» » მცენარეების მაგიური თვისებები და პრაქტიკაში გამოყენების კულტურა
ეზოთერიკა / ბიოენერგეტიკა / Slide / პრაქტიკული / Geoastro

მცენარეების მაგიური თვისებები და პრაქტიკაში გამოყენების კულტურა

ხეები ორ კატეგორიად იყოფა: ენერგიის მშთანთქმელი (ენერგეტიკული ვამპირები) და ენერგიის გამცემი (ენერგიის დონორები). მათი ამ თვისებების გამოყენება შესაძლებელია სამკურნალოდ.

ენერგოვამპირები: ვერხვი, ალვის ხე, შოთხვი, იასამანი, ცაცხვი, შროშანა - ისინი ავადმყოფ ენერგიას საკუთარ თავზე იღებენ. მიუახლოვდით ხეს, ხელი დაადეთ ქერქზე (მიეკარით მტკივნეული ორგანოთი), დაჰყავით ამ მდგომარეობაში არა უმეტეს 5-10 წუთისა (ხანგრძლივი დგომა დიდი რაოდენობის ენერგიის გადინებას იწვევს).

ენერგოდონორები: მუხა, არყი, ფიჭვი, ნეკერჩხალი. მათთან დიდხანს ურთიერთობამ ჭარბი ენერგიების გამო, შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს, ამიტომ, ნუ დადგებით 10 წუთზე მეტ ხანს.

მკურნალობას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ვამპირი და დონორი ხეებისგან შესაძლებელია ძელაკების დამზადება: სიგანე 3-5 სმ, სიგრძე 24 სმ და მტკივან ადგილებზე მონაცვლეობით დადება (საკმაოდ მოსახერხებელია, თუ ხეებთან ურთიერთობისთვის ბუნებაში გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ).

საინტერესოა, რომ მარცვლეულსაც ახასიათებს ენერგიის გაცემა და მიღება.

ენერგიის მიმღები: სიმინდი, ჭვავი, შვრია, ქერის ბურღული.

ენერგიის გამცემი: წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი, ფეტვი.

კარგია შერეული ფაფების მიღება. ესეთი ფაფები მიზანშეწონილია დასუსტებული ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვის, რომლებიც ძალების ნაკლებობას განიცდიან. ან მონაცვლეობით, ერთი დღე ენერგიის მიმღები, მეორე დღე ენერგიის გამცემი ფაფის მიღება.

არსებობს ხეების ჰოროსკოპი, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ შეიტყოთ რომელი ხე მფარველობს თქვენი დაბადების თარიღს.

 

