» » 2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)

გაგრძენება: ნაწილი II - ( სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები)



2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)სასწორი
მარსის ხანგრძლივი ტრანზიტი ნიშანში სასწორებს აქტიურობას შემატებს. თუმცა ამასთან ერთად შინაგანი გაღიზიანება, ნერვოზულობა და აგრესიულობაც გაეზრდებათ. ამას დაერთვება სხვადასხვა პლანეტისგან გამოსული კვადრატურები. მაშ, რა მოიმოქმედოს სასწორმა 2014 წელს? რას ურჩევენ მას ვარსკვლავები? პირველ ყოვლისა, დაემშვიდობონ წარსულს როგორც პირად, ისე პროფესიულ მიმართებაში. წლის პირველ ნახევარში სასწორებს თავჩაღუნული შრომა მოუწევთ, მაგრამ შემდგომ, როდესაც 16 ივლისიდან იუპიტერი სექსტილს გაუკეთებს მათ ნიშანს, ქარიშხლის შემდგომ ცაზე გამოჩენილ ცისარტყელასავით, სასწორის ცხოვრება ჰარმონიული და გაწონასწორებული გახდება. თავიანთი მომხიბვლელობისა და სიბრძნის წყალობით, სასწორებმა ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაიმსახურეს და იუპიტერი წლის მეორე ნახევარში მათ უსათუოდ დაასაჩუქრებს.
სიყვარული: პირადი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის. ისინი, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან, ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებენ ამ დამოკიდებულების აღქმას, როგორც თავისთავად ნაგულისხმევის. ხოლო ისინი, ვინც ჯერაც მარტოა, ჯეროვან შანსს მიიღებენ სერიოზული ურთიერთობის პოვნის საქმეში. წლის პირველ ნახევარში სასწორთა დევიზი იქნება - სიფრთხილე და ზომიერება! რეტროგრადული ვენერა 2014 წლის დასაწყისში ნოსტალგიურ გრძნობებს მოგიზღვავებთ და ძველი ურთიერთობების აღდგენისაკენ გიბიძგებთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ძველი დამთავრებულია და ფუჭად არ დაკარგოთ დრო. ნაცვლად ამისა, გამოიყენეთ წლს პირველი ორი თვე იმისათვის, რომ განსხვავებული თვალით შეხედოთ ურთიერთობის თქვენს ’’ძველ მოდელებს’’ და კორექტირებები შეიტანოთ მათში. 21 იანვრიდან, როცა მთვარე სასწორის ნიშანში აღმოჩნდება, თქვენ წარმატებით შეძლებთ უკვე ამ ცვლილებების ახალ ურთიერთობებში განხორციელებას. დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ის ადამიანები, ვინც ამდენი ხანი ჯიუტად ვერ გამჩნევდნენ, დაინტერესდნენ თქვენით. წლის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო მშვიდი აღმოჩნდება და განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის ელეგანტურ და დახვეწილ სასწორებს. გასულ წლებში, როდესაც იღბლის პლანეტამ სასწორს ზურგი აქცია, ამ ნიშნის ზოგიერთმა წამომადგენლებმა არაერთი შეცდომის დაშვება მოასწრეს. მაგრამ ივლისის შუა რიცხვებიდან იუპიტერი თქვენს ნიშანთან სექსტილს შექმნის და შესაძლებლობას მოგცემთ არა მხოლოდ ახალი მეგობრების, არამედ მეორე ნახევრის პოვნისაც კი. ასე რომ, ზაფხულის ცხელი დღეებიდან მოყოლებული, სასწორები თავს მარტოდ აღარ იგრძნობენ, ზოგმა მათგანმა კი შესაძლოა უკვე არსებული კავშირები ოფიციალურად გააფორმოს.
