DataLife Engine / ლოცვის, იგივე მედიტაციის არსი

ლოცვის, იგივე მედიტაციის არსი

ლოცვის, იგივე მედიტაციის არსილოცვა უძველესი პრაქტიკაა, რომელიც არსებულმა რელიგიებმა შემოინახეს, ხოლო მისი დანიშნულება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაა. ის იყოფა რამდენიმე ტიპად: მადიდებელი, სამადლობელი, სავედრებელი, შეწევნის, დამცავი და ა. შ.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეხება საერთოდ არ ჰქონია რომელიმე რელიგიასთან და არ წარმოუთქვამს ამ რელიგიისთვის დამახასიათებელი ლოცვა, თუმცა, რამდენადაც ვაკვირდები, უმეტესობისთვის, თვით იმ ადამიანებისათვის, ვინც თავს მორწმუნეს უწოდებს და ხშირად დადის ეკლესიაში, სინაგოგაში, მეჩეთში თუ სხვაგან, უმეტეს შემთხვევაში, ლოცვას აღავლენენ უმეტესად როგორც სავალდებულო რიტუალს, ანდაც, როგორც უბრალო ფორმალობას (ყველა ადამიანზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი), ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც შორს არიან ამ ყოველივესგან, ლოცვა ხშირად გამოუვალ სიტუაციაში, გასაჭირისას ახსენდებათ - რა თქმა უნდა, ორივე მიდგომა არასწორია...
ლოცვებს ბავშვობიდანვე ასწავლიან ადამიანს, ეს იქნებიან მშობლები, მასწავლებლები, მოძღვრები თუ სხვა, თუმცა ცხოვრების განმავლობაში არასდროს არავისთვის უსწავლებიათ, თუ როგორ უნდა ელოცათ, ეს ქმედება წარმოადგენდა მხოლოდ დაზეპირებული სიტყვების წარმოთქმას მოვალეობის მოხდის მიზნით ან საჭიროების გამო...
რა არის მიზეზი, რატომაც ხშირად ყველაზე მორწმუნე ადამიანების ლოცვა შეუსმენელი რჩება, უბრალო ადამიანის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა კი უდიდეს ძალას იძენს ხოლმე?
ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ლოცვის ტექნიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც არასდროს უსწავლებიათ ჩვენთვის...
ლოცვის ტექნიკა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:
ლოცვის დანიშნულება - სანამ ლოცვას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის ლოცვა გვესაჭიროება იმ ტიპების მიხედვით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე (ერთადერთი უნივერსალური ლოცვაა "მამაო ჩვენო", რომლის შტაინერისეული ანალიზიც შეგიძლიათ მოიძიოთ);
შესაბამისობა - ლოცვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამყაროს ღვთიურ კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეუსმენელი დარჩება
ლოცვის მიზანი - ლოცვის მიზანი შეიძლება იყოს თხოვნა ან მადლობა, თხოვნის დროს მიზანი იყოს კეთილშობილური და თქვენი სათხოვარი არ აყენებდეს ზიანს სხვას (მაგ. ღმერთო, დასაჯე და მსგავსები...), ასევე ლოცვა უნდა იყოს გამომდინარე თქვენი საჭიროებებიდან, ამიტომაც სანამ ლოცვას დაიწყებთ, გაცნობიერებული უნდა გქონდეთ თუ რა გსურთ და რატომ გსურთ;
განწყობა - ლოცვა არ უნდა იყოს აღვლენილი მხოლოდ ვალდებულების გამო, მხოლოდ იმის სურვილით, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ტექსტი, ეცადეთ ლოცვის დაწყების წინ შეიქმნათ რწმენა იმისა, რომ თქვენი ლოცვა შესმენილ იქნება, ლოცვის დაწყებამდე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ეცადეთ კარდიოგრამა და პულსი გაათანაბროთ;
სიმშვიდე - ესეც ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რადგან მის გარეშე გაგიჭირდებათ შემდეგი კომპონენტის შესრულება, ლოცვის დაწყებამდე აუცილებლად გაანთავისუფლეთ გონება არასაჭირო აზრებისაგან თუ ფიქრებისაგან, რომელიც არაა ლოცვასთან რელევანტური, ასევე აუცილებლად გათავისუფლდით ემოციებისაგან, განსაკუთრებით ბრაზისაგან, სიძულვილისაგან და მსგავსი ნეგატიური ემოციებისაგან;
კონცენტრაცია - ყურადღება მოიკირიბეთ და ეცადეთ მხოლოდ ლოცვის მიზანზე იფიქროთ, უნდა გჯეროდეთ რომ თქვენს მიერ აღვლენილ ლოცვას აქვს ძალა და ის აუცილებლად იქნება შესმენილი, კონცენტრაციის ნაწილობრივი დაკარგვა იწვევს მისი ძალის შემცირებას, ხოლო სრული დაკარგვა ლოცვას უბრალო სიტყვებად აქცევს;
ვიზუალიზაცია - ეცადეთ, ლოცვის დროს მარტივი ვიზუალიზაციები დაიწყოთ, მაგალითად როგორ ასხივებთ თეთრ სინათლეს და, ეცადეთ, ეს სინათლე გააძლიეროთ და დიაპაზონი გაუზარდოთ, ბოლო ეტაპზე კი, ეცადეთ, ლოცვისას მოახდინოთ იმის პროექცირება, რა მიზანსაც ემსახურება თქვენი ლოცვა;
გრძნობა - ეს უმთავრესი კომპონენტია, ეცადეთ იგრძნოთ და განიცადოთ ყოველივე, თქვენში ლოცვამ უნდა წარმოშვას შეგრძნებები, განცდები და ემოციები, რომელიც წარმოადგენს უნივერსალურ ენას სამყაროსთვის, ამიტომაც, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ რა ენაზე ლოცულობთ.
დამატებითი რეკომენდაციები:
თუ გალობის ან მანტრის სახით ლოცულობთ, აუცილებელია, მისთვის შესაბამისი ვიბრაციების, შეგრძნებებისა და ემოციების წარმოქმნა.
ენა და რელიგია, რომელსაც ვაღიარებთ და ლოცულობთ, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ამ დროს ხდება ენის და რელიგიური ეგრეგორის გამოყენებაც, თუმცა, ეგრეგორი ნეგატიურ ინფორმაციასაც იმახსოვრებს.
ჯგუფური ლოცვისას, ეს იქნება ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი თუ სხვა, ხდება დიდი ენერგიის წარმოქმნა, საერთო მიზნებისათვის აღვლენილი თანადროული ლოცვა უფრო ძლიერია, ხოლო ეგრეგორი უფრო აქტიურია.
თუ ლოცვის მიზანი რაიმეს თხოვნაა, არ დაგავიწყდეთ ასრულების შემდგომ სამადლობელი ლოცვის აღვლენაც.

პ.ს. არის კიდევ დამატებითი კომპონენტებიც, თუმცა ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ძირითადზე უკვე გესაუბრეთ.

Tyr Einherjar
скачать dle 11.3
5-09-2016, 16:42
Вернуться назад