DataLife Engine / პროტესტის გრძნობა და მისი წარმომავლობა

პროტესტის გრძნობა და მისი წარმომავლობა

პროტესტის გრძნობა და მისი წარმომავლობასაზოგადოებრივი თანაარსებობისა და ადამიანთა შორის ურთიერთობების ყოველ სეგმენტში, ძალიან ხშირად (რაც ადამიანთა მოდგმა არსებობს სულ), ვლინდება ხოლმე სხვა ადამიანის აზრის, ემოციის ან ქმედების მიმართ პროტესტის გრძნობა, რომელიც, თავის მხრივ, საფუძველი ხდება გაპროტესტებული აზრის, ემოციის ან ქმედების პატრონის მიმართ კრიტიკულობისა და, უარეს შემთხვევაში, აგრესიულობისაც, რაც, არც თუ ისე იშვიათად, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზიცაა ხოლმე...
საქმე ისაა, რომ ყოველი ასეთი პროტესტის გრძნობა გამომდინარეობს საკუთარი არადომინანტურობისა და სუსტი საზოგადოებრივი მდგომარეობის განცდიდან, არასრულფასოვნების კომპლექსისგან, საკუთარი ფასეულობების, კრიტერიუმების სხვაზე თავსმოხვევის მცდელობიდან, რათა თვითდამკვიდრება შედგეს... ესაა ბრძოლა, საკუთარი ეგოს გავლენის სფეროში რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანის მოქცევისათვის; მენტალური, ემოციური და ფიზიკური ექსპანსიის მცდელობა, თუნდაც საკუთარი თავის თვითდარწმუნების მიზნით, რომ დამაჯერებელი გახადოს პოზიცია - „მე სხვაზე მაღლამდგომი მდგომარეობა გამაჩნია“...
საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც ყოველი ქმედების (აზრით, ემოციით თუ ფიზიკურად) კულმინაციურ წერტილს ფსიქიკა ექსტრემულ მადგომარეობაში გადაყავს, პროტესტის კულმინაციაც, ბუნებრივია, ფსიქიკის ექსტრემს იწვევს, რაც, თავის მხრივ, ან კონფლიქტურ და ფატალურ შედეგებზე გადადის, ან საკუთარი თავისა და გარესამყაროს ნამდვილი არსის გაცნობიერებაში და მათ შორის ჰარმონიაში ტრანსფორმირდება ეს კულმინაცია...

თუ პროტესტის გრძნობის კულმინაციური წერტილი ჰარმონიაში დიდ ხანს არ ტრანსფორმირდება, ეს ემოციური მდგომარეობა, რომლის წარმომავლობაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შესაძლოა, დროდადრო, სტაბილურ მდორე გამოვლინებებშიც კი შეგვხვდეს, რაც უკვე ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური ფსიქოსისტემის თავისებურებაა...

რადგანაც ვიცით, რომ ნებისმიერი გრძნობა, ემოცია, ეს საკუთარ თავში არსებული მდგომარეობის გამოძახილია, ამიტომ, სხვის რაღაცეებზე პროტესტის გრძნობაც, სინამდვილეში, საკუთარ თავში არსებული მდგომარეობის მიმართ პროტესტის გრძნობად განიხილება, რატომაც, ამ გრძნობით ფსიქიკის კულმინაციური წერტილის გადაწყვეტა ან ფატალურია, ან ჰარმონიული!..

მთელი ოკულტური, ეზოთერული ცოდნის პრაქტიკებიც ზუსტად ამ მიმართულებითაა გავრცელებული სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ პლანეტა დედამიწაზე, რათა ადამიანი ჩაუღრმავდეს თითოეულ მის აზრს, ემოციას და ქმედებას და დაადგინოს, საიდან მომდინარეობს, რას გენერირებს და რა შედეგებისკენ მიისწრაფვის მის მიერ წარმოებული აზრფორმები, ემოციები და ქმედებები... როცა კულმინაციიდან გაცნობიერების მდგომარეობაში გადადის ფსიქიკა, აქ უკვე დგება სწორედ ის გასხივოსნება, რასაც აღმოსავლური და დასავლური რელიგიური თუ ოკულტური სისტემები დანიშნულების ადგილს ეძახიან, სადაც ადამიანი უნდა მივიდეს... საკუთარ თავთან, არსთან, ღმერთთან, რომელიც მან თავის თავში უნდა აღმოაჩინოს...
ამიტომაა გაცილებით ადვილი სხვების ავ-კარგიანობაზე ლაპარაკი, სხვების კრიტიკა თუ ქება, ვიდრე ამ ყველაფრის საკუთარ თავში აღმოჩენა, გაცნობიერება და განღმრთობის ვიწრო გზაზე სიარული...

ჩვენ ერთსულოვან სიმრავლეში ვართ გაფანტულნი და ვისწრაფით გამთლიანებისკენ...


ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3
5-04-2017, 00:18
Вернуться назад