ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ინდივიდი და სოციუმი

ინდივიდი და სოციუმი

ინდივიდი და სოციუმი

1. ფიზიკური სივრცე ადამიანის ცნობიერებაში შთაბეჭდილებების მეშვეობით აღიქმება. შთაბეჭდილებები ტვინში გრძნობათა მეშვეობით ფიქსირდება. სულ ხუთი ცნობიერი შეგრძნებაა: ხედვითი, ყნოსვითი, სმენითი, გემოს და შეხებითი.
ადამიანის ფიზიკურ სხეულს შეგრძნებათაგან შთაბეჭდილების ფიქსირება რხევათა (ვიბრაციათა) გარკვეულ დიაპაზონში შეუძლია. სხვა ცოცხალი არსებები განსხვავებულ, მაგრამ მაინც განსაზღვრულ, დიაპაზონში აღიქვამენ სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებს. მათ შორის სხვაობა მეტ-ნაკლებია.

2. მსოფლიურ სივრცეში გახსნილ (განთავისუფლებულ) ადამიანს, გარდა ხუთი ფიზიკური შეგრძნებისა, გააჩნია ხუთი სულიერი შეგრძნება, რომელნიც სხეულებრივ შეგრძნებათა მსგავსად ხედვითი, სმენითი, ყნოსვითი, გემოს და შეხებითია. მხოლოდ, ყველა ეს შეგრძნება აღიქმება არაცნობიერი შთაბეჭდილებებით, რომელთა ორგანოც თავის ტვინში ეპიფიზია, და შემდგომ ის ცნობიერდება.
სულიერი შეგრძნებები მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში მგრძნობიარე ადამიანსაც გააჩნია, მაგრამ მის გაცნობიერებას ვერ ახერხებს ტვინის (ეპიფიზის) განუვითარებლობის გამო.Aასეთი ადამიანი თავისი არსებით შეზღუდულია, ანუ მოქცეულია მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში.

3. მე _ ფიზიკური ცხოვრობს ფიზიკურ გარემოსთან გარკვეულად გაცნობიერებულ მიმართებაში. მისი ცნობიერი ნაკადი გარკვეულ სიცოცხლეში დაბადებითა და სიკვდილით ისაზღვრება _ დრო დათვლილია, ამდენად ასაკი განსაზღვრულია და მასთან ერთად იბადება, იზრდება, მწიფდება, ბერდება და კვდება მისი ცნობიერებაც. ასევე შემოსაზღვრულია მის გარშემო არსებული სამყაროც საკუთარი შთაბეჭდილებების აღქმის (გაანალიზების, გაცნობიერების) ჩარჩოებში. თავად ეს შთაბეჭდილებები, თითქოს არ იყოს საკმარისი რომ ისინი შემოსაზღვრულნი არიან, კიდევ უფრო ისაზღვრებიან იმ კომპლექსებით, რომელთაც ის საზოგადოება ქმნის, რომელშიც მე _ ფიზიკური ცხოვრობს და მოღვაწეობს. Aაქედან მას (მე _ ფიზიკურს) ცხოვრება ბორკილებად ედება და სიცოცხლეც არსებობის სახეს ღებულობს. ის გარკვეული საზოგადოების შვილია და მისი თავისუფლებაც ამ საზოგადოების კომპლექსთა ფარგლებში ლავირებს. Aამგვარი თავისუფლება მცნებების სახეს ღებულობს და ყალიბდება კანონში. კანონი კლავს თავისუფლებას და ამგვარად ვღებულობთ გალიაში გამომწყვდეულ არსებას, რომელსაც გალიის კარები რომც გაუხსნა კიდეც, გამოსვლას ვერ გაბედავს, რადგან თავისუფლება სიკვდილივით ზარავს _ თავისუფლებაში, ისევე როგორც სიკვდილში, არსებობის დასასრულს ხედავს. Aაქედან გამოთქმა: ”გიჟი თავისუფალია”

