» » ქართველი ერის (ეთნოსის) რუქა (II ნაწ.)
ასტროპროგნოზი / ასტროისტორია

ქართველი ერის (ეთნოსის) რუქა (II ნაწ.)

ქართველი ერის (ეთნოსის) რუქა  (II ნაწ.)
ქართველი ერის (ეთნოსის) რუქა  (II ნაწ.)





საუბრები საქართველოზე (თემა 2)













ჩემი სტატია “საქართველოს რუქა“ საკმაოდ პესიმისტურად სრულდება, თუმცა არცთუ მთლად ცუდადაა ჩვენი საქმე. ქართველი ერის დიდ პოტენციასა და მომავალზე მეტყველებს

ქართველი ერის რუქა

მუნდანური ობიექტის რუქის შედგენაზე მუშაობის დაწყებისას პირველი კითხვა ნატალური მომენტის განსაზღვრაა. ეთნოგენეზი ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია - რა მოვლენა შეიძლება ჩაითვალოს ერის დაბადებად? ჩვეულებრივ, ეთნოსის დაბადებას პირველი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უკავშირებენ. ასე მაგალითად, ცნობილი რუსი ასტროლოგი მ.ლევინი რუსეთის რუქას რიურიკოვიჩების გამეფებიდან ითვლის.

ქართველი ერის შემთხვევაში მდგომარეობა გაცილებით რთულია - ქართველთა ეთნოგენეზი ათასწლეულებს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა რამდენჯერმე ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომლებიც სხვადასხვა სახელებით არის ცნობილი. რომელი მათგანი უნდა ჩაითვალოს ერის დაბადების მომენტად?

ჩვენი წინაპრების პირველი მოხსენიება ძველ აღთქმაში გვხვდება: ნოეს შვილის იაფეტის ძეებს შორის სახელდებიან მოსოხი და თუბალი. დაახლოებით იმავე პერიოდს (XII საუკუნე ქრისტეს შობამდე) განეკუთვნება ასურულ წყაროებში უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დიაოხისა და კოლხას სახელების გამოჩენა. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ამ საზოგადოებებმა მატერიალური კულტურის განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს.

არსებობისთვის ბრძოლაში კოლხა და დიაოხი უპირისპირდებიან ასურეთისა და ურარტუს ძლევამოსილ იმპერიებს. საბოლოოდ დიაოხი ურარტუმ და კოლხამ გაიყვეს, თავად კოლხა და ურარტუ კი ჩრდილოეთიდან შემოჭრილი კიმირიელებისა და სკვითების ველურმა ურდოებმა გაანადგურეს.

კოლხიდის სახელმწიფოდ სიდიადესა და ბრწყინვალებაზე გადმოცემა ბერძნულმა მითებმა შემოგვინახეს. ქვეყნის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აქ იჭრება „კოლხური თეთრი“, ერთ-ერთი პირველი მონეტა მსოფლიოში. VI საუკუნის კოლხეთი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებს.

ქრისტეს შობამდე VII საუკუნის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთით მიდიის სამეფო ჩნდება, რომელიც საკმაოდ მალე ჩაანაცვლა აქემენიდთა დიადმა იმპერიამ. ქართველურ ტომთა ნაწილი ამ იმპერიის შემადგენლობაში ხვდება, ნაწილი „ნებაყოფლობითი“ ხარკის გადახდით ინარჩუნებს დამოუკიდებულებას.

ქრისტეს შობამდე VI-IV საუკუნეებში ინტენსიურად მიმდინარეობს კონსოლიდაცია სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განსახლებულ ქართთა ტომებისა, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობენ მესხები. ისინი მცირე აზიიდან ჩრდილო აღმოსავლეთისკენ მოიწევენ და საკუთარ დასახლებებს აარსებენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება მცხეთა (მ(ე)სხ-ეთა). სწორედ იგი ხდება დედაქალაქი ქართველთა მომავალი გაერთიანებისა, რომელიც ანტიკურ წყაროებში იბერიის სახელითაა ცნობილი.

IV საუკუნეში ალექსანდრე დიდის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა საწყისი მისცეს ოიკუმენის კულტურულ-ცივილიზაციურ გაერთიანებას, რომელიც ელინიზმის სახელით არის ცნობილი. იბერია ელინისტური სამყაროს ღირსეული და გამორჩეული წევრია.

