» » მალხაზ გველუკაშვილი - არსობის მისტერია (1997 წელი)
ეზოთერიკა / Slide / მეტაფიზიკა

მალხაზ გველუკაშვილი - არსობის მისტერია (1997 წელი)

მალხაზ გველუკაშვილი - არსობის მისტერია (1997 წელი)1. სულიერი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი კითხვებს უსვამს საკუთარ თავს: ვინ ვარ? საიდან მოვდივარ? სად მივდივარ?
მატერიალისტი გეტყვის თავის სახელს და გვარს, აგიწერს ყველა თავის ფიზიკურ მონაცემს (უკიდურეს შემთხვევაში გაჩვენებს საკუთარ ფოტოსურათს, რომელშიც ის საუკეთესო მხრიდანაა გადაღებული) და გეტყვის - ეს მე ვარ!
მაგრამ, განა მხოლოდ ეს ვარ? არა, ეს მხოლოდ ერთი წახნაგია იმ სივრცისა, რომელსაც მე წარმოვადგენ.

2. ვინ ვარ?
მე ვარ ადამიანი, რომელიც მოდის საკუთარი წარსულიდან.
წარსულში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ გარკვეული მცირე მონაკვეთი, ანუ ჩვენი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე. ეს წარსული ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი გენეტიკური კოდის აღქმით - ანუ გზით ჩვენი შორეული წინაპრებიდან, უშუალოდ მშობლების ჩათვლით. წარსულში ჩვენ ასევე შეიძლება ვიგულისხმოდ ჩვენი კარმიული წარსული, რომლის სიღრმემ შესაძლოა უსაშველოდ შორს წაგვიყვანოს.
ასეა თუ ისე, იმისათვის რომ გავიგო - ვინ ვარ, და თუ ვარ, რატომ ვარ, იძულებული ვარ უშიშრად ჩავყვე ამ სიღრმეს, გავაანალიზო განვლილი გზის ყოველი ეტაპი (საფეხური) და განვსაზღვრო ჩემი არსობის მისტერია.
და ყოველივე ამის შემდეგ შემიძლია ვივარაუდო - საით მივდივარ.

3. ადამიანური „მე“ პირობითად შეგვიძლია დავყოთ ნებით მედ და ნებელობით მედ.
ნებელობითი მე ადამიანის ხორციელ არსებას ასახავს. მე-ხორციელის ცხოვრება საოცრადაა დატვირთული ჩვეულებრივი, ყოველდღიური მიწიერი სურვილებით და მისი ბედნიერება დამოკიდებულია გარემოებასა და გარემოზე: შია, სცივა და უბედურია. მისთვის სიმდიდრე მატერიალური ფასეულობაა. მთელი ცხოვრება იბრძვის არსებობისათვის და სიკვდილის შიშით ცახცახებს. ხშირად სიკვდილის შიში იმდენად ძლიერია რომ, მისი დათრგუნვის მიზნით თავისსავე მსგავსა ჰკლავს. მისი სიყვარულიც ასეთივე მიწიერია და მიმართულია საკუთარი ბედნიერებისაკენ, რაც ცხოველური ჟინის მოკვლას გავს უფრო, ხოლო მისგან მომდინარე მადლი ვაჭრობასა ჰგავს, რადგან ყოველთვის სანაცვლოს მიღებას ელოდება. ასეთი ადამიანის ბედნიერება ზუსტი ასლია მაძღარი ცხოველის ბედნიერებისა. ამრიგად, მე-ხორციელი სურვილებით ცხოვრობს და საკმარისია ამ სურვილების აუსრულებლობა, ის უბედურდება.
სულ სხვაა ნებითი-მე, რომელსაც სხვანაირად მე-სულიერიც შეიძლება ეწოდოს.
მე-სულიერი ცდილობს ცხოვრება პოეზიად აქციოს და ამის გამო თავად ხდება შემოქმედი საკუთარი ცხოვრებისა. მისთვის ყოველი დღე ახალია, რადგან ყოველდღიური მიწიერი საფიქრალნი პოეტურ მედიტაციათა ფონზე მიმდინარეობენ. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ როგორც სიხარულის, ასევე ტანჯვის პოეზიას. მათთვის გაცემა ბედნიერებაა, რადგან სანაცვლოდ არაფერს ელოდებიან. სიყვარული კი ღვთის მადლია, რომელიც სულის სრულყოფილებას ემსახურება. იგი გეტყვის - მე შენ მიყვარხარ, და მთელ თავის არსებას უყორყმანოდ დადებს მსხვერპლად შენი სიყვარულის საკურთხეველზე.