კარიერა და ფინანსები: სასწორებისთვის 2014 წლის პირველ ნახევარში, ამ სფეროში მთავარ თავის ტკივილს მარსის ტრანზიტი შექმნის, რომელიც 25 ივლისის ჩათვლით ამ ნიშანში იმყოფება. თუ ის კარგადაა ასპექტირებული პირად ჰოროსკოპში, ენერგიას და ინიციატივას შესძენს სასწორს, ხოლო თუ ცუდად - იმპულსურობას, აჩქარებულობას და კონფლიქტურობას. მარსის ურანთან ოპოზიცია და იუპიტერთან კვადრატურა კი უსიამოვნო სურპრიზების ალბათობას ერთიორად ზრდის. პლუტონის კვადრატი დამანგრეველ პოტენციალს მატებს ზემოთთქმულს. საუკეთესო გამოსავალი, რათა ეს აგრესიული გავლენა დაიძლიოს, არის ამ ენერგიის სწორი ტრანსფორმირება და საქმიან კალაპოტში მოქცევა. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა, კეილშობილური მიზნისათვის ბრძოლა, თუ ქველმოქმედება... ივლისიდან ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. გამოჩნდება კარგი სამსახურიც, ან სასურველი თანამდებობა. ხოლო თუ თქვენი ადგილი უკვე ნაპოვნი გაქვთ, წლის მეორე ნახევრიდან ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გექნებათ. მოკლე რეზუმეს სახით რომ ვთქვათ, გასული 12 წლის მანძილზე გაწეული შრომის შესანიშნავ შედეგებს სასწორი სწორედ 2014 წელს მოიმკის და ის დახარჯული ენერგიაც ასმაგად ანაზღაურებული იქნება!
ჯანმრთელობა: მომავალ წელს სასწორებს მოუწევთ მთლიანი რეკონსტრუქცია გაუკეთონ საკუთარ ჩვევებს და ცხოვრების სტილს და მიმართონ ის ჯანმრთელობის დაცვისაკენ. ისწავლეთ დროის სწორად განაწილება, გადაანაწილეთ ის რუტინული სამუშაოსაგან დასასვენებლად, ჩაიტარეთ რეგულარული სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, მარსის დისჰარმონიული ასპექტის გამო, წლის პირველ ნახევარში იმატებს ტრამვების ალბათობა. შესაძლებელია ძვალ-კუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, ამიტომ მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვებს.

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)მორიელი
2014 წლის ივლისამდე მორიელს შეუძლია არხეინად განაგრძოს მოგზაურობები და აღმოჩენები, რომლებიც გასულ წელს წამოიწყო. იუპიტერი იბრწყინებს მათთვის ჰორიზონტზე და ახალ საქმეებს, შენაძენებს და სიამოვნებებს ჰპირდება. მიღებულ შესაძლებლობებს ის წარმატებით გაუკეთებს რეალიზებას, შეაერთებს რა ამ ახალ ცოდნას თავის ძველ გამოცდილებასთან. წლის მეორე ნახევარში იუპიტერის მდებარეობის შეცვლამ შესაძლოა, იმოქმედოს ფინანსების შემცირებაზე, მაგრამ მთლიანობაში, სოციალური სტატუსი იგივე დაგრჩება. მაინც ჯობს, რომ თვალი არ მოაშოროთ მეტოქეებს და მოშურნეებს, განსაკუთრებით სამსახურში.
სიყვარული: 2014 წლის ჰოროსკოპი მორიელს მოუწოდებს ისწავლოს იმით ტკბობა, რაც უკვე აქვს. დროა უარი თქვათ წინააღმდეგობის ჯიუტად გაწევაზე და უსაფუძვლო ეჭვებზე. გახსენით თქვენი გული გრძნობებისათვის და სიყვარულისათვის. სატურნი, რომელიც 23 დეკემბრამდე თქვენს ნიშანში იქნება, გააგრძელებს თქვენს გაძლიერებას და სიბრძნეს შეგმატებთ. მორიელებისთვის ერთგულებაში და ტოლერანტობაში გამოცდა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ რაც მეტი სერიოზულობით მოეკიდებით თქვენს პარტნიორს, მით ნაკლებ ზედაპირული და თავქარიანი იქნება ურთიერთობა თქვენ ორს შორის. ვნება- ეს არის ის, რასაც მორიელი ყველაზე მეტად ისურვებდა, მაგრამ ეს არც ისე იოლია, როცა სატურნი ერევა საქმეში. თუ თქვენ ამ ურთიერთობის შენარჩუნება ნამდვილად გსურთ, მოემზადეთ საკუთარ `ბნელ მხარესთან’’ შესახვედრად. მარტოხელა მორიელებს დაუვიწყარი სასიყვარულო ისტორიები ელით. მეტადრე მათ, ვინც მეორე დეკადაშია დაბადებული. იანვარი, თებერვალი, აპრილი და მაისი მშვენიერი თვეებია ქორწინებისათვის, შვილის გაჩენისა თუ უბრალოდ საერთო ჭერქვეშ გადასაბარგებლად, ხოლო წლის მეორე ნახევარში (განსაკუთრებით აგვისტოსა და დეკემბერში) საკუთარი გრძნობების გამოხატვა გაცილებით გაგიძნელდებათ. ამიტომ სჯობს ეს საქმეები წლის პირველივე ნახევარში მოაგვაროთ.