ძველქართული ისტორიოგრაფიული ტრადიცია ქართულ სახელმწიფოებრიობას ალექსანდრე დიდის სახელს უკავშირებს: ქართლის პირველი მეფე აზო (აზონ) მაკედონელის ერთ-ერთ სარდლად სახელდება. არიან ქართლის მეფის ძე აზო მაკედონური მხარდაჭერით მოდის მცხეთაში, კლავს ქართლის მამასახლისს სამარას და იბერიის პირველი მეფე ხდება. არიან ქართლად იწოდებოდა პროტოქართველებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც აქემენიდების იმპერიაში შედიოდა და რომელსაც შუა საუკუნეების მსოფლიო კაპადოკიის სახელით იცნობს. აზოსთვის უცხო კულტურის აპოლოგეტობა ბუნებრივი იყო.

მცხეთაში მაზდეან მოგვებსა თუ ებრაელებს საკუთარი სამლოცვლოები ჰქონდათ, ვრცელდებოდა ელინური და არამეული კულტები. მკვიდრდებოდა უცხო ენა და ლექსიკა. თავად სახელის - ფარნავაზ - წარმოშობა ნათლად მიუთითებს ირანული გავლენის სიმძლავრეზე. აზოს სამეფოს კულტურული ამორფულობა არ გვაძლევს საშუალებას იგი ეროვნულ წარმონაქმნად განვიხილოთ.

ფარნავაზი, როგორც ძველი არისტოკრატიის წარმომადგენელი, აზოს კარზე მიღებული დიდებული იყო. თუმცა, ანტიაზონური ოპოზიცია პერსპექტივაში მას მაინც მოიაზრებდა საკუთარ ლიდერად. რაინდული საფეხურების გავლისა და უმაღლესი ხელდასხმის (მითოსის ენით - განძის პოვნა) მიღების შემდეგ მას მორჩილება გამოუცხადეს ქართველური ტომების არხონტებმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის კოლხთა უპირველესმა მამათავარმა ქუჯიმ. აზოს ხელისუფლება დაეცა.

ფარნავაზმა გაატარა სახელმწიფო მოწყობისა და ადმინისტრაციული დაყოფის რეფორმა, დააკანონა სახელმწიფო რელიგია, ენა და მწიგნობრობა. მან საფუძველი ჩაუყარა დინასტიას, რომელიც თითქმის ცხრა საუკუნის მანძილზე მეფობდა. სწორედ ფარნავაზს ეკუთვნის გენეტიკური ნათესაობის საფუძველზე კოლხებისა და იბერების ერთიანობის იდეის პირველი პრაქტიკული ხორცშესხმა. მისი ეს როლი ძალზე სხარტად აქვს გამოხატული პოეტს:

შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი!

ალბათ საკამათო არ უნდა იყოს, რომ ქართველი ერის ნატალურ მომენტის საპოვნელად სწორედ ფარნავაზის პერიოდზე უნდა იქნას აღებული ორიენტაცია. თუმცა ამ დასკვნას ასტროლოგიური დადასტურებაც სჭირდება.

323 წელს ქრ.შ-მდე ურნისა და პლუტონის შეერთებაზე გარდაიცვალა ალექსანდრე მეკედონელი. ამ ასპექტით დაიწყო ახალი ციკლი, ახალი ეპოქა ძველი მსოფლიოს ისტორიაში, ჩაისახა ახალი იდეა, გაჩნდა იმპულსი, რომელიც მომავალში გაცნობიერდება.

საქართველოს შემთხვევაში ზემოხსენებულ შეერთებაზე (ან მის ორბისში) უნდა მომხდარიყო აზოს გამეფება. სავარაუდოდ აქ ჩაისახა ერთიან ნაციად გაერთიანების აუცილებლობლობის არაცნობიერი იმპულსი. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ ურან-პლუტინის ასპექტების ორბისებში უნდა ხდებოდეს კარდინალური მოვლენები ერის ცხოვრებაში. მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის რუქის ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველი ეთნოსი მოვლენების დონეზე მართლაც რეაგირებს ურან-პლუტონის პრაქტიკულად ყველა ასპექტზე.