მფარველი ხეები დაბადების პერიოდების მიხედვით

სოჭი 2-11 იანვარი

თელა 12-24 იანვარი

კვიპაროსი 25 იანვარი-3 თებერვალი

ალვის ხე 4-8 თებერვალი

კედარი 9-18 თებერვალი

ფიჭვი 19-28 თებერვალი

ცაცხვი 11-20 მარტი

მუხა 21 მარტი

ზეთისხილის ხე 23 სექტემბერი

თხილის ხე 22-31 მარტი

ჭნავი 1-10 აპრილი

ნეკერჩხალი 11-20 აპრილი

კაკალი 21-30 აპრილი

ვერხვი 1-14 მაისი

წაბლის ხე 15-24 მაისი

კოპიტი (იფანი) 25 მაისი

რცხილა 4-13 ივნისი

ლეღვის ხე 14-23 ივნისი

არყი 24 ივნისი

წიფელი 22 დეკემბერი

ვაშლის ხე 25 ივნისი - 4 ივლისი

კოპიტი

კოპიტი მსოფლიო ღერძის ხეა. სიმბოლურად, ადამიანის ღვთაებრივ ბუნებას ასახავს. გვეხმარება ჩვენი მოწოდების გაგებაში, ხშირ შემთხვევაში, მისი ენერგია ნათელხილვის უნარს აღვიძებს, მომავლის შეტყობის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, მხოლოდ შეცნობის გულწრფელი სურვილის მქონე ადამიანებს ეხმარება. გარდა ამისა კოპიტი წარმოადგენს ზენა და ქვენა, ღმერთებისა და ადამიანების, ანუ სულიერ და მტერიალურ სამყაროს შორის კავშირს. იგი ტრადიციული ხეა ყველა სახის ჯადოსნობისა და მკითხაობისთვის. მისი მერქნისგან მზადდება სამკითხაო რუნების საუკეთესო კომპლექტები. სწორედ მას ანიჭებდნენ  უპირატესობას ჩრდილო-დასავლელი ოსტატები იარაღისა და აღჭურვილობის დამზადებისას. სკანდინავიაში ითვლებოდა, რომ კოპიტისგან დამზადებული შუბი თავიდანვე ჯადოსნური იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან კეთდებოდა. ჯადოსნური იარაღისა და ხელსაწყოების დამზადების გარდა, კოპიტის ხე ფართოდ გამოიყენება დამცავი ამულეტების შესაქმნელად, რომლებიც მფლობელს, თითქმის ნებისმიერი მავნე ზემოქმედებისგან იცავენ, შხამიანი გველების ნაკბენებისგანაც კი (რისიც ჯერ კიდევ სჯერათ ზოგან ევროპაში). გარდა ამისა, ტრადიციულად განსაკუთრებულ ჯადოსნობას აწერენ კოპიტის ხეებით დანთებულ კოცონს. ასეთი ცეცხლის კვამლი წმინდა საკმეველად ითვლება, ცეცხლისგან გამომავალი ძალა კი - სასარგებლოდ და სამკურნალოდ მიიჩნევა. ნაიჯელ პენიკის თანახმად, ოდესღაც, არსებობდა ტრადიცია ახალშობილის პირველად დაბანა კოპიტის ცეცხლთან.

მუხა

მუხა ძლევამოსილი ხეა, უზარმაზარი სასიცოცხლო ძალის, დღეგრძელობის სიმბოლო, მას  ყველა ჩრდილო ევროპელი პატივს სცემს, როგორც ჭექა-ქუხილის ღმერთის წმინდა ხეს (თორა, პერუნი). კელტები პირიქით, მუხას პატივს სცემენ, როგორც უზენაესი ღვთაების, სიბრძნისა და სულიერი სიძლიერის ხეს. სხვათა შორის, სწორედ კელტური ფუძიდან (რომელსაც ორი მნიშვნელობა გააჩნია „მუხა“ და „სიბრძნე“) მომდინარეობს ტერმინი „დრუიდი“. მთელს ჩრდილო-დასავლეთში მუხასთან (ისევე, როგორც ჭექა-ქუხილთან) დაკავშირებულია კვირის დღე - ხუთშაბათი, რომელსაც ჩრდილოეთის ენებში Thursday, „თორის დღე“-ს უწოდებენ. ისეთი ფიზიკური თვისებების წყალობით, როგორიცაა მერქნის საიმედოობა და სიმტკიცე, ტანის ზომები და დღეგრძელობა, ასევე, ჩრდილოეთის მაგიური პრაქტიკით, კავშირი ზენა ღვთაებებთან, საერთოდ, მუხა გამოიყენებოდა დაცვის, ფიზიკური ძალის გაძლიერების და სტაბილური წარმატების მიღწევისათვის შელოცვებში.

მუხა ენერგიის დონორს წარმოადგენს. მასთან უშუალო კონტაქტით ადამიანი სასიცოცხლო ენერგიის მაქსიმალურად იღებს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ძლიერი, მაგრამ პირქუში ხეა. მას ძალიან ძლიერი აურა აქვს, კარგად აღიქვამს მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს. მძიმე და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული ადამიანისთვის ამ ხესთან ურთიერთობა არ არის სასურველი. მუხასთან კონტაქტი ადამიანს აქტიურ ენერგიას აძლევს, ამშვიდებს სულს. დიდი ხანია შენიშნეს, რომ მუხნარში სეირნობა არეგულირებს არტერიულ წნევას, დადებითად მოქმედებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. მუხა უპირატესობას ანიჭებს  მეომრებს, მებრძოლებს, ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანებს. კურნავს ბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს, მებრძოლთა სულებს, უზიარებს საკუთარი დღეგრძელობის ნაწილს. ვეტერანებისთვის, ყოფილი მეომრებისთვის, ხანდაზმულებისთვის მუხასთან ურთიერთობა ძალიან სასარგებლოა.

არყი

რუსეთში ტყის განსახიერება, რადგან იქ დიდი რაოდენობითაა არყის ხის ტყეები. ის არის საოცარი სიკეთის ხე. მას სიცოცხლის ხესაც უწოდებენ. თავად არყი უხსოვარი დროიდან ასოცირდება ნაყოფიერებასთან და სამკურნალო მაგიასთან, არყის ტოტებს იყენებდნენ არა მხოლოდ მიწის, არამედ საქონლისა და ახლადდაქორწინებულთათვის ნაყოფიერების მისანიჭებლად. არყის ხისგან (პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში) ახალშობილთათვის აკვანი მზადდებოდა. სიმბოლურად და მაგიურად არყი ფიგურირებს, როგორც ყველა სულიერი და ფიზიკური საფრთხისგან დამცავი. არყი უაღრესად სასარგებლო და ხელსაყრელია სამკურნალო და მოსავლის გაძლიერების შელოცვებში. არყის ტოტები (განსაკუთრებით გაზაფხულზე, ახლად აყვავებული) სამართლიანად ითვლება მწუხარების და ავადმყოფობების მოსაშორებელ, ბავშვების  დაავადებებისაგან და მრავალი სხვა ნეგატივისგან დამცავ მშვენიერ თილისმად. არყი ნაზი და თანამგრძნობია, გააჩნია ძალიან რბილი, თბილი და, ამავე დროს, ძალიან ძლიერი გავლენა. მუხისგან განსხვავებით არყის ხეს უნდა მიმართონ ავადმყოფმა, დასუსტებულმა, გამოჯანმრთელების გზაზე მდგარმა ადამიანებმა. იგი ამსუბუქებს ტანჯვას, ხელს უწყობს დაკარგული ძალების აღდგენას, აადვილებს სნეულების გადალახვას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას. არყთან ურთიერთობა სასარგებლოა დეპრესიაში მყოფი, ნერვული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის. ეს ხე ხსნის დაღლილობას, ანეიტრალებს ყოველდღიური სტრესის უარყოფით შედეგებს, ხელს უწყობს სულიერი ჰარმონიის აღდგენას. არყის ხე, რომელიც სახლის გვერდით იზრდება, განაგდებს კოშმარულ სიზმრებს. ამ ხის გავლენა ხანგრძლივია. უმჯობესია არა მასთან მისვლა, არამედ მის ახლოს ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ის შეძლებს თქვენს განკურნებას. არყს ყოველთვის აწერდნენ ბოროტი სულების განდევნის უნარს.

თხილი

კიდევ ერთი წმინდა ხე ჩრდილოეთის ტრადიციაში, სიბრძნისა და ჯადოსნობის ხე, რომელიც ეძღვნება ოდინს (ლუგუ, ველესუ). კოპიტის თანასწორად ფართოდ გამოიყენებოდა მაგიური ხელსაწყოების დასამზადებლად - კვერთხებისთვის და კომბლებისთვის, ასევე მაგიური დაცვის წარმოსაქმნელად. ამ შემთხვევაში, შემოღობილი ტერიტორიის პერიმეტრის გასწვრივ, მიწაში, თხილის სარები იყო ჩარჭობილი და ითვლებოდა, რომ გარედან შიგნით ვერავითარი ჯადოსნობა ვერ შეაღწევდა. ამგვარად, სკანდინავიაში შემოღობილი იყო ორთაბრძოლის მოედნები, მაყურებლისგან ბრძოლის მიმდინარეობაზე მაგიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. თხილი საკმაოდ გავლენიანი, მტკიცე ხასიათის ხეა, ერთ-ერთი მთავარი თვისება სამართლიანობაა. მისი ენერგია დაგეხმარებათ სიტუაციის ობიექტურად განსახილველად გონების სხვადასხვა კუთხით მიმართვაში. მისთვის სამართლიანობის კონცეფცია არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობების სფეროს ეხება. თხილისთვის არ არსებობს შემთხვევა, რომელიც არ იმსახურებს ყურადღებას, ის  ყველაზე მცირე უსამართლობასაც კი აღმოფხვრის.

