DataLife Engine / სარკე ფენ-შუის სისტემაში

სარკე ფენ-შუის სისტემაში

სარკე აუცილებელი ნივთია ყველა მანდილოსნის ცხოვრებაში. ის ყოველთვის და ყველგან თან გვახლავს. ქალს, შესაძლოა, სახლში დარჩეს გასაღები, ტელეფონი და, საყვარელი ტუჩის საცხიც კი, მაგრამ სარკის დავიწყება, თითქმის, შეუძლებელია. ქალი თავისი არსით, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოსწონდეს და მერე გარშემომყოფებს. და აბა ვის შეუძლია სიმართლე გვამცნოს, თუ არა სარკეს, ვართ თუ არა ჩვენ ამ ქვეყანად ყველაზე ლამაზები? ალბათ ამიტომაა, რომ სახლებში ბევრი სარკეებია და მანდილოსნებს უსარკოდ ცხოვრების წარმოდგენაც კი არ უნდათ.
ფენ-შუის სისტემა სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას სარკის შესახებ, უმატებს რა მას ფილოსოფიურ და მაგიურ მნიშვნელობებსაც. უნდა ვიცოდეთ, რომ სარკე არა მხოლოდ სილამაზისა და მიმზიდველობის შენარჩუნებას ემსახურება, არამედ ახალი იდეებიც შემოაქვს დიზაინის კუთხით. ის გარემოს უფრო მოხერხებულს, მყუდროსა და ჰარმონიულს ხდის. ასევე, სახლიდან განდევნის დაძველებულ ნეგატიურ ენერგიას და იზიდავს სიყვარულს, შემოსავალსა და წარმატებას.



სარკის ზომა



ყველა სახლში აუცილებელია არსებობდეს დიდი სარკე, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი შეძლებს საკუთარი თავის სრული სიმაღლით, ანუ მთლიანად დანახვას. ამისათვის საუკეთესო ადგილია აბაზანა, ასევე შესაძლოა ასეთი სარკის სასტუმრო ოთახაში ან გასახდელში დაკიდება. სილამაზის კუთხით, მხოლოდ ასეა შესაძლებელი თავის მთლიანობაში შეფასება, როგორც სრული ჰაბიტუსის, ასევე ცალკე სახის ნაკვთების, წელის ან ფეხების იმიტომ, რომ სილამაზე ნაწილ-ნაწილ არ არსებობს და გარშემომყოფნი თქვენ სწორედ მთლიანობაში აღგიქვამენ. ჩინური ფენ-შუის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის სრული სილუეტი იმიტომ, რომ ასე მისი შინაგანი ძალა ერთიანია, შემოქმედებითი, ენერგეტიკული პოტენციალი კი - მაღალი. განსაკუთრებით კარგია, თუ სარკე ადამიანის თავს ზემოთაც ტოვებს ცარიელ სივრცეს. ამით ის გვაძლევს საშუალებას განვვითარდეთ იმ მიმართულებით, საითაც ეს აუცილებელია: ფიზიკურად, სულიერად ან ფინანსურად.


ანარეკლი ინტერიერში



თუ თქვენ გინდათ, რომ სარკეს სახლში შემოჰქონდეს კეთილდღეობა და დადებითი ემოციები, ის ასევე უნდა ირეკლავდეს თვალისთვის სასიამოვნო პანორამას. მის წინ ან გვერდით მოათავსეთ ყვავილები და ფოტოები, რომლებზედაც ასახულია მნიშვნელოვანი, სასიხარული წუთები თქვენთვის საყვარელი ადამიანების ცხოვრებიდან. ასევე ამისათვის გამოიყენეთ სხვა ლამაზი საგნებიც. შეგიძლიათ ფენ-შუის მაღაზიებში შეიძინოთ სპეციალური სასიყვარულო, შემოსავლის მომტანი და სხვა სახის თილისმები, სარკე კი გააძლიერებს კონკრეტულ მომენტში თქვენთვის საჭირო ენერგიებს. ინტერიერისათვის კიდევ ერთი კარგი ვარიანტია „მზის სარკის“ შეძენა, რომელიც არა მარტო ანარეკლისთვის იმუშავებს, არამედ გარემოს მიანიჭებს სილამაზესა და დადებით ენერგეტიკას. ესაა მრგვალი სარკე, რომლის ჩარჩო მზის ფორმისაა ან წარმოადგენს ფენ-შუის ინტერიერის ძალიან პოპულარულ ობიექტს - ყვავილების ფურცლებს.


სარკის ადგილმდებარეობა



სარკე სამზარეულოსა და სასდილო ოთახში
სწორად ითვლება მდებარეობა, როცა სარკე აირეკლავს სასადილო ოთახის მყუდრო გარემოს და იმ მაგიდას, რომლის გარშემოც სადილობს ოჯახი. ფენ-შუის სპეციალისტების აზრით, ეს ზრდის ოჯახის კეთილდღეობას, აქედან გამომდინარე კი, გემრიელი საჭმელი ყოველთვის საკმარისი გექნებათ. ამას გარდა, ეს სასიკეთოა მანდილოსანთათვის, რომელთაც სურთ გახდომა და ამიტომ საკვების მცირე ულუფებს მიირთმევენ. ამგვარად დაკიდებულ სარკეში საკვები ვიზუალურად იზრდება, ამავდროულად კი, მანდილოსანს აქვს მუდმივი სტიმული - უყუროს საკუთარ აღნაგობას. ასევე, ფენ-შუი გვირჩევს, სარკე დავკიდოთ ქურის ახლოს, რათა დიასახლისი ხედავდეს სამზარეულოში შემომსვლელებს და მათ მზერით ეკონტაქტოს, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კომფორტულია.

სარკე საძინებელ ოთახში
ფენ-შუის სპეციალისტების აზრით, სარკე საძინებელ ოთახში ავისმომტანი ნივთია და ჯობს იქ ის არ გქონდეთ. თუ მაინდამაინც აუცილებლად გჭირდებათ, მაშინ ფენ-შუი კატეგორიულად ითხოვს, რომ მასში არ აირეკლონ მძინარე ადამიანები. თუ მისი დამონტაჟება შეუძლებელია ისე, რომ მასში არ ჩანდეს საწოლი და მასში მწოლიარე ადამიანები, მაშინ ღამე საწოლსა და მათ შორის, აუცილებელია შირმის დადგმა ან სარკის მატერიით დაფარვა. საქმე, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფენ-შუიში როდია. ჯერაც დაუდგენელია, თუ რა არის სიზმარი და სად მოგზაურობს ჩვენი სული სიზმრების სანახავად. სარკე კი, უხსოვარი დროიდან ითვლებოდა მიღმიერ სამყაროში და სხვა განზობილებებში გასასვლელ კარიბჭედ. ის დღემდე აქტიურად გამოიყენება მკითხაობისათვის, მაგიაში და, საერთოდ, ეზოთერიკაში. ამიტომ, მასთან ექსპერიმენტების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამას გარდა, ფენ-შუი საძინებელი ოთახის სარკეში ხედავს სხვა საფრთხესაც, რომელსაც „მესამე სახე“ ქვია. ანუ, ქალი და მამაკაცი სარკეში ასახვისას, თითქოს კიდევ ერთ სახეს იმატებენ და, ფენ-შუის სპეციალისტების მტკიცებით, რომელიმე მათგანის ცხოვრებაში, შესაძლოა მართლაც გამოჩნდეს მესამე პირი, ანუ საყვარელი. თუ ეს თქვენ არ გჭირდებათ, გაიტანეთ საძინებლი ოთახიდან სარკე, ან დაფარეთ მატერიით თუ ის საწოლს ირეკლავს.


როგორ უნდა ჩავიხედოთ სარკეში



უფრო ზუსტად, „როგორ“ კი არა, „როგორი განწყობით“... ყველა ეზოთერული მეცნიერება და, მათ შორის, ფენ-შუიც ამტკიცებს, რომ სარკე იმახსოვრებს ჩვენს გამოსახულებას და გვაპროგრამებს კიდეც. აქედან დასკვნა: სარკეში ჩაიხედეთ მხოლოდ მაშინ, როცა ხართ კარგ ხასიათზე. ანუ, სარკესთან მიახლოვებისას წინასწარ უნდა იყოთ დარწმუნებულები რომ იქედან თქვენ შემოგხედავთ კარგი აღნაგობის, სექსუალური და ჭკვიანი ლამაზმანი. ამ დროს, სარკე თვითონ აამუშავებს თქვენი მიმზიდველობის პროგრამას, მაგრამ არ გადააჭარბოთ. გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნად, თქვენ ხართ ყველაზე ლამაზი. საკუთარი სილამაზით გახარებულს, არასოდეს არ შეგშურდეთ სხვების, არ განადიდოთ საკუთარი თავი სხვა ქალბატონებთან შედარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ასცდებით ხიფათს.


რჩევები სარკესთან დაკავშირებით



აი, კიდევ რამოდენიმე რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ სახლში სარკის დახმარებით სივრცის ნორმალიზებასა და ურთიერთობების დალაგებაში. სარკეები ჩარჩოებში უნდა იყოს ჩასმული. ასე ისინი შეინახავენ დადებით ენერგიას, წარმართავენ მას სწორ კალაპოტში და გარშემო არ გაფანტავენ. სარკეები მუდამ სუფთა უნდა იყოს. ასე მათგან გამომავალი ენერგიაც იქნება სუფთა და დადებითი. არ დაკიდოთ სარკეები კარის ან ფანჯრის პირდაპირ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ყველა სიკეთე, რომელიც სახლში უნდა შემოსულიყო, ისევ გარეთ გაედინება. და ასევე მნიშვნელოვანია გატეხილი, ან გაბზარული სარკის იმწამსვე გადაგდება. დაიმახსოვრეთ, სლავური რწმენის მიხედვით თუ რატომ იბზარება სარკე - ის იღებს თავის თავზე ყველაფერ ცუდს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გავიტანოთ ეს ცუდი სახლიდან.

GeoAstro
скачать dle 11.3
16-06-2017, 22:04
Вернуться назад