ამიტომ ვივარაუდე, რომ ურან-პლუტონის პირველივე მაჟორულ ასპექტზე, რომელიც აზოს გამეფების შემდეგ შედგა, საქართველოში კარდინალური ცვლილება უნდა მომხდარიყო.

300-298 წლებში ქრ.შ-მდე იყო ურან-პლუტონის მარჯვენა კვადრატი. დაახლოებით ამ პერიოდზე მიგვითითებს მემატიანე „ქართლის ცხოვრება“. კვადრატი ორბისში იყო 299 წლის 20 ოქტომბრიდან 298 წლის 18 აპრილამდე. ამდენად, საკვლევი პერიოდი ნახევარწლიან მონაკვეთამდე შემცირდა.

შემდგომი მსჯელობით იმაზე, თუ როგორ ვიპოვე უშუალოდ დღე და საათი, აღარ დაგტვირთავთ. პირდაპირ მომყავს რეზულტატი: ქრისტეს შობამდე 299 წლის 21 დეკემბერი. თარიღი რამდენიმე განსხვავებული ემპირიული მეთოდით იქნა გადამოწმებული. ქვემოთ გავარჩევ ქართველი ერის დაბადების მიღებულ ჰოროსკოპს.

პირველ სახლს, ცხადია, გადმწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ითვლება, რომ იგი წარმოაჩენს ერს მთლიანობაში. პირველი სახლის კუსპიდის ნიშანი შესაძლებელია წარმოადგენდეს ეროვნულ მითს, ერის სახეს და მის წარმოდგენას საკუთარ თავზე, ეროვნულ მახასიათებლებს და, გარკვეულწილად, სახლმწიფოს ბუნებას.

ასცენდენტი ლომში. პირველი სახლი - ლომი და ქალწული, ამომავალი იუპიტერი.

”ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვით შავგურემან და მოყვითან, იშვით თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული. ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვით სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი, რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს. სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაი შეიჭირვიან; უხუნი, არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ, საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი. არმედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თვინიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე, და ჰგონებენ დიდ-მცონარობად, ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ-ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავხედნი, დიდების მოყუარენი, თუალ-მგებნი და მოთაკილენი. ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრობენ, მზგავსნი ნადირთა, გარნა გონიერნი“.

ვახუშტი ბატონიშვილის ეს დახასიათება საკმაოდ ზუსტად ასახავს ლომში ამომავალ იუპიტერს. ამას დავუმატებდი ქართველთა არისტოკრატიზმს: ყველა ქართველი „კეთილშობილი წარმოშობისაა“ (1913 წლის აღწერის მიხედვით რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურობის 54% ქართველი იყო!). ქართველებს არასდროს ერცხვინებათ საკუთარი ერის შვილობა და ამაყობენ, რომ სახელოვანი წინაპრების მოდგმასა და ტრადიციებს აგრძელებენ.

შეხვედრისას ქართველები ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებენ. საინტერსოა, რომ ძველინდურ მანუს კანონებში, რომლებიც განსაზღვრავენ სხვადასხვა ვარნის უფლება-მოვალეობებსა და ქცევის წესებს, ასეთი მისალმება ახასიათებს კშატრიებს, მმართველებისა და მეომრების ვარნას; ბრაჰმანებმა შეხვედრისას ერთმანეთს მადლი უნდა უსურვონ, ვაიშებმა - ხეირი, ხოლო შუდრებმა - ჯანმრთელობა. ქართველებს სხვა კშატრიული თვისებებიც უხვად აქვთ. მაგალითად, იგივე კანონები აკისრებენ კშატრიას ვალდებულებას ესწრაფვოდეს „ჩინებულობასა და ბრწყინვალებას“. იმისათვის, რომ გამოიყურებოდეს დიდებულად ქართველი დიდ მსხვერპლზეა წამსვლელი. ადრე ეს გაუმართლებელად, არასერიზულადაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ როდესაც მძიმე გამოცდების დრო დადგა, მივხვდი, რომ მხოლოდ ასეთ განწყობას შეუძლია იხსნას ადამიანი დაცემისგან.