4. მე_სულიერი ინდივიდია. იგი მიისწრაფის მსოფლიურ სივრცეში განთავისუფლებისკენ. ამისათვის იგი ცდილობს გახსნას (გაანთავისუფლოს) თავისი სულიერი შეგრძნებები, ე. ი. გააცნობიეროს არაცნობიერი. ამას იგი აღწევს მედიტაციების მეშვეობით _ ერთის შეგნებით, რომ მთავარი ფასეულობა სულიერ საწყისშია და არა სხეულის საფარველში.
მე _ სულიერი ცდილობს გაიძლიეროს ნებისყოფა _ დაიმორჩილოს სხეული, რათა დამოუკიდებელი გახდეს მისი ავხორცობისა და ჟინისაგან.
თანდათან მისი სხეული უფრო და უფრო მორჩილი და მგრძნობიარე ხდება. იგი გარემოს მთელი სხეულით აღიქვამს და თვით საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებსაც მისი ტვინი სრულყოფილად აფიქსირებს _ სულ ერთია რა იქნება ეს: სისხლის მიმოქცევა, თუ ნივთიერებათა ცვლა. მე _ სულიერი უკვე თავადაა მმართველი საკუთარი ფიზიკური შეგრძნებებისა და იგი მთელი ფიზიკური სხეულით ბუნების ჭეშმარიტი შვილია.
ყოველივე ამის შემდგომ მე _ სულიერი ცდილობს განთავისუფლდეს ზეგრძნობად სუბსტანციებში. ხანგრძლივი, დაძაბული შრომის შედეგად იგი ახერხებს სულიერი სამყაროს რეალურ აღქმას. მისთვის ხელშესახები ხდება სიყვარულის მისტერია და სიცოცხლის სიხარული ცხოვრების პოეტურ გააზრებაში აღიქმება.
აქედან უკვე ერთი ნაბიჯია ზე _ კაცის აღქმამდე.

5. ჭეშმარიტი ზე _კაცი შემოქმედია სიყვარულისა. მისი არსი მის სულიერ მისიაში მდგომარეობს. იგი მრავალი განსხეულებების განმავლობაში ემზადება ამ მისიის შესასრულებლად და ეს მისია კაცობრიობის გაკეთილშობილების საქმეს ემსახურება. ზე _ კაცი ჩვეულებრივ, მიწიერ ადამიანთათვის, უჩვეულოდ და ხშირ შემთხვევაში დამთხვეულადაც კი აღიქმება აზრის თავისუფლებისა და სივრცის გამო. იგი მსოფლიური ენერგო-ინფორმაციული ცენტრიდან იკვებება და ერთი შეხედვით ცნობიერების ულევ ნაკადს წარმოადგენს. Aამავე დროს მას, როგორც ყველა ადამიანს, აქვს ტანჯვა და სიხარული, ოღონდ, სრულყოფილად აღიქვამს მთელს მსოფლიურ სივრცეში სიყვარულის მარადიულობას. ზე _ კაცს ძალუძს უყოყმანოდ გასწიროს თავი მასზე დაკისრებული სულიერი მისიის აღსასრულებლად. და სამაგიერო მთელი ამ თვითშეწირვისა მხოლოდ ის არის, რომ ისინი ლეგენდებად რჩებიან კაცობრიობის მეხსიერებაში.

6. ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად თავისი სულიერი სიმწირისა, ხარობს და ამაყობს იმ ამაღლებული სულის არსებობით, რომელიც გარკვეული დროის წინ ამავე საზოგადოებამ ვერ მიიღო მისი სულიერი სიმაღლის გამო. საზოგადოება ამ ამაღლებული სულის ცხოვრებას ახვევს ლეგენდის საფარველში, და შემდგომ ამ ლეგენდის მეშვეობით ოცნებობს და მეტნაკლებად კეთილშობილდება.
ნებისმიერი ლეგენდა ეს რეალური არსების პოეტურ-მისტიური ცხოვრების ამაღლებული ასახვაა, რომელიც იძლევა იმედს იმისას, რომ საზოგადოება თავადაა შემოქმედი საკუთარი არსობის პოეზიისა. Aაქედან, ესა თუ ის ლეგენდა ემსახურება საზოგადოების გაკეთილშობილებას. Dდა ლეგენდა ცოცხალია, სანამ მისი ფუნქციაა ცოცხალი _ სანამ მისი სრული აღქმა არ მოხდება საზოგადოების მიერ. Aამდენად, არსებობს ორი სახის ლეგენდა: ლეგენდა, რომელიც გარკვეული საზოგადოებისა თუ ზოგადად კაცობრიობის ყოფიერების გამართლებას ისახავს მიზნად, და ლეგენდა, რომელიც სულიერი სიმაღლის პოეტურ-მისტერიულ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. აქედან მეორე სახის ლეგენდა თავისი არსით რელეგიური და მარადიულია.

7. მას შემდეგ, რაც მოხდა მსოფლიური სივრცის გაყოფა ორ (ფიზიკურ და მეტაფიზიკურ) სივრცედ, გაჩნდა გარდაცვალება ერთი (ფიზიკური) მდგომარეობიდან მეორე (მეტაფიზიკურ) მდგომარეობაში. ადამიანმა დაკარგა ერთიანი მსოფლიოს შეგრძნება და დარჩა მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებში, რამაც გამოიწვია სულიერი შეგრძნებების უგულებელყოფა და ცნობიერებაში გარდაცვალება სიკვდილმა შეცვალა: “ვკვდები და ჩემს გარშემო ისადგურებს უკუნი სიმყუდროვე . . . სიცოცხლე სრულდება და თავდება ყველაფერი: სიხარული და ტანჯვა, სიყვარული და ვნება, ნება და სურვილები . . . არაფერი ყოფილა უსასრულო ამ ქვეყანაზე, ყველაფერს აქვს დასასრული; სანამ ცოცხალი ვარ, ვარ, მოვკვდები და აღარ ვიქნები . . .” და სხვა მსგავსმა აზრებმა დააბინძურა ადამიანის არსება. Aადამიანი შეშინდა.
შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში _ სიკვდილის შიშია.
სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა.
რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს.
სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ, ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება, ბოროტია.
ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია.