ფიჭვი

სიბნელეში ფიჭვი სხვა ხეებზე ღიად გამოიყურება და წარმოგვიდგება სულიერებისა და ინტელექტის სიმბოლოდ. „გამჭრიახობის ცეცხლთან“ ამგვარ კავშირს, შეიძლება მივაკვლიოთ ჩრდილოეთის ხალხთა კულტურაში, რაც ფიჭვის გირჩის დაწვის რიტუალითაა წარმოდგენილი. ეს ფისოვანი ნაყოფი, იმ სიბრძნის საცავის სიმბოლოა, რომელსაც მთელი მატერიალური სამყარო უჭირავს. ფიჭვი სიმშვიდის და სულიერი სიმაღლის ხეა. თუ ცხოვრებაში დაგიდგათ სერიოზული ეტაპი, თქვენი ბედი წყდება და აუცილებელია მშვიდ გარემოში საკუთარ თავს უამრავ სერიოზულ კითხვაზე გასცეთ პასუხი, ამ შემთხვევაში, ფიჭვთან კომუნიკაცია ძალიან დაგეხმარებათ. ამ ხის აურა საკმაოდ ძლიერია, ის მთხოვნელს ეხმარება შემოქმედებით აღმაფრენაში, სულიერი გამჭრიახობის არნახულ დონეზე ამაღლებულობაში. პირდაპირი კონტაქტისას ფიჭვის ძალა ათავისუფლებს სულში ყოველდღიურად დაგროვილი გაღიზიანებისა და იმედგაცრუებისგან. მისი ენერგია დაგეხმარებათ ნერვული აშლილობისა და სტრესისგან თავის დაღწევაში. ვერცერთი ნევროზი ვერ გაუძლებს მის გავლენას. ფიჭვი მოწყალე ხეა. მას ღია, გახსნილი სულით უნდა მიმართოთ. ფიჭვს შეუძლია ადამიანის აურის გარეგანი ზემოქმედებისგან გაწმენდა, ნაწილობრივ ჯადოს მოხსნაც. ძველად თვლიდნენ, რომ ფიჭვის სურნელი დანაშაულის გრძნობისგან თავის დაღწევას უწყობდა ხელს.

ჭნავი

ჩვეულებისამებრ, ჭნავის მერქანზე ჭრიდნენ დამცავ ამულეტებს, რადგანაც იგი ჯადოქრობისგან დამცავი შესაძლებლობებით იყო ცნობილი. გარდა ამისა, ითვლებოდა, რომ მას შეეძლო დაცვა თვალის, ჯადოსა და ბოროტი ნებისგან. ამიტომ, ჭნავის მტევნებს კიდებდნენ პირუტყვის სადგომის შესასვლელთან ბოძებზე და კარების ზღურბლთან ათავსებდნენ. ითვლება, რომ ჭნავი ამძაფრებს აღქმას და ავითარებს წინასწარმეტყველების ნიჭს. ძველად, წმინდა ჭნავის ბუჩქები უძველესი ღმერთების საკურთხევლის ხელშეუხებელ ადგილებზე იზრდებოდა, რადგან იგი მაგიურ დაცვას უზრუნველყოფდა და წინასწარმეტყველებას უწყობდა ხელს. გარდა ამისა, მას უკავშირებდნენ საკუთარი გრძნობების კონტროლის და სხვისი ზემოქმედებისგან თავის დაცვის უნარს. დღემდე, დიდი ბრიტანეთიდან ურალამდე, უამრავ სოფელში, შემოდგომაზე, პატარა გოგონები მისი ნაყოფისგან ძაფზე აცმულ ყელსაბამს ატარებენ. დიდი ხანია დაივიწყეს ამ რიტუალის არსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამგვარი თილისმა ყოველთვის საუკეთესო დაცვად ითვლებოდა ნებისმიერი სახის უცხო  ჯადოსნობისგან (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჩრდილოეთში ჭნავის ამგვარი  ყელსაბამი ბრისინგამენის განსახიერებად, ფრეას წმინდა ყელსაბამად მიიჩნეოდა). ქალებისთვის, რომლებიც სიყვარულში ჭეშმარიტ სიამოვნებას ფიზიკური თვალსაზრისით პოულობენ, ჭნავი საუკეთესო მოკავშირეა. უშუალო კონტაქტმა შესაძლოა ქალში მიძინებული სექსუალობა გააღვიძოს. ჭნავისთვის ქალის საყვარელი ასაკი დაახლოებით 40 წელია. ასეთ ქალბატონებს იგი სიყვარულში განსაკუთრებით თბილ, ძალებით აღსავსე შემოდგომას ჩუქნის.

ტირიფი

ტირიფი წყლის მოყვარული ხეა. ალბათ ამიტომაც, მას ტრადიციულად აკავშირებენ ციკლურობასთან, რიტმთან, მიქცევებთან და მოქცევებთან. ქალის მაგიურობის ხეა, ასოცირდება მთვარესთან, მიწისა და წყლისადმი მიძღვნილ, ქალების მიერ შესრულებულ ყველა რიტუალთან. ტირიფის ენერგეტიკას კეთილს ვერ ვუწოდებთ, იგი გულგრილია სიკეთისა და ბოროტების მიმართ, მხოლოდ ბუნებას ემსახურება, ემორჩილება წონასწორობისა და სამართლიანობის კანონებს. მისი ენერგია საოცარ ძალას აძლევს ქალებს, რომელთაც ძალუძთ მოჯადოება, გადაყვარების შელოცვა, დამნაშავისთვის ზიანის მიყენება, მისი ბედისწერის გაფუჭება. ტირიფი საოცრად მგრძნობიარეა, შესაძლოა არ მოისურვოს თქვენთან ურთიერთობა. დასავლურ ტრადიციაში წყლისკენ დახრილი, მტირალი ხე უბედური სიყვარულისა და მწუხარების სიმბოლოდ იქცა.