გარეგნული წარმატებულობა და ქცევის შესაბამისი მანერა ხშირად შეიძლება არ შეესაბამებოდეს მძიმე მდგომარობას, რომელშიც ადამიანი იმყოფება - ეს იუპიტერის აბსოლუტურად სწორი დახასიათებაა.

იუპიტერი ასევე არის მმართველი მეოთხე სახლსა, რომელიც საზოგადოების საძირკველს, საფუძველს, ღრმად ფესვგამდგარ ტრადიციებს წარმოადგენს. იგი სიმბოლიზებს „უბრალო ხალხს“, ხელისუფლების ოპოზიციას, სახალხო მასებისა და ოპოზიციის იდეოლოგიას. მეოთხე სახლი ხშირად შეესაბამება პატრიოტიზმს - საკუთარი ქვეყნის სიყვარულის იდეოლოგიას.

იუპიტერი ამ ჰოროსკოპის მთავარი პლანეტა - ასპექტთა მეფეა: მისი კონფიგურაციების აღწერით შესაძლებელია მთელი ჰოროსკოპის აღწერა.

ყველაზე ძლიერი კონფიგურაცია, რომელშიც შედის იუპიტერი არის აფრა. მისი წვეროა პლუტონი მე-10 სახლში, რომელიც მე-4 სახლს მართავს. ეს მიუთითებს, რომ ქართველ ეთნოსს, ერს გააჩნია მკვდრეთით აღდგომის თვისება (როგორ არ გავიხსენო იოანე ზოსიმე: „...სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან“). სიკვდილით კი ბევრჯერ მოვმკვდარვართ და ყოველთვის ფენიქსივით აღვსდექით ფერფლიდან. თითქმის ყოველთვის ასეთი აღდგომა პიროვნულ საქციელზე, ინდივიდუალურ გმირობაზე დგას (დავით და კონსტანტინე მხეიძენი, დავით აღმაშენებელი, ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ილია ჭაჭავაძე...)

მიაქციეთ ყურადღება, რომ პლუტონ-ვენერას ოპოზიციაზე, რომელზეც აფრა არის აგებული, დგას კიდევ ერთი კონფიგურაცია - ტაუ-კვადრატი, წვეროში ურანით. ურანი განაგებს პოლიტიკურ რევოლუციებსა და ნოვაციებს, ეკონომიკურ ცვლილებებს, გაფიცვებს, დისიდენტურ მოძრაობებს, ომებს (თუკი ისინი ანგრევენ არსებულ წესრიგს). ჩვენი ურანი მე-7 სახლს მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მტკივნეულ ცვლილებებს ჩვენ გვახვევენ გარედან, იქნება ეს ომის თუ რაიმე სხვა საშუალებით.

მკვეთრ ცვლილებებს რომ დავმორჩილებოდით, აუცილებლად დავიღუპებდით. მაგრამ აფრა თავის სამუშაოს ასრულებს: ჩვენ ვახერხებთ თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს მივიღეთ შემოთავაზებული წესები, მაშინ როდესაც, ძნელად ვგუობთ გარედან დანერგილს. ჩვენ საკუთარი კანონებით ვვითარდებით (სატურნი ვერძში), ბევრ რამეს ვეწყობით (მუტაბელური ჯვრის გამორჩეული სიძლიერე) ან თავს ისე ვაჩვენებთ თითქოს დავმორჩილდით, შევეგუეთ.

მთვარე კუროში, მე-10 სახლში

უმთავრესი რასაც სიმბოლირებს მთვარე მუნდანურ რუქაში არის ერში გაბატონებული მოთხოვნილებები. მთვარე კუროში - ძირითადი მოთხოვნილებაა სტაბილურობა, მე-10 სახლში - ეს მოთხოვნილება ერს უმთავრეს მიზნად აქვს დასახული და მისკენ მიისწრაფვის. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. სტაბილურობის მიღწევაში ხელს გვიშლის შინაგანი მზაობა რევოლუციური ცვლილებებისადმი (ტრინი მთვარე-ურანი), ასევე არადისციპლინირებულობა (ტრინი მთვარე-ნეპტუნი).