4. პოეზიად ქცეული ცხოვრების ბრწყინვალე მაგალითია ერთი საოცარი სულის - ნოვალისის სიყვარულის მისტერია.
ნოვალისი, იგივე ფრიდრიხ ფონ ჰანდერბეგი ქვეყანას 1772 წლის მაისში მოევლინა. მისი თანამედროვე ფრიდრიხ შლეგერი ასე ახასიათებს მას: „უაღრესად ნატიფი სახე და შავი თვალები აქვს, რომლებიც დიდებულ გამომეტყველებას იძენენ, როდესაც ის მშვენიერ საგნებზე ლაპარაკობს... ჰანდერბერგი ველურობამდე სწრაფია, სამჯერ უფრო მეტს და სწრაფად ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ ყველანი“. მთავარმოხელე იუსტი, შემდგომში მისი ბიოგრაფი, წერს: „მე მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი, მოხდა კი პირიქით: ის იქცა ჩემს მასწავლებლად. მე იმ საგნებშიც კი, რომლებიც მასზე უკეთ ვიცოდი, მთელი ჩემი ძალებისთვის უნდა მომეხმო, რომ მისი მაძიებელი სულისათვის რაიმე სარგებლობა მომეტანა. სულისათვის, რომელსაც არ აკმაყოფილებდა ჩვეულებრივი, ნაცნობი და ყოველდღიური და ყველგან, ყველაფერში სიღრმესა და საიდუმლოს ეძებდა. არსებითად მან დამიპყრო და გამიტაცა, გამათავისუფლა იმ ცალმხრივობისა და პედანტიზმისაგან, რაშიც ასე ადვილად იძირება წლების მანძილზე ჩემნაირი ვიწრო საქმიანობით გართული მოხელე... ის მე მამაღლებდა, როგორც ჩემი მოუქნელობის პატრონს შეეძლო გადევნება. მან ჩემში მთლიანად მიძინებული ესთეტიური განცდა გამოაღვიძა. მას არაფერი სურდა ნახევარი: არამედ უნდოდა ყველგან და ყველაფერში მთლიანი და მთლიანად ყოფილიყო. არაფერს აკეთებდა ზედაპირულად, ყველა საგანს ძირისძირობამდე ჩასდევდა. ამავე დროს, სულიერი წონასწორობა და თანდაყოლილი სიდიადე ხელს უწყობდა, ყველა საქმე საოცარი სილაღით შეესრულებინა“.

5. 1794 წლის ნოემბრის ერთ მზიან დღეს გრიუნინგენში იშვა ნოვალისის სიყვარულის პოეტური მისტერია. ამ დღეს მან როკენშტაინის სასახლეში დაინახა 12 წლის გოგონა - სოფია ფონ კიუნი: სიფრიფანა, პეპელასავით მსუბუქი, ქერა კულულებიანი, უჩვეულოდ დიდი, მეტყველი თვალებით, მსუბუქი ბავშვური გამომეტყველებითა და უცოდველი ღიმილით. ტანში გააჟრიალა. სისხლი საფეთქლებში მოაწვა. გული ამოვარდნას ლამობდა. გადაწყდა: რომ ეს არის ის „ცისფერი ყვავილი“, რომლის სიყვარულსაც უყორყმანოდ უნდა შესწიროს მთელი თავისი არსება.