კარიერა და ფინანსები: რადგან სატურნი მთელი წლის განმავლობაში მორიელის ნიშნის სტუმარი იქნება, ის თავის მასპინძელს სიღრმისეულობისკენ, ხარისხისა და გრძელვადიანი პროექტებისაკენ უბიძგებს. თუმცა დააკისრებს მეტ პასუხისმგებლობებს და შეზღუდვებსაც. თუ კეთილსინდისიერად მოეკიდებით ვალდებულებებს, ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. იუპიტერის ტრინი წლის პირველ ნახევარში მორიელებზე დადებით ზეგავლენას იქონიებს და მათ გამოუჩნდებათ ხელსაყრელი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, შეძლებენ წამატებულად წარმართონ ბიზნესი და სოციალურ საფეხურზეც წინ წაიწიონ. აგვისტოსა და დეკემბერში მეტი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ, რადგან ვერავის დაყრდნობით, გარდა საკუთარი თავისა. მაგრამ ეს პერიოდები სწრაფად ჩაივლის და თანამშრომლობა და კონტაქტები კვლავ აღსდგება. რაც შეეხება ფინანსებს, სატურნი მოგიწოდებთ ვალების დაბრუნებისაკენ, მაგრამ ნუ შეშინდებით, ამას თქვენთვის სერიოზული ეკონომიური პრობლემები არ მოჰყვება. შემოსავლის წყარო, რომელიც გაისად მოგეცემათ, უნდა თანმიმდევრულად და ჭკვიანურად იქნეს ათვისებული. უკეთესი პერიოდი, როგორც ხვდებით, ამ სფეროშიც წლის პირველი ნახევარია, ხოლო აგვისტოსა და დეკემბერში, როცა იღბალი არცთუ გამოკვეთილი სახის იქნება, თქვენ შეძლებთ წინა პერიოდებში დაგროვილი პროცენტების ხარჯზე იცხოვროთ,
ჯანმრთელობა: წლის განმავლობაში ჯანმრთელობა მორიელებისთვის დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა დროდადრო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ამტანობის დეფიციტიც შეგექმნებათ. ოდნავ დეპრესიულობამ შეიძლება თავი იჩინოს წლის შუა პერიოდში, რასაც გვერდს აუვლით, თუ პოზიტიურ ემოციებს და დასვენებას არ უგულვებელყოფთ. შესაძლოა ოჯახის წევრთა მკურნალობაზე მოგიწიოთ ხარჯების გაღება. თავად თქვენ კი მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კბილების და ზოგადად ძვლოვანი სისტემის მიმართ. კარგი იქნება მინერალების და ვიტამინების მიღებაც.

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)მშვილდოსანი
2014 წელს ტემპერამენტიანი და სიცოცხლის მოყვარული მშვილდოსანი ვარსკვლავთა ჰარმონიული ტრანზიტებით დაჯილდოვდება. ივლისამდე მარსი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განვითარებაში ცოტაოდენ შეუშლის ხელს, ამიტომ კენტავრებისათვის უმჯობესი იქნება, თუ ამ მარსულ ენერგიას შეუპოვრად საქმიანობისაკენ მიმართავენ და მუშა პროექტების რეალიზებას მოახმარენ. ივლისიდან მოყოლებული იუპიტერის ტრინი ამუშავდება და სამყარო კვლავ იდეალური შეიქმნება მშვილდოსანთათვის. ისინი მიიღებენ სხვადასხვა მიწვევას და შეთავაზებას, რაც არა მხოლოდ სტაბილურ შემოსავლებს მოიტანს, არამედ პირადი სიამოვნების წყაროდაც იქცევა. არაა გამორიცხული არც სიყვარული, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად აღმოცენდეს უცხოეთში მგზავრობის, სტაჟირების ან მივლინების დროს. 1 დეკემბერს კი მზის, მთვარის და მერკურის დიდი სამკუთხედი კენტავრებს სიმშვიდეს და საღ გონებას მიანიჭებს, რათა მათ შეძლონ და მთელი წლის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია სწორად გადაამუშაონ. თუ თქვენ რაიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაწვალებთ, მასზე პასუხს 2014 წლის ბოლოს უსათუოდ მიიღებთ.
