DataLife Engine / სიზმრის სამყაროში

სიზმრის სამყაროში


ადამიანებს ყველა დროში აინტერესებდათ სიზმრის ფენომენი. ძველ ებრაელებს სწამდათ, რომ სიზმრებს ღმერთი უგზავნიდა, რათა ისინი ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა. ძველ და ახალ აღთქმაში ხშირად არის ნახსენები წინასწარმეტყველების, მოციქულების და წმინდანების სიზმრები. იოსებს სწორედ სიზმარში გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა, რომ მარიამი სულიწმიდისგან იყო ორსულად და რომ ბავშვისთვის იესო უნდა დაერქმიათ. ისლამის დაამარსებელმა მუჰამედმა ასევე სიზმარში ანგელოზისგან შეიტყო, რომ ალაჰის მოციქული უნდა გამხდარიყო.
არაერთ გამოჩენილ ადამიანს - ფილოსოფოსს, მეცნიერსა თუ კომპოზიტორს შთაგონების წყარო სწორედ სიზმრიდან მიუღია. მათ შორისაა ცნობილი რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა მან სიზმარში ნახა. მანამდე, დიდი ხანი ცდილობდა ქიმიური ელემენტები მოწესრიგებული სისტემის სახით ჩამოეყალიბებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს, მრავალი უძილო ღამის შემდეგ, დაიძინა და..... ნათლად დაინახა თავისი ცხრილი!
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იყო მცდელობა, რომ შეეგროვებინათ სიზმრები, რომლებიც ამა თუ იმ მოვლენას წინასწარმეტყველებდნენ. ამისთვის ნიუ-იორკში სპეციალური ბიუროც კი გაიხსნა. ყოველდღიურად იწერდნენ ასობით სიზმარს, რაც ადამიანებს მომავალ კატასტროფებსა და ხელისუფლების ცვლილებებს აუწყებდა. 60 წლიანი მუშაობის შემდეგ ჩაატარეს სტატისტიკური ანალიზი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები გლობალურ ცვლილებებზე არც თუ ისე ბევრი იყო _ დაახლოებით 10 სიზმარი. თუმცა ბიუროში რეგისტრირებული სიზმრები, რომლებიც ადამიანთა პირად ცხოვრებას ეხებოდა, ხშირ შემთხვევაში მართლდებოდა.
მომავლის წინასწარმეტყველება ადამიანს შეუძლია, თუმცა დღეს ამას ყურადღება თითქმის არ ექცევა. ჩვენ ვიზრდებით იმ აზრით, რომ სიზმარი ეს არის რაღაც არარეალური, დღის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებების და ემოციების ნაზავი, ეშმაკეული ან სულაც უბრალო ფანტაზია. ეს წარმოდგენები განაპირობა მატერიალისტურმა ხანამ და მცდარმა რელიგიური წარმოდგენებმა. თუ გავიხსენებთ, ყველა ჩვენგანს გვინახავს ერთი წინასწარმეტყველური სიზმარი მაინც - ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ახლობლის გარდაცვალება თუ სხვა რამ. მაგრამ, როგორც წესი, ამას მალევე ვივიწყებთ და სიზმრის სამყაროს ისევ მისტიურ, შავ ფარდას ვაფარებთ. და მაინც, საიდან ჩნდება წინასწარმეტყველური სიზმრები? თუ ფიზიკურ სამყაროში რაღაც მოვლენა არ მოხდარა, მაგრამ მას სიზმარში ვნახულობთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი?
ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა სამყარო წარმოვიდგინოთ როგორც საერთო ენერგო-ინფორმაციული სივრცე. სანამ რაიმე მოვლენა ჩვენს სამყაროში მატერიალიზდება, ის მზა სახით წარმოიქნება ასტრალურ სამყაროში, რომელსაც პირობითად შეიძლება “სიზმრების სამყარო” ვუწოდოთ. ჩვენი ყოველი აზრი, სურვილი, მისწრაფება, ასტრალურ სამყაროში წარმოქმნის მოვლენების განვითარების ამა თუ იმ კონკრეტულ სცენარს და იზრდება ალბათობა იმისა, რომ ის ფიზიკურ სამყაროში მატერიალიზდეს. აქედან გამომდინარე, სიზმარში პირდაპირ ვუკავშირდებით ამ საერთო-ენერგო-ინფორმაციულ სივრცეს და ვნახულობთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს, საიდანაც ზოგი რამ ზუსტად ახდება ხოლმე და ზოგი რამ, რასაც შეიძლება ძალიან ველოდოთ, არც კი ახდეს, რადგან მას მატერიალურ სამყაროში შემდგომი ქმედებებით თავადვე შევუშალოთ ხელი.
სიზმრის სამყარო მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეცნობიერებასთან. მაგალითად, თუ გონებით, ლოგიკური აზროვნებით გვიჭირს რაიმე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ჩვენმა ქვეცნობიერებამ იცის გამოსავლის საუკეთესო გზა. პასუხს სიზმრიდან მივიღებთ, თუ დღის განმავლობაში ჩვენს ქვეცნობიერს ამას ვთხოვთ. გაღვიძებულს პასუხი გვეცოდინება, რაც შეიძლება გონებას არარეალურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ გზამ მართლაც სამშვიდობოს გაგვიყვანა.
























გაცნობიერებული (ლუციდური) სიზმრები
ახლა კი გვინდა შევეხოთ გაცნობიერებულ სიზმრის ფენომენს. ბოლოს დროს ძალიან პოპულარულია მხატვრული ფილმი “დასაწყისი” (Iნცეპტიონ), რაც გაცნობიერებული სიზმრის მოტივებზეა აგებული და სულაც არ არის მისი შემქმნელების მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი. გაცნობიერებული სიზმარი - ეს არის მოვლენა, როდესაც სიზმარში “ვიღვიძებთ”, ანუ როდესაც ვხვდებით, რომ გვძინავს და ვაცნობიერებთ, რომ განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით. ლუციდურ სიზმარში მოხვედრილი ადამიანი გაოგნებულია, რადგან აღქმა, შეგრძნებები და გარე-სამყარო ხშირად იდენტურია ფიზიკური სამყაროსი.
რა პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს გაცნობიერებული სიზმრის პრაქტიკას? პირველ რიგში, ეს არის სამყაროს მანამდე უცნობი ნაწილის შეცნობის საშუალება. გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრილი ადამიანი ხვდება, რომ სიზმარი სულაც არ არის ის უმნიშვნელო ფენომენი, რასაც ბავშვობიდან აგონებდნენ.
არსებობს გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრის მარტივი ტექნიკა. დღის განმავლობაში, რაც შეიძლება ხშირად უნდა გააცნობიეროთ თქვენი თავი და კარგად დააკვირდეთ გარემოს, ჰკითხოთ საკუთარ თავს, სიზმარში ხომ არ ხართ, რამე უცნაური ხომ არ ხდება ირგვლივ, რაც მიგახვედრებთ, რომ სიზმარში მოხვდით. რამდენიმე დღის პრაქტიკის შემდეგ, ავტომატურად სიზმარშიც იგივე გააკეთებთ და სწორედ მაშინ გაიღვიძებს ლოგიკური აზროვნება, გაცნობიერებულობა. კარგი იქნება თუ მოიფიქრებთ ისეთ რამეს, რაც ხშირად გაგახსენებთ, რომ უნდა შეამოწმოთ, თუ რომელ რეალობაში იმყოფებით. შეგიძლიათ ხელზე დაისვათ ნიშანი ან დაწეროთ ქაღალდზე სიტყვა - სიზმარი და ჩამოკიდოთ ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში ხშირად დაინახავთ. ეს სიზმრის გაცნობიერებას ძლიერ შეუწყობს ხელს.
გაცნობიერებულ სიზმარში შესვლის საუკეთესო დროა დილის პერიოდი. ღამით, ძილის პირველ ნახევარში, სხეულს დასვენება სჭირდება და მისი მთელი ენერგია ამაზე იხარჯება. დაახლოებით დილის 5-6 საათზე ადამიანმა უნდა გაიღვიძოს და მტკიცე განზრახვით, რომ შევა გაცნობიერებულ სიზმარში, ისევ დაიძინოს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ლუციდური სიზმრისთვის, რადგან ამ დროს ცნობიერება ძილ-ღვიძილის საზღვარზეა და ადვილად შეუძლია სიზმარში ლოგიკური აზროვნება დაიბრუნოს.
თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა და თეორიადვე დარჩება მანამ, სანამ თავად არ დაიწყებთ სიზმარზე დაკვირვებას. დაიწყეთ სიზმრების ჩაწერა და ნახავთ, თუ რამდენი წინასწარმეტყველური ინფორმაცია მოგივათ, რასაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიყენებთ. დაიწყეთ გაცნობიერებული სიზმრის პრაქტიკა, როგორც ჰობი და დარწმუნდებით, თუ რაოდენ ფართო და ღრმაა ის სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რეალობით.

მირიან ბეგიაშვილი
скачать dle 11.3
19-01-2014, 22:49
Вернуться назад