6. თუკი დღევანდელი ქაოტური ცხოვრების პირობებში შეგწევთ უნარი გაახილოთ თქვენი სულიერი თვალი და დაინახოთ ეს პატარა არსება, ასე რომ ააღელვა ნოვალისი, მაშინ გაადევნეთ თვალი მისი ჰაეროვანი სხეულის უმსუბუქეს მოძრაობას, მოუსმინეთ მის ლაღსა და მომნუსხველ კისკისს... თუნდაც ნარველშემოწოლილს, ჩახედეთ სევდიან თვალებში და მიხვდებით, რომ მასში იყო რაღაც იდუმალი, მისტერიული, რომლისთვისაც უღირდა პოეტ-მისტიკოსს სიცოცხლე ენაცვალებინა.

7. როდესაც სოფიას 13 წელი შეუსრულდა, ისინი ჩუმად დაინიშნენ გრიუნინგენში.
მალე სოფია ავად გახდა. ღვიძლის საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მალევე მომჯობინდა.
ნოვალისს არ აკმაყოფილებდა თავისი ცოდნა და გონების მთელი დაძაბვით მეცნიერებათა და ფილოსოფიის სიღრმეებში გარკვევას ცდილობდა.
სოფიას 14 წელი შეუსრულდა. მათი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა.
სულ რამოდენიმე თვეში სოფიას ავადმყოფობა ისევ შეუბრუნდა და ლოგინად ჩავარდა. ვეღარ გამომჯობინდა.
ნოვალისს სოფია კიდევ უფრო მეტად უყვარდა.
შეუსრულდა სოფიას 15 წელი და ორ დღეში გარდაიცვალა.

8. ნოვალისმა ვერ შეძლო დასწრებოდა სოფიას დაკრძალვას. სდღაფლავზე ერთი თვის შემდეგ მივიდა და... დაიწყო თვითშეწირვის პოეტური მისტერია: „სოფია მოკვდა. მაშ მეც უნდა მოვკვდე. სამყარო დაცარიელდა. ფილოსოფიამაც აღარ უნდა შემაცვლევინოს ეს გადაწყვეტილება. მე სიხარულით უნდა მოვკვდე... ჩემი სიკვდილი უნდა იყოს არა გაქცევა, არა გაჭირვებიდან თავის დაღწევა, არამედ ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა... როგორც ჩანს ჩემი ცხოვრების აზრი ესაა: ამქვეყნად ვერაფერს მივაღწიო, აყვავების ხანაში მოვწყდე ყველაფერს, რათა უკანასკნელ წუთს შევიცნო ის, რაც ყველაზე ღირებულია ნაცნობ საგანში. ასევე საკუთარ თავშიც. მე ახლა ვსწავლობ და ვეცნობი ჩემს თავს, ამიტომაც უნდა წავიდე სიცოცხლიდან. მე დედამიწაზე არ მიწერია დასრულება“.
და დაიწყო ნოვალისმა საკუთარი არსების კოდირება, რათა სოფიას სიყვარული მიწიდან ზეცაში აეტაცა: „უცებ ძველთაძველ, დიდი ხნის წინათ ნანახ პირველსამყაროში რომ გამეღვიძოს და, ჩემს წინაშე სოფია რომ იდგეს, ო, როგორი სიხარულით მოვუყვებოდი: - იცი? სულ შენ მესიზმრებოდი! მე შენ მიყვარდი დედამიწაზე, მიწიერ სხეულშიც შენ შენს თავს ჰგავდი, მერე შენ მოკვდი; გამოხდა შიშის მცირე ხანი და მეც გამოგყევი“.

9. სოფიას სიკვდილი იქცა ნოვალისის ცნობიერებისათვის არსობის მისტერიის გასაღებად: „ადამიანს ყოველთვის შეუძლია ზემიწიერ არსებად იქცეს...ჩვენ ყველანი ერთი მისიითა ვართ მოვლინებულნი - დედამიწის გარდაქმნაა ჩვენი მიზანი“. მან სიცოცხლეშივე მოახერხა გახსნილიყო მსოფლიურ სივრცეში და მოეხდინა შემდგომ ინკარნაციათა კოდირება - „ის (იგულისხმება სოფია) იყო დასაწყისი და დასასრულიც ის იქნება ჩემი ცხოვრების“.
ნოვალისმა შეძლო გრძნობათა სამყარო საკუთარი ნება-სურვილისათვის დაემორჩილებინა: „განა მე თვითონ არ ვირჩევ ჩემს ბედისწერას?.. ყოველი მწუხარე ფიქრი მიწიერი, წარმავალი ფიქრია შიშისა. ყოველი ნაღვლიანი განწყობა ილუზიაა“.
და ერთი შეხედვით ყველაზე უცნაური: მან ზუსტად განსაზღვრა თავისი სიკვდილის თარიღიც - სოფიას სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1801 წლის 25 მარტს, ნოვალისიც გარდაიცვალა.

10. ნოვალისმა შეძლო და გააცნობიერა მსოფლიო შემოქმედის არსი და ამის მეშვეობით თვითონ იქცა საკუთარი არსობის შემოქმედად. მან შეძლო და შეცვალა თავისი კარმიულ-მისტერიული მისია, სიყვარული ზეციდან მიწაზე ჩამოიყვანა, მისცა რეალური პოეტურ-ესთეტიური სახე და შემდეგ მასთან ერთად მსოფლიურ სიყვარულს დაუბრუნდა, გამთლიანებული და განწმენდილი. მოხდა სულთა შეუღლება.
ნოვალისმა განსაზღვრა რა თავისი არსობის მისტერია და არათუ ივარაუდა, მარადიული კოდირება გაუკეთა კარმიულ სიყვარულს: ნოვალისი-სოფია.

11. არსობის მისტერიის საიდუმლო სიყვარულშია... რამეთუ სიყვარულშია ის პირველადი ენერგია, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა შემოქმედი (იგივე, ღვთიური) ნება.
ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა, რათა კაცი აეყვანა ცაში. მაგრამ ცოდვის დაცემის შემდგომ ადამიანი იმდენად დამიწდა, რომ სიყვარულით პოეტური აღფრთოვანება ჩვეულებრივი, ხორციელი ვნებით ჩაანაცვლა.
„მე შენ მიყვარხარ“ - რამდენჯერ გვითქვამს ალბათ ეს სიტყვა, მოდით დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ როდის იყო ეს სიტყვა სურვილიდან-„მინდა“ გამომდინარე და როდის-სიყვარული მთელი თავისი მისტერიული გაგებით. თუკი მთელი შესაძლებელი ობიექტურობით მივუდგებით საკუთარ გრძნობას, სიყვარული ფარდის მიღმა აღმოჩნდება - „მინდა“-ს სცენიდან გაუძევებია იგი. ნებელობა ბარიერად დგება ჩვენსა და სიყვარულს შორის და პოეზია დაკარგულებს, მარადახალგაზრდა, უბერებელი მე-სულიერის მაგიერ, მიხრწნილი, დაინვალიდებული ბერიკაცი - მე-ხორციელი გვრჩება ხელთ.
„მინდა“ თავიდანვე, თავის წიაღშივე, მკვდარია(მკვდრადშობილია): რადგან სურვილი აღსრულებისთანავე იკარგება (კვდება). ხოლო შემდგომ ან უბრალოდ მოვალეობასი გადაგვდის ჩვენი ეგრეთწოდებული სიყვარული, ანდა გამალებულნი, ახალ „მინდა“-ს ვეძებთ-ო, რა ხრწნადია ასეთი ე. წ. სიყვარული.
სულ სხვაა მარად ახალგაზრდა მე-სულიერის - მე შენ მიყვარხარ. მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული, იგი უკიდეგანო და უბერებელია მსოფლიოსავით. მას ასაკი არ გააჩნია. ასეთი სიყვარული შემოქმედია, იგი თვითონ ჰქმნის საკუთარ სხეულს აყალიბებს სულს მსოფლიურ სიყვარულთან ჰარმონიულ ერთიანობაში.

მალხაზ გველუკაშვილი
1997 წელი.
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

Georgian Broadcaster: მინერალური ქვები და ზოდიაქო

„მე ვუსმენ ხალხურს" 05.05.2014

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

...

სექტემბრის ასტროპროგნოზი

Guide to cats and kittens