ვაშლის ხე

ვაშლი პირველი ხეა დრუიდების ჰოროსკოპში. ევროპულ სიმბოლიზმში მარადიული სიცოცხლისკენ აღორძინების ხედ ითვლება. ბერძნებმა მემკვიდრეობით დაგვიტოვეს თქმულება  ჰესპერიდის ოქროს ვაშლების შესახებ, სკანდინავიელებმა ქალღმერთ იდუნისა და უკვდავების ვაშლების შესახებ, კელტური ეპოსი მოგვითხრობს ვაშლების ავალონეს ნეტარ კუნძულზე, სლავებში ეს გამაახალგაზრდავებელი ვაშლია. ამგვარად, ვაშლი განასახიერებს მარადიულ სიცოცხლეს. ვაშლის ხე პირველი კულტივირებული ხეა, ამიტომ, ეზოთერულ სწავლებაში გაცნობიერებულ არჩევანთან ასოცირდება. არჩევანთან და სავარაუდოდ, მკითხაობასთან დაკავშირებული ხე, წინასწარმეტყველებაში დიდად ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, მის მერქანს ოდითგანვე იყენებდნენ სასიყვარულო და სამკურნალო მაგიაში. ეს არის ქალის ძალის, სექსუალობის ხე, აღვიძებს მისი ბუნების მგრძნობიარე მხარეს. თუ ეროტიული ძალების მოზღვავება გსურთ, ზაფხულში, ვაშლის ხის ქვეშ დაიძინეთ. თუმცა, იგი ახალგაზრდა გოგონებს უფრო მეტი სიამოვნებით უზიარებს საკუთარ ძალებს. ვაშლის ხის ენერგიის ზემოქმედების ქვეშ გოგონას შეუძლია წარმოიდგინოს მისთვის შესაფერისი იდეალური მამაკაცის სურათი, სიზმარში კი საბედო იხილოს. მაგრამ, უფრთხილდით ცდუნებებს, რომლებშიც შესაძლოა ამ ხის წყალობით გაეხვეთ. ვაშლის ხის ენერგიისთვის არ არსებობს მორალური წესები, ის მხოლოდ ბუნების ძახილით ხელმძღვანელობს.

ანწლი

მთელს ჩრდილოეთ ევროპაში ამ ხეს პატივს სცემენ დიდიებული ჯადოსნური ძალის გამო. ძველი, მოტეხილი ტოტების ნაცვლად, ანწლზე ადვილად იზრდება ახალი ტოტები და ნებისმიერ, მიწაზე აღმოჩენილ ტოტს იოლად შეუძლია ფესვის გამოტანა. ანწლის ყვავილებისგან აყენებენ სისხლის გამწმენდ ჩაის, ქერქისგან მიიღება დამამშვიდებელი ნაყენი, მაგრამ მის ჩრდილქვეშ დარჩენილთათვის, ანწლისგან წამოსული აორთქლება დაავადების გამომწვევი და სასიკვდილოც კია. ხალხური რწმენის თანახმად, მისი სახლში დაწვა დაუშვებელია, რადგან გარდაუვალი უბედურების მოაქვს. შუა საუკუნეებში ჯადოქრობის ხედ ითვლებოდა, რომლის ტოტებსაც კუდიანები ღამის ფრენებისთვის იყენებდნენ. ანწლი ქვენა სამყაროს ბნელეთია. ის აქტიური, აგრესიული თავდაცვის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომაც ითვლება, რომ თუ იგი  სახლის ჭიშკართან იზრდება კარგია, მაგრამ მისი სახლში შეტანა არ ღირს.