სიყვარული: 2014 წელს მშვილდოსნისთვის სიყვარულის საკითხები ყველა დანარჩენზე უფრო წინწამოწეული იქნება. წლის პირველი ორი თვე სირთულეებს მოიტანს ურთიერთობაში, შესაბამისად ამ პერიოდში მეტი მოთმინებით აღჭურვა გმართებთ. 1 მარტიდან 20 მაისამდე მარსის რეტროგრადული მოძრაობა ურთიერთგაგებას ასევე გაართულებს, როგორც გულისსწორთან, ასევე მეგობრებთან და გარშემომყოფებთანაც. მაგრამ ნუ შეშინდებით, ყოველივე გადაივლის და ზაფხულის შუა რიცხვებიდან ურიერთობები მოწესრიგდება. ხოლო მათთვის, ვინც ჯერ ისევ მარტოხელაა, ვარსკვლავები ლამაზი სიყვარულის გამობრწყინების შანსებს გაიმეტებენ. შემოდგომამდე მშვილდოსანთა ნაწილი შეიძლება დაქორწინდეს კიდეც, ნაწილს კი ოჯახში მატება ჰქონდეს.
კარიერა და ფინანსები: ერთერთი მტკივნეული წერტილი 2014 წლის პირველი ნახევრში მშვილდოსნისათვის ფინანსები იქნება, რადგან ისინი გადაჭარბებულად შეაფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით ჯობს, თუ ხარჯებს შემოსავლებთან თანაფარდობით გასწევთ. არა ღირს სესხების ან კრედიტების აღება, თუკი ამისათვის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არსებობს. წლის მეორე ნახევარში ცეცხლის ნიშნების მიმართ იუპიტერი გაცილებით უფრო გულუხვი იქნება და მშვილდოსანს მიეცემა ბევრად უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები. ასევე ივლისის თვიდან გამოჩნდება კარიერული ზრდის, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის და პროფესიული ჰორიზონტების გაფართოების შანსებიც. მთლიანობაში, 2014 წელი გრძელვადიანი მიზნების და ახალ საფეხურზე ასვლის განსახორციელებლად ხელსაყრელი პერიოდია.
ჯანმრთელობა: მშვილდოსნებს მთელი წლის განმავლობაში კარგი ჯანმრთელობა ექნებათ, თუმცა აქა-იქ უქეიფობის გარდაუვალ გამოვლინებებსაც ექნებათ ადგილი. მაგრამ თუ მძიმე შრომის შემდგომ მშვილდოსნები მოძებნიან დროს დასვენებისთვისაც, სიტუაცია სწრაფად გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ეს ნერვულ სტრესებში, ან კუნთების სპაზმებში გადაიზარდოს. ნუ გადატვირთავთ სხეულს ვარჯიშის დროს ზედმეტად, აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ორგანიზმს ეიოლება. მიაქციეთ ყურადღება კვების რაციონს, აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ მენიუში ცილები. შეგიძლიათ კარდინალური ცვლილებები შეიტანოთ თქვენს იმიჯში ან უბრალოდ ვარცხნილობა შეიცვალოთ.

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)თხის რქა
თხის რქას 2014 წლის დასაწყისი დიდ იმედებს ვერ ჩაუსახავს, ვენერა კეთილგანწყობილია, მაგრამ ურანი, იუპიტერი და მარსი ივლისის თვემდე მტრულად განწყობილ ნიშნებში დგანან და თქვენი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროზე რთულ გავლენას ახდენენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ოჯახს, ასევე ნაწილობრივ სამუშაოსაც. შესაძლოა გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი ცვლილებები შეიტანოთ პირად ურთიერთობებში და საქმეში, რომლითაც ამჟამად დაკავებული ხართ. განსაკუთრებით ამას იგრძნობენ ის თხის რქები, რომლებიც იანვრის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები. თქვენ დაგეხმარებიან მეგობრები და სატურნის პოზიტიური ენერგია. აგვისტოს თვიდან ხასიათში ცვლილებებს ექნება ადგილი და არა მხოლოდ უფრო ძლიერი, არამეც უფრო მოქნილიც გახდებით. მეტი დრო გექნებათ საკუთარი თავისთვის. გაქრება ეჭვების საფუძველიც და ახლობლებიც თქვენთან რჩევისათვის უფრო ხშირად მოვლენ ხოლმე.