8. მე _ ფიზიკური ფიქრობს: “თუკი სიკვდილი ყველაფრის დასასრულია, მაშინ ვინაა გამკითხავი ჩემი ქმედებისა? . . . ცხოვრება სიამოვნებაა და ამ ცხოვრებიდან უნდა აიღო ყველაფერი, რისი აღებაც შეგიძლია” და ნება, ღვთის მიერ ნაბოძები, ნებელობად იქცევა. მიწიერი სურვილები კლავს მასში არსობის პოეზიას: იგი მთელი არსებით იღწვის ამ სურვილების აღსრულებისათვის. ნებისმიერი აუსრულებელი სურვილი უბედურების საბაბი ხდება და ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად ის ყველა ხერხს მიმართავს: სპობს და ანადგურებს ყველაფერს, სანამ თვითონაც არ განადგურდება.
ასეთ ადამიანთა ერთობლიობა, ასეთივე საზოგადოებას აყალიბებს, და იქმნება ბოროტების იმპერიები დაჩლუნგებული ზნეობრივი კანონებით და სულიერი არსით. თავისუფლება ტყვეობაში ექცევა და “სახალხო მმართველობის” ნიღაბქვეშ ძალაუფლების მოყვარულ ერთეულ რეპტილიათა უსულგულო სურვილები მტკიცდება.
საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა ამგვარ ყოფას, ჩლუნგდება და აქტიური ცხოვრებიდან მექანიკურ არსებობაში გადადის. ისინი ცხვრის ფარას ემსგავსებიან, რომელთაც წინ ვაცი მიუძღვის, და ამ ვაცის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ ძალუძთ. თუმცა ასეთი საზოგადოების თითოეული წევრის ბუნებაში ვირთხა უფროა მიძინებული. ამ საზოგადოების ცენტრალური ორგანო კუჭია და საკმარისია იგი ვაცმა ვერ უზრუნველყოს საკვებით, მაშინვე იღვიძებს ვირთხის ბუნება და ადამიანები ცარიელ გემბანზე დარჩენილი მშიერი ვირთხებივით, ერთმანეთს დაერევიან.
ალბათ ძალიან შავად წარმოვსახე ჩვეული ყოფა, მაგრამ ავადმყოფს რომ უმკურნალო, ჯერ მისი ავადმყოფობა უნდა გაიაზრო და აღიარო, რაგინდ მძიმე არ უნდა იყოს იგი.

9. ნებისმიერ საზოგადოებას ჰყავს ლიდერი. ისე, როგორც ფარაში ვაცი, ასევე საზოგადოებაშიც, ლიდერი ინდივიდი არაა. მას ახასიათებს თავისი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება, ოღონდ უფრო გამძაფრებული სახით. Aაქედან: “რაც ერი, ის ბერიო”.
რაც შეეხება ინდივიდს, იგი მე _სულიერია და საზოგადოების ჩარჩოებში ვერ ეტევა. იგი გაუგებარია და ამიტომ შერისხულია საზოგადოებისაგან.
მე _ სულიერთა უმრავლესობა საზოგადოებაშივეა, მაგრამ მაინც ცალკე, განდგომილად ცხოვრობს. იგი შინაგანად უგულებელყოფს საზოგადოების ცხოვრების წესს, მაგრამ გარეგნულად იძულებულია დაემორჩილოს მას. იგი უჩუმრად, მოთმინებით აშენებს საკუთარი ცხოვრების პოეზიას. მაგრამ დგება დრო, როცა ისინი იკრიბებიან და იწყებენ ერთმანეთის გაძლიერებას სიყვარულით, რათა გზა განუმზადონ ზე-კაცს, რომელიც უნდა მოვიდეს, რათა თავისი ცხოვრება შესწიროს კაცობრიობის გაკეთილშობილების საქმეს.
ზე-კაცნი იყვნენ: პრომეთე, რომელმაც ცეცხლი მოჰპარა ზევსს, რათა ადამიანებისთვის ჩამოეტანა იგი; იოანე ნათლისმცემელი _ მოვიდა, რათა გზა განემზადებინა უფლისათვის; რომელი ერთი ჩამოვთვალო: ჩინელი ბრძენ-კაცი ლაო-ძი, ბუდა, ზარატუშტრა, მუჰამედი, კრიშნა და სხვა მრავალი, თუმცა არც იმდენი, რომელიმე მათგანი რომ დაგავიწყდეს.