კუნელი

კუნელი ხორციელი სიყვარულის ქალღმერთის ხედ ითვლებოდა. ხალხური რწმენით, ეს ხე მოჯადოებული იყო და უბედურებას უწინასწარმეტყველებდნენ მას, ვინც იმდენად უგუნური იყო, რომ ამ ხეს ხელყოფდა. ბავშვის სიკვდილი, პირუტყვის, დაგროვილი თანხის დანაკარგი მათი ხვედრი იყო, ვისაც ამ ეკლიანი ბუჩქის გასანადგურებლად გამბედაობა ჰყოფნიდა. და მაინც, ჩვეულების თუ თავად ხის მართებული პატივისცემის გამო, კუნელის ტოტებზე ნაჭრის ლენტებს აბამენ, რაც აშკარად ჰგავს ქალღმერთის შესაწირს. ამავდროულად კუნელს პატივს სცემდნენ, როგორც დამცავ მცენარეს. მისი ყვავილებით შფოთვების მომხსნელ, მადისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ ჩაის აყენებდნენ. ძველ საბერძნეთში კუნელში იმედისა და ქორწინების სიმბოლოს ხედავდნენ. მხოლოდ, შუა საუკუნეების დადგომისთანავე დაიწყეს მისი ჯადოქრობასთან ასოცირება. კუნელი განსაკუთრებით სასარგებლოა დამცავი და სასიყვარულო მაგიის თვალსაზრისით,  ქორწინების დაჩქარების ან გაძლიერების შელოცვებში.

ურთხელი

ჩრდილოეთის ტრადიციით, ურთხელს შეიძლება წმინდა ხე ეწოდოს. ძალიან ხშირად იზრდება წმინდა ადგილების მახლობლად. დასავლეთ ევროპაში, ხშირად რგავდნენ ეკლესიებთან, ან მათკენ მიმავალ გზაზე. სამარხების ირგვლივ ურთხელის დარგვა გამიზნული იყო მიცვალებულის დასაცავად, ასევე მოიაზრებოდა იმიერ სამყაროში გასასვლელ, ერთგვარ  ხიდად ან კარად. ძველად, იმიერ სამყაროში გასვლა შამანური რიტუალების დროს ხდებოდა, რომელსაც ჩრდილოეთ ქვეყნებში „ზეიდ“-ს უწოდებდნენ. „ზეიდ“-ის უცვლელ ნაწილს ურთხელის ქერქის, ფოთლების და ფისის საკმევლის კმევა წარმოადგენდა. ანუ, წარსულში ჯადოქრები ურთხელს მაგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხილვების გამოსაწვევად იყენებდნენ. მეორეს მხრივ, რადგან ურთხელი ევროპის კონტინენტზე ყველაზე დღეგრძელ ხედ ითვლება, იგი გადაიქცა მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ, სიკვდილზე და სიცოცხლის აღორძინებაზე მბრძანებელი მრავალი ღვთაების ატრიბუტად. ჩრდილოეთის ქვეყნებში ურთხელის მერქნისგან შუბებისა და ისრების ლილვებს (ტარებს), მძიმე საბრძოლო მშვილდებს აკეთებდნენ. დროთა განმავლობაში თავად ურთხელსაც მიანიჭეს დამცავი თვისებები და მისგან მრავალი დამცავი ამულეტი მზადდებოდა.

თელა

თელა ექსკლუზიურად მამაკაცის ხეა, ნამდვილი მამაკაცის ჭეშმარიტი სულიერი თვისებების ხე. სწორედ კაცებს ანიჭებს უპირატესობას, მხარს უჭერს ყველა მათ წამოწყებას, მაგრამ არ უყვარს უიღბლოები. მხოლოდ მას აძლევს ძალას, ვინც ბოლომდე იბრძვის. ხანდახან თელასთან ერთი კარგი კონტაქტიც კი წლების განმავლობაში მოქმედებს. შუა საუკუნეებში რაინდები თელასგან ამზადებდნენ შუბებს, არა მხოლოდ მერქნის სიმტკიცის გამო. ითვლებოდა, რომ ამ ხისგან დამზადებული შუბი მეომარს გამბედაობას უნერგავდა და წარმატება მოჰქონდა ბრძოლაში. მაგიის თვალსაზრისით, თელა შელოცვაში მდგრადობის და საყრდენის მომტანია.

თხმელა

თხმელას ფისოვანი, არალპობადი მერქნისგან ამზადებდნენ ხიმინჯებს, რომლებიც ტრადიციულად ევროპაში ჭაობიან ადგილებში საძირკველისთვის გამოიყენებოდა. ასევე, თხმელა დაკავშირებულია ხმლების წარმოებასთან, მესაჭურვლეები მის მერქანს აფასებდნენ, როგორც საუკეთესო ნახშირს ლითონის დასადნობად. ურთხელის მსგავსად, თხმელას მოჭრაც დიდ მკრეხელობად ითვლებოდა და მომჭრელის სახლში ხანძარის გამოწვევაც შეეძლო. სავარაუდოდ, მისი პრაქტიკული გამოყენებიდან გამომდინარე, თხმელა ეზოთერულ ტრადიციაში აღიქმება, როგორც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ქვედა, მიწისქვეშა სამეფოსა და ჰაერის, მიწისზედა სამეფოს შორის. იგი ოჯახის მფარველი ხეა. რაც მეტი ბავშვი და შვილისშვილია ოჯახში, მით მეტ მხარდაჭერას აძლევს ოჯახის წევრებს. აძლიერებს ნათესაურ კავშირებს, აერთიანებს ოჯახის წევრებს, ახასიათებს ადამიანების გვარში გაერთიანება. თუ თხმელას მიმართავთ ნათესაურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემით, იგი სიამოვნებით დაგეხმარებათ გამოსავლის პოვნაში. ეს ხე ქალებისთვის, ოჯახის ფუძის მფარველებისთვისაა, ის „დიდი სახლის“ ხეა. თხმელა დაგეხმარებათ, რომ თქვენი მეუღლე მიჯაჭვული იყოს სახლზე.

ვერხვი

ვერხვი უარყოფითი ენერგიის მშთანთქმელი ხეა. მისი ეს თვისება წარსულში ჯადოსნობად ითვლებოდა. ყველასთვის ცნობილია მაქციებთან და ვამპირებთან ბრძოლის საუკეთესო გზა ვერხვის პალოა. ძველად, ითვლებოდა, რომ ვერხვი ბოროტ სულებს დევნიდა, ამიტომ მას საცხოვრებლის მახლობლად რგავდნენ. ვერხვნარში შესაძლებელია ენერგეტიკული ვამპირების დევნისგან თავშესაფრის პოვნა, გარკვეულ წილად, ბოროტი თვალისა და ჯადოს შედეგების შემსუბუქება. ვერხვთან უშუალო კონტაქტი გაგიწმენდთ აურას მავნე ზემოქმედებებისგან. ამგვარი თვისება გააჩნია არა მხოლოდ ცოცხალ ხეს, არამედ მისგან დამზადებულ ნივთებსაც. ვერხვთან ურთიერთობა ეხმარება სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, აკვიატებული ფიქრებისა და უმიზეზო შიშების დროს. მაგიაში სიკვდილის აცილების ხედ ითვლება. ხელს უწყობს ადამიანის შინაგანი სამკურნალო ძალების გამოვლენას, რაც უზრუნველყოფს ხშირად მატყუარა გარეგანი საფარის ქვეშ დაფარული ჩვენი ჭეშმარიტი არსის წვდომას.

ღვია

ღვია ძლიერი გამწმენდი თვისებების მქონე ბუჩქია. მისი ძალა ძირითადად მიმართულია არა ადამიანებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ ნივთებზე. ბინაში მისი წიწვის დაწვა არასასიამოვნო ზემოქმედებისგან თავის დაღწევას უწყობს ხელს. ღვია ეხმარება თვალისა და ჯადოს მოხსნაში, სასიყვარულო შელოცვისგან თავის დახსნაში.

ლარიქსი

ლარიქსი სიმშვიდის მომნიჭებელი ხეა. თუ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს შიშები, ეჭვები, უსაფუძვლო შფოთვა, ლარიქსთან ურთიერთობა მას დიდ შვებას მოჰგვრის. კურნავს მძიმე ნერვულ აშლილობებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელსაც თანსდევს მელანქოლია და დეპრესია. მისი გავლენის დახმარებით სიცოცხლის საუკეთესო მხარეების დანახვაა შესაძლებელი.

ნაძვი

ნაძვი გთავაზობთ საკუთარ ენერგეტიკულ მხარდაჭერას მთელი წლის განმავლობაში. ის არ არის განსაკუთრებით ძლიერი თვისებების მატარებელი, მაგრამ მისი ენერგია ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ზამთარში ძალების ნაკლებობას უჩივის. იგი არ მოგცემთ საჭიროზე მეტ ენერგიას. ნაძვი ეხმარება ემოციების კონტროლში, განაწყობს ფილოსოფიური კუთხით. დამწვარი გამხმარი წიწვის სუნი შესანიშნავი საშუალებაა სახლის მავნე ზემოქმედებისგან გასაწმენდად.

წიფელი

ეზოთერული ტრადიციით წიფელი წარმოადგენს უძველესი ცოდნის სიმბოლოს, რომელიც რელიგიაში, უძველეს საკულტო ადგილებში, შელოცვებში და ხელნაწერებში გვხვდება.  აქ წიფელი წარმოდგენილია, როგორც გამცილებელი წარსულის ცოდნიდან - მომავლის ცოდნის შეძენამდე.