სიყვარული: ახალი წლიდან უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ცივი ლოგიკით არ იმსჯელებთ და გულსაც მიენდობით ხოლმე. შეეცადეთ, ნაკლებ შეიბოჭოთ. ისწავლეთ საკუთარი ემოციებისა და გრძნობების დემონსტრირება. ამაში თქვენს ნიშანში მყოფი ვენერა დაგეხმარებათ, მიუხედავად მისი რეტროგრადული მოძრაობისა (რაც თხის რქებს ნოსტალგიურობას და ჩაფიქრებულობას გაუღრმავებს). ჰორიზონტზე შესაძლოა ექს-პარტნიორები გამოჩნდენ. ივნისის თვის შუა რიცხვებიდან იუპიტერი ტოვებს თქვენს ნიშანთან ოპოზიციას, ამიტომ სიყვარულის ილუზიებიც წარსულში დარჩება და გულდასაწყვეტი ხელისმოცარულობაც, რასაც თქვენი ზედმეტი თვითდაჯერებულობა და იმპულსურობა იწვევდა. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს სასიყვარულო ურთიერთობებში ან ოჯახის შექმნის საკითხებში, რადგან შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იპოვეთ ნამდვილად შესაფერისი ადამიანი, მაგრამ ვნებები ჩაცხრება და მიხვდებით, რომ აჩქარებულხართ. წლის მეორე ნახევარში კი მდგომარეობა ამ მხრივ ნამდვილად მიიღებს სასიკეთო მოხაზულობას. სატურნი რომელიც შესანიშნავ სექსტილს გააკეთებს თქვენს ნიშანთან, დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რადგან ახლა უკვე საღად შეგეძლებათ ყველა პლუს-მინუსის დანახვა. ემოციური წონასწორობაც გაცილებით მდგრადი გექნებათ, რაც ხელს შეგიწყობთ ურთიერთობების პროგრესში.
კარიერა და ფინანსები: თხის რქებს შეუძლიათ აქედანვე მოემზადონ ბრწყინვალე კარიერული აღმასვლისათვის! სატურნისა და პლუტონის უზარმაზარი დადებითი ენერგიის გამო, რომლებიც პროფესიული წინსვლისაკენ გიბიძგებენ, 2014 წელი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოთაგანი იქნება თქვენთვის. ამას გარდა, წლის დასაწყისში თქვენს ნიშანში მოქცეული იქნება ხუთი პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, პლუტონი...ასეთი სტელიუმი, ანუ ვასკვლავთა თავმოყრა, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ საოცრად გააქტიურებული და საქმიანი გახდებით. წლის მეორე ნახევარში, თხის რქებს იუპიტერი არა მხოლოდ მეორე ამოსუნთქვას აჩუქებს, არამედ მისცემს საშუალებას საკუთარი შრომის გასაოცარი შედეგები დაინახონ. გააგრძელეთ შრომა იგივე შემართებით. სატურნის მფარველობა თქვენს პროფესიულ ცხოვრებას სტაბილურობას და თავდაჯერებულობას შესძენს და დაგეხმარებათ გრძელვადიანი პროექტების მატერიალიზაციაში, რომლებიც სწორედ ამ პერიოდიდან დაგეწყებათ. არ გამოტოვოთ ფინანსური შესაძლებლობები წლის მეორე ნახევარში. კარგი იქნება, თუ გუნდური მუშაობის პრინციპებსაც არ დაივიწყებთ. ძალზე კონსტრუქციული იქნება თუ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კოლეგებთან კონტაქტისათვის ხშირად გამონახავთ დროს. ეს დაგეხმარებათ საჭირო კავშირების მოპოვებაში, რათა შეძლოთ გააფართოვოთ თქვენი ბიზნესის ქსელი და ახალი ფილიალები გახსნათ.
ჯანმრთელობა: წლის უმეტეს მონაკვეთში თხის რქის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი იქნება. თუმცა სტრესულ ფონზე არაა გამორიცხული ზოგიერთი დაავადებები. მათი პროფილაქტიკისათვის და რელაქსაციისა და ძალების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ტიპის მედიტაციები და ვარჯიშები შესანიშნავი იქნება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, ნუ აყვებით შფოთვას, ენერგიის კონცენტრირება გააკეთეთ ჰობიზე ან შემოქმედებაზე და დაიცავით დასვენებისა და სწორი კვების რეჟიმი.

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)მერწყული
სექსტილი, რომელსაც თქვენი მფარველი პლანეტა - ურანი მთელი წლის განმავლობაში გაუკეთებს თქვენსავე ნიშანს, არ მისცემს მერწყულებს მოწყენის საშუალებას. 2014 წელი აღსავსე იქნება სასიამოვნო წვირლ-წვრილი სიურპრიზებით, განსაკუთრებით ინტენსიური იქნება ამ მხრივ წლის პირველი ნახევარი, კერძოდ კი 26 ივლისამდე პერიოდი, როდესაც მარსი მერწყულის მონათესავე ჰაერის ნიშანში იმოძრავებს და მშვენიერ ტრინს გაუკეთებს თქვენს ნიშანს. საქმიან ურთიერთობას ხელს შეუწყობს და ენერგიითა და მხნეობით აგავსებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი მეტი სარგებლით, მითუმეტეს, რომ ძირითადად, წლის მანძილზე სასიყვარულო სფეროდანაც თითქმის არ გექნებათ ხელისშეშლა.
სიყვარული: მარტის თვეში, ვენერა თქვენს ნიშანს ესტუმრება და მრავლად გაჩუქებთ პოზიტიურ ემოციებს, ლამაზ გრძნობებს, შემოქმედებით იმპულსებსა და პირად მომხიბველობას. დადებითი ძვრები იქნება სასიყვარულო ფრონტზე ივნისის ბოლოდან 19 ივლისამდე და აგრეთვე თითქმის მთელი ოქტომბრის მანძილზე. ამ პერიოდში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამყარდება და რომანტიულ ელფერს შეიძენს. ბარბარობის დღესასწაულზე თქვენი მეგობრისაგან მოულოდნელად გაკეთებულმა სიურპრიზმა შესაძლოა აღგაფრთოვანოთ. გარკვეული ჩავარდნები მოსალოდნელია ურთიერთობებში აპრილ-მაისის თვეებში და ოქტომბრის 23 რიცხვიდან შუა ნოემბრამდე. თუ თქვენ შეძლებთ ნაკლები ეგოიზმი გამოიჩინოთ, არ აჰყვეთ მოჭარბებულ ემოციებს და ეცადოთ მონახოთ პარტნიორთან და გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის კომპრომისული გზები, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. განსაკუთრებით რთული გადასალახი იქნება მერწყულებისთვის ზაფხულის შუა პერიოდი, როდესაც სიცხის მატებასთან ერთად ხასიათში სიფიცხეც მოიმატებს. საქმე იმაშია, რომ ამ დროს, დისჰარმონიულ ვენერას ოპოზიციასთან ერთად მერწყულის ნიშანს უპირისპირდება ლომში გადსული იუპიტერიც. მეტად დიდი გონიერების გამოჩენა მართებთ ამ დროს მერწყულებს, რათა დაუფიქრებელი საქციელით ზიანი არ მიაყენონ ძვირფას ადამიანს. არაა გამორიცხული, რომ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ამ პერიოდში პარალელური ურთიერთობების გაჩენის სურვილმა არასწორი გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგოს. რაც უახლოეს მომავლშივე თავად მათთვისვე გახდება ხილული, რომ აშკარა შეცდომა იყო. უკვე სექტემბრის დასაწყისიდან უსიამოვნებები პირად ფრონტზე უკან დაიხევს და ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგება, თუმცა არა თქვენი ძალისხმევის გარეშე. თუ გულით მოინდობებთ, თვის ბოლოს სასიამოვნო ემოციები შეავსებენ იმ ხარვეზებს, რომლებიც ივლის-აგვისტოში განიცადეთ.