10. ნებისმიერი საზოგადოება გარკვეული წესრიგით ცხოვრობს, წესრიგით, რომელსაც, თავადვე აკანონებს და სამართალს უწოდებს. სიმართლე ამ სამართლის ფარგლებში ზის. განსხვავებულ საზოგადოებებს განსხვავებული სამართალი აქვთ, ამდენად მათი გაგებაც სიმართლის შესახებ განსხვავებულია. ეს კი არა და ის რაც გუშინ აბსურდი იყო, დღეს შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს, ანდა პირიქით.
ბოლოს და ბოლოს არსებობს თუ Aარა სიმართლე?
Aარსებობს, მხოლოდ სუბიექტური, რამდენადაც ყველა, ეს საზოგადოება იქნება თუ კერძოდ, ადამიანი, სუბიექტს წარმოადგენს. ამდენად სიმართლეც სუბიექტურია _ ანუ, ის რაც მართალია ერთისთვის, შესაძლებელია, მეორისათვის არ იყოს მართალი. Aასევეა სამართალიც _ რაც სამართლიანია ერთისთვის, არ არის აუცილებელი მეორისთვისაც სამართლიანი იყოს.
მაგალითად: მონათმფლობელური საზოგადოებისთვის ერთი ადამიანის მიერ მეორის დამონება სამართლიანად აღიქმება, რაც უსამართლობაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის; მუსულმანთათვის მრავალცოლიანობა მისაღები და სამართლიანი მოვლენაა, რაც მიუღებელია ქრისტიანთათვის; და სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი ზოგადი და კერძო შემთხვევებიდან.
საზოგადოდ, არსებობს თუ არა სამართალი და არის თუ არა ვინმე მართალი?
არისტოტელე თავის “პოლიტიკაში” წერს: “სამართლიანობა სახელმწიფოებრივი მოვლენაა, რადგან სამართალი არის სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელი საშუალება და სამართლიანობის საზომი”.
სახელმწიფო, თავისი არსით საზოგადოებაა და ამდენად, ისიც სუბიექტია. იგი ქმნის სამართალს საკუთარი თავის დაცვის მიზნით და ამდენად, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს სამართალი, იგი მაინც სუბიექტურია, ე. ი. მიკერძოებულია და მაინც არ არის მართალი.
რაც შეეხება საზოგადოების წევრებს, ისაა მართალი, ვისი სიმართლეც უფრო სრულყოფილად ეხამება საზოგადოების სიმართლეს, ან რაც იგივეა, ვისაც უფრო კარგად შეუძლია დაამტკიცოს თავის სიმართლე _ მართალიც ისაა.
სადაა აქ საბოლოო ჯამში სამართალი და ვინაა მართალი?
სასაცილოა, ღმერთმანი, სატირალი რომ არ იყოს!!!
არისტოტელე ამბობს: “ვისაც არ შეუძლია სახელმწიფოში ყოფნა... ის ან მხეცია, ან ღმერთი” /”პოლიტიკა”/.
დავუჯეროთ? _ სხვა რა გზაა . . .

11. სახარება გვასწავლის: “რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა” /იოანე 1(17)/.
რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანი, მის მიერ მოცემული სამართალი (რჯული) იმდენად სრულყოფილი ვერ იქნება, რომ ჭეშმარიტება უწოდო, რამდენადაც ჭეშმარიტება ღმერთშია, ღმერთი კი სიყვარულია: “დარჩით ჩემს სიყვარულში” /იოანე 15 (9)/ და “გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” /იოანე 15 (12)/. განა ამაზე დიდი შეიძლება ისურვოს კაცმა? განა ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულში არაა?
სიყვარულის გაცნობიერება _ ღმერთის გაცნობიერებაა და როგორც განსხეულებული უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს: “ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს” /იოანე 14 (12)/.

12. განა ადამიანის და საერთოდ კაცობრიობის მიზანი სრულყოფილება არ უნდა იყოს? სრულყოფილება კი სიყვარულშია და ამდენად ღმერთშია.
ამჯერად ნოვალისის სიტყვებით დავასრულებ: “მოვლენათა იდეალური თანმიმდევრობა არსებობს და მათი მიმდინარეობა სინამდვილეში მომხდარი ამბების პარალელურია. მათი თანხვდომა იშვიათია. ჩვეულებრივ, ადამიანები და გარემოებანი ამახინჯებენ მოვლენათა იდეალურ თანმიმდევრობას და ამდენად, რამდენადაც ისინი ამახინჯებენ, მათი შედეგები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს” /Moralische Ansichten /.



მალხაზ გველუკაშვილი
ასტრო-News #3
დეკემბერი 2013
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 7617
 

ASTRO TV LIVE