ასკილი

ასკილი ასტიმულირებს სათუთი გრძნობების გამოვლენას, პასუხისმგებელია სიყვარულის ემოციურ მხარეზე, მხარს უჭერს ადამიანებში ვნებას, სულიერ ჰარმონიას. თუ მოწყვეტთ ასკილის აყვავებულ ტოტს და აჩუქებთ საყვარელ ადამიანს, ის კი გულგრილი დარჩება მის მიმართ ე.ი. მისი გრძნობები არც ისეთი ღრმა და ძლიერია, როგორიც წარმოგედგინათ. ნაყოფში და ყვავილებში ასკილის კეთილი მაგიაა კონცენტრირებული.

შოთხვი

შოთხვი ნაზი ხეა. მეგობრულად განწყობილი ახალგაზრდობის მიმართ, აქიმობს ახალგაზრდების სულიერ იმედგაცრუებებს, ეხმარება ნაზი მიჯაჭვულობის გამოხატვაში, ახალგაზრდულ ვნებაში, მაგრამ არაფერს უშვებს უხამსს. თუკი თქვენში სხეული საუბრობს და არა სული, შოთხვი ვერ დაგეხმარებათ. მაშინაც კი, თუ უკვე აღარ ხართ ახალგაზრდა, გადაგღალათ ბედის უკუღმართობამ, მიმართეთ შოთხვს. მისი აურა დაგეხმარებათ ადამიანებისა და სიცოცხლის ხელახლა შეყვარებაში.

წაბლის ხე

საუბარია მდედრ წაბლზე. ამ ხესთან პირდაპირი კავშირი, მთის მღელვარე მდინარესთან ურთიერთობის ტოლფასია. მისი ენერგიის სუფთა და ძლიერი ნაკადი ჩამორეცხავს თქვენს უქეიფობას. მაგრამ მისგან ენერგიით შევსების მოლოდინი ნუ გექნებათ. წაბლი საკუთარი თავითაა დაკავებული. იგი ეგოისტია.

ნეკერჩხალი

ეს ის ხეა, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს სულიერი წონასწორების მოპოვებაში ეხმარება, მოაქვს სიმშვიდე, თავდაჯერებულობა. ეს არის შინაგანი ძალისა და წონასწორობის ხე. არ იცის განაწყენება, საკუთარ თავზე იღებს ემოციურ აფეთქებებს, ათავისუფლებს მღელვარე ვნებებისგან.

კვიპაროსი

კვიპაროსი ასევე, მამრობითი ხეა, გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალურ ძალაზე, სქესობრივ აქტივობაზე და არა მხოლოდ აძლიერებს პოტენციას ჯანმრთელ მამაკაცებში, არამედ კურნავს სუსტებს. კვიპაროსი არ აღიქვამს ქალის ორგანიზმს, მაგრამ მამაკაცის მეშვეობით ჰარმონია და ოჯახურ ურთიერთობებში სიახლე შეაქვს. მართალია, დისტანციაზე არ მოქმედებს, თუმცა, ამ ხესთან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, ადამიანის უშუალო კონტაქტი, ან მასთან ახლოს ყოფნაა კარგი. მაშინ კვიპაროსის ენერგია მამაკაცს მომხიბლაობის შარავანდედით მოსავს. კვიპაროსი ითხოვს წარმოქმნილი სურვილის დაუყოვნებლივ ასრულებას, ის მზად არის ხელი შეუწყოს მათ, ვინც მისგან დახმარებას ითხოვს.

ალვის ხე

ალვის ხე ადამიანების მიმართ სავსებით გულგრილია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ღრუბელივით იწოვს გარემოცვიდან ყოველგვარ უარყოფითს. ამიტომაც ქალაქებში იგი მედდის როლს ასრულებს, აუმჯობესებს გარემო პირობებს.

აკაცია

აკაცია სიცოცხლის ჩამსახველი ხეა. სწორედ აკაციას სთხოვენ ბავშვის დაბადებას, მაგრამ აუცილებელია მასთან ცოლ-ქმრის ერთობლივი ურთიერთობა. აკაციის გავლენა ხელს უწყობს ნაყოფიერებას, აღვიძებს შთამომავლობის გამრავლების ინსტიქტს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

ლილიტი– გამოვლინება და დამუშავება სახლებისა და ნიშნების მიხედვით

Guide to cats and kittens