კარიერა და ფინანსები: მერწყულებისთვის უმჯობესი იქნება, თუ წლის დასაწყისშივე დაგეგმავს თავის ბიუჯეტს და ფინანსების ხარჯვას სწორად გაანაწილებს. 2014 წელი, განსაკუთრებით კი წლის მეორე ნახევარი, არც თუ იოლი იქნება მატერიალური თვალსაზრისით. შედარებით ნაკლებ პრობლემატური და ზოგ შემთხვევაში მომგებიანიც კი იქნება გაზაფხულის თვეები. განსაკუთრებით აპრილის ბოლო მაისის დასაწყისში არაა გამორიცხული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რომელიც გაგიზრდით შანსებს სასიამოვნო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში, მარსის ტრიგონალური ასპექტის წყალობით, მერწყულს მიეცემა საშუალება იყოს აქტიური და წინ წაიწიოს პროფესიონალურ სფეროში. შესაძლებელია, რომ მან გარკვეული წილი სამუშაო შინიდან გაუსვლელადაც შეასრულოს, და შედარებით თავისუფალი გრაფიკი იქონიოს, რაც ასე ხიბლავს ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელს. ფინანსურ ჩავარდნას ზაფხულის თვეებში ელოდეთ, როდესაც მარსი თქვენს ნიშანს ოპოზიციაში ჩაუდგება. ჯობს, ამ დროს მცირე ხნით საქმეებს განერიდოთ და დაისვენოთ. იოლი არც სექტემბრის თვის პირველი რიცხვები იქნება სავარაუდოდ, მაგრამ შემდგომ, როდესაც ენერგიული პლანეტა მშვილდოსნის ნიშანს დაიკავებს და მერწყულთან მშვენიერ სექსტილს შექმნის, მდგომარეობა სტაბილიზირებას დაიწყებს. ხოლო სექტემბრის 14 რიცხვიდან მოყოლებული მეტი შანსები მოგეცემათ, თქვენი შემოსავლის არსებული წყაროდან მოგება ნახოთ, ან უფრო უკეთესი ახალი ნიშა იპოვნოთ შესაბამისი საქმიანობისათვის. დიდია ალბათობა ახალი ხელშეკრულების დადების, ახალ პროექტებში ჩართვისა. თუ მთელ რიგ წვრილმან საკითხებს, რომლებმაც ნელ-ნელა მოიყარეს თავი, ნოემბერშივე გადაჭრით, წლის ბოლო გაცილებით უფრო მშვიდი იქნება.
ჯანმრთელობა: 2014 წელს მერწყულთა ჯანმრთელობა საკმაოდ სტაბილური იქნება, მაგრამ ჯობს, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, არ დაივიწყოთ მის შესახებ. პერიოდულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები. მაისამდე სავარაუდოდ ფრჩხილიც არ წამოგტკივდებათ. შემდგომ, უკვე ივლისის ბოლოს და აგვისტოში, შესაძლებელია მცირეოდენი ჩივილები გაგიჩნდეთ, რაც ძირითადად გადაღლილობით აიხსნება. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში მოახერხებთ და მცირე ხნით შვებულებას აიღებთ, რათა ძალები აღიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაქვეითებული იმუნიტეტი წლის ბოლოსკენ ვირუსების შემოტევისათვის მზად აღარ იქნება. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბისტნეული, ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე.

2014 პროგნოზი (IV-XII ზოდიაქო)თევზები
2014 წელს თევზები მიიღებენ არაერთ შესაძლებლობას, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, რადგან იუპიტერი, ბედნიერების მომტანი პლანეტა, წლის პირველ ნახევარში წყლის სტიქიის ნიშანში იმოძრავებს. თევზებს მეტად გაუმართლებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში იუპიტერი შედარებით ნეიტრალური იქნება თევზების მიმართ. ამიტომ კარგი იქნება თუ იანვრიდან ივლისამდე თქვენს ენერგიას კარიერული ცვლილებებისათვის გამოიყენებთ, ხოლო დარჩენილ თვეებში თავს ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და ახლობლებს მიუძღვნით. ასევე დიდია პასიურობისა და უმოქმედობისაკენ მიდრეკილება. ბევრ თევზს გაუჩნდება სურვილი თავის გასაკეთებელი საქმე სხვებს გადააბაროს ან სხვებმა მიიღონ მათ ნაცვლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მაგრამ პასუხისმგებლობიდან გაქცევის შესაძლებლობას სატურნის ტრინი არ მისცემს, თუმცაღა თევზები მაინც შეეცდებიან კოლექტიურად, სხვებთან ერთად გადაჭრან მნიშვნელოვანი საკითხები.
სიყვარული: სასიყვარულო ურთიერთობები 2014 წელს თევზებისათვის მსუბუქი ნოტებით დაიწყება. ხოლო 6 აპრილიდან 2 მაისამდე, როცა ვენერა მათ ნიშანში იდგება, სატურნი და იუპიტერი კი თავის მხრივ ჰარმონიულ ტრინებს უკეთებენ, თევზებს არაჩვეულებრივი ხანა დაუდგებათ პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი დღეები შესაძლოა აღმოჩნდეს 24-26 აპრილი, როცა ზემოთნახსენებ პლანეტებს თევზების ნიშანში მოხვედრილი მთვარეც შეუერთდება. ის დაეხმარება თევზებს თავი დააღწიონ ჩვეულ პესიმიზმს და დაინახონ ის პოზიტიური ძვრები საკუთარ ცხოვრებაში, რასაც ვარსკვლავები ჩუქნიან. მართლაც, აქამდე მარტოხელა თევზებს აუცილებლად მიეცემათ შანსი, მონათესავე სულის პოვნის და ღრმა, რომანტიული გრძნობების განცდისა. ხოლო ისინი, ვისაც უკვე ჰყავთ წყვილი, ახალ ნოტებს შეიტანენ, გაამშვენიერებენ და გაამრავალფეროვნებენ არსებულ ურთიერთობას. ზაფხულში, თუკი თქვენს გულისწორთან ერთად დასასვენებლად წახვალთ, კიდევ უფრო მეტად შეძლებთ ურთიერთობის გამყარებას. ვარსკვლავები გირჩევენ სამოგზაუროდ შორეული მარშრუტები აირჩიოთ. ერთადერთი დაძაბული პერიოდი წლის მანძილზე, როდესაც თევზებს გაუჭირდებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგება სექტემბრის თვეა, როდესაც ვენერა მათი ნიშნის საპირისპიროდ ქალწულში იმყოფება. ამ პერიოდში სჯობს თევზები საკუთარ ეგოზმს მოერიონ, ნაკლები იწუწუნონ და მიხვდნენ, რომ სხვებსაც შეიძლება უჭირდეთ რთული დროის გადატანა. წლის ბოლოს ურთიერთობები საკმაოდ სტაბილური იქნება იმისათვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება გსურთ თუ არა მათი ახალ საფეხურზე გადაყვანის და ოფიციალური სახის მიცემისა. ხოლო უკვე დაოჯახებულ წყვილთათვის დეკემბრის თვე მშვიდ, ჰარმონიულ ატმოსფეროში ჩაივლის.
კარიერა და ფინანსები: წლის პირველივე დღეებიდან თევზები სამუშაოში “ჩაყვინთავენ”, დარწმუნებულები, რომ მათი ძალისხმევა სწორედაც რომ გადაუდებელია. ეს ენთუზიაზმი შესაძლოა მცირეოდენ დაცხრეს აპრილი-მაისის თვეებში, როდესაც ისინი პირად ურთიერთობებზე გადაერთვებიან. მაგრამ მალევე აკრეფენ სტარტს და 26 ივლისიდან, როდესაც ენერგიული მარსი თევზების ნიშანს ტრინს გაუკეთებს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე დაუღალავად გააგრძელებენ შრომას. სატურნი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტრინშია თევზებთან, მხარს დაუჭერს ყოველ მათ კეთილსინდისიერ წამოწყებას და ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 23 რიცხვამდე მთელი წლის მანძილზე გაწეული გარჯისათვის დამსახურებული საჩუქრითაც დააჯილდოვებს დაწინაურების ან სრულიად ახალი შემოთავაზების სახით.
ჯანმრთელობა: 2014 წლის პირველ ნახევარში თევზების ჯანმრთელობას პრაქტიკულად არაფერი ემუქრება. ივლისის 16 რიცხვის შემდეგკი შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. კარგი იქნება თუ შვებულების აღებას და სადმე დასასვენებლად წასვლას მოახერხებთ, ხოლო თუ თქვენი კურორტი ამავდროულად სამკურნალო დანიშნულებისა იქნება, ხომ მთლად უკეთესი. პროფილაქტიკისათვის, მთელი წლის განმავლობაში სასურველია იოგას ვარჯიშებს ან უბრალოდ სირბილს მაინც მიჰყოთ ხელი. ეს შეგინარჩუნებთ იმუნიტეტსაც და ნერვული სტრესებისაგანაც დაგიცავთ.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი - გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (TV იბერია)

...

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (იბერია TV, 11.01.2017)

...

მინერალური ქვების გამოფენა-გაყიდვა

Guide to cats and kittens