დაკვირვება), რომელიც ნამდვილი მედიტაციაა. დაკვირვება მუდამ პასიურია და როგორც კი თქვენ ხდებით აქტიურები, კარგავთ დამკვირვებელს. იყოთ აქტიურები და თან შეინარჩუნოთ დამკვირვებელი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, როდესაც ცნობიერებამ მიაღწია იმ დონეს, რომ მედიტაცია უკვე საჭირო აღარაა.
არსებობს ცრუ ტექნიკები, რომელთა შესრულება გაცილებით მარტივია, ვიდრე ნამდვილი ტექნიკებისა. ისინი თქვენ არასოდეს მიგიყვანთ სადმე. თუ თქვენ გსურთ მხოლოდ განცდები, მარტივად გახდებით ცრუ ტექნიკების მსხვერპლი. ნამდვილი ტექნიკების მიზანი არ არის განცდები, როგორც ასეთი. მისი მიზანია – ზრდა. ჩნდება განცდებიც, მაგრამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი. მე მნიშვნელობას ვანიჭებ ზრდას და არა განცდებს.
ამაშია განსხვავება ნამდვილ და ცრუ მედიტაციურ ტექნიკებს შორის, იყენებთ რა ცრუ ტექნიკებს, თქვენ შეიძლება განიცადოთ რაიმე, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. ის მხოლოდ წამიერი გაელვებასავითაა. შესაძლოა თქვენ დაინახოთ ის წამი, გქონდეთ განცდები, მაგრამ შემდეგ კვლავ უკან ჩამოვარდებით, რადგან ჯერ პიროვნულად არ გაზრდილხართ, ხოლო გაზრდილი უკან ვერ ჩამოვარდებით”.
მედიტაციის არჩევა (ოშო)
“თავდაპირველად იპოვეთ ის, რაც თქვენთან ახლოსაა. მედიტაცია არ უნდა იყოს ძალდატანებითი. თუ ის ძალდატანებითია, თავიდანვე განწირულია. ძალდატანება ვერასოდეს მიგიყვანთ ბუნებრივობამდე. არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შექმნათ კონფლიქტი. ეს უნდა იქნას გაგებული, რადგანაც გონებას ბუნებრივად გააჩნია მდგომარეობა იმედიტიროს. თუ თქვენ ორიენტირებული ხართ სხეულზე, არსებობს მეთოდები, რომლებითაც შეძლებთ ჩასწვდეთ სამყაროს, რადგან ეს სხეულიც სამყაროს ეკუთვნის. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ორიენტირებული ხართ “გულზე”, მაშინ ლოცვა. თუ გრძნობთ, რომ ორიენტირებული ხართ გონებაზე, მაშინ მედიტაცია. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც აერთიანებს სამივე ტიპს.
მათში ჩადებულია ბევრი სხეულიდან, ბევრი გულიდან და ბევრი გონებიდან. სამივე მათგანი გაერთიანებულია ერთმანეთთან და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან სხვადასხვანაირად მოქმედებს. სხეული – გული - გონება: ყველა ეს მედიტაცია მიდის შემდეგი გზით: ისინი იწყებიან სხეულიდან, გაივლიან გულს, აღწევენ გონებას, ხოლო შემდეგ გადიან მის საზღვრებს მიღმა. ყოველთვის გახსოვდეთ: ის, რითიც სიამოვნებას იღებთ, აღწევს თქვენ შინაგანში. სიამოვნება ნიშნავს იმას, რომ ეს ტექნიკა თქვენ გადგებათ. მისი რითმი ემთხვევა თქვენსას და თქვენსა და მეთოდს შორის მყარდება ნატიფი ჰარმონია. რადგანაც იგრძნობთ, რომ იღებთ სიამოვნებას მეთოდით, ნუ იძუნწებთ, შედით მასში იმდენად, რამდენადაც შეძლებთ. რაც უფრო ხშირად აკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მიიღებთ სიამოვნებას. შეეშვით მეთოდს, როდესაც სიხარული გაქრება, რადგან მაშინ მისი სამუშაო დასრულებულია. ეძიეთ ახალი მეთოდი. არცერთ მეთოდს არ შეუძლია თქვენი მიზნამდე მიყვანა. მოგზაურობისას მოგიწევთ სხვადასხვა მატარებლის შეცვლა. გარკვეული მეთოდი მიგიყვანთ გარკვეულ მდგომარეობამდე. მის იქით ის უკვე უსარგებლოა, თავისი თავი მან უკვე ამოწურა. ასე რომ, გახსოვდეთ ორი რამ: როდესაც თქვენ იღებთ ამა თუ იმ მეთოდით სიამოვნებას, შეაღწიეთ მის სიღრმეებში, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არასოდეს არ გახდეთ მასზე დამოკიდებული, რადგანაც ოდესმე მოგიწევთ მისთვის თავის დანებება. თუ თქვენ ხდებით ძალიან დამოკიდებულნი, ის ემსგავსება ნარკოტიკს. მაშინ ვეღარ შეძლებთ მისთვის თავის დანებებას და ეს უკვე აღარ იქნება სიამოვნების მიღება. თქვენ ის აღარაფერს მოგცემთ, რადგანაც ეს იქნება უკვე ჩვევა. ამ შემთხვევაში, გაგრძელება უკვე წრეზე ტრიალს დაემსგავსება, მას უკვე აღარ შეეძლება თქვენი საზღვრებს მიღმა გაყვანა. დაე, კრიტერიუმი იყოს სიხარული. თუ სიხარული არის, განაგრძეთ, სიხარულის ბოლო წვეთამდე განაგრძეთ.”

ლაშა თოფურია
скачать dle 11.3
18-01-2014, 23:05
Вернуться назад