მთვარე კუროში ასევე იძლევა მატერიალური სიკეთეებისადმი სწრაფვას. ყველასთვის ცნობილია ქართულ სუფრის სიუხვე, იგი დროდადრო უხერხულობამდეც კი მიდის. ქართველი დიასახლისი, უკანასკნელს გამოიტანს, მაგრამ არავის აჩვენებს, რომ მისი ოჯახი უჭირს. ეს უკვე არის მთვარის კვადრატი იუპიტერთან. ხოლო მთავრის ასპექტები ურანთან და ნეპტუნთან ხელს უშლის ამ სიკეთების გამრავლებასა და დაგროვებას. კვლავ ვახუშტი ბაგრატიონს დავესესხები: „უხუნი, არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ, საუნჯეთა არა მმესველნი“.

მთვარე მართავს ერის ქალურ ნახევარს, განაგებს ერის მიმართებას ქალის, როგორც საზოგადოების წევრისადმი და, ზოგადად, ქალურობისადმი. ქალის, დედის თემა, ფაქტიურად კულტი, ქართველებისთვის განსაკუთრებით სათუთია. და არა მხოლოდ მხატვრული შემოქმედბის, არამედ ყოველდღიური ყოფის დონეზეც. რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ რუსულ თოქ-შოუში ქალებს მამაკაცების გარჩევა შესთავაზეს. აუდიტორია მივიდა დასკვნამდე, რომ მხოლოდ ქართველი მამაკაცის გვერდით შეიძლება იგრძნო თავი სრულფასოვან ქალად. მანდილოსნისადმი მიდგომის ქართული სტერეოტიპი ასე აღიქმება სხვა ერის ქალების მიერ. თუმცა, ასეთი აღქმის მიზეზი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართველი მამაკაცები არიან.

ერის ჰორსკოპში მამაკაცებს აღწერს მზე. ჩვენს შემთხვევაში იგი მშვილდოსანშია. მშვილდოსანს კი თავის გამოჩენა უყვარს. იგი უტევს მახვილსიტყვაობით, თავბრუს ახვევს ყურადღებით და აცდუნებს ფანტასტიკური გეგმებით. შეყვარებული ქართველი კი - ნებისმიერი იმ ქალის ოცნებაა ვინც მამაკაცების რწმენა დაკარგა. იგი წარმოუდგენლად მზრუნველი, ყურადღებიანი, რომანტიული და მგრძნობიარეა.

ქართველ მამაკაცებს უყვართ ცხოვრებისეული სიამოვნებანი, ქეიფი, ჭამა-სმა, არ ზრუნავენ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე, მაგრამ შეუძლიათ ასკეტიზმის მაგალითებიც გახდნენ. მათთვის დამახასიათებელია იყვნენ მისაბაძები, უყვართ პირველობა, სიამოვნებთ ზეგავლენა სხვებზე და მათი ფორმირება. ნეგატიურ ვარიანტში მშვილდოსანი იძლევა პატივმოყვარეობას (ხშირად გამოსულელებამდე), კრიტიკის მტკივნეულ აღქმას, ზედმეტობებით გატაცებას: ლოთობას, მუცელღმერთობას. მას არ აქვს ზღვრის გრძნობა, უყვარს ტრაბახი, ხშირად პირდება მეტს, ვიდრე შეასრულებს. შეუძლია შეაგროვოს ქონება, თუმცა საკმაოდ იოლად შეუძლია მისი გაფლანგვაც.

ჰოროსკოპი კარგად აღწერს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს ჩვენს საზოგადოებაში. პირველი, რასაც ესწრაფვის ქალი არის კანონიერი ცოლის ან მუდმივი საყვარლის მდგომარობა. მისთვის სრულიად მიღებელია ჰარემის ერთ-ერთი ცოლის ხვედრი. ქართველი ქალი არ არის უაზროდ ეჭვიანი, მაგრამ იგი მესაკუთრეა და მისი წარმოდგენა სიყვარულზე საკუთარი გამორჩეულობის გრძნობას ემყარება. თუმცა მას უწევს შეურიგდეს თავისი მამაკაცის სწრაფვას თავისუფლებისაკენ, მის გადატვირთულობას კონტაქტებით, რისკიან წამოწყებებსა და მრავალრიცხოვან მეგობრებს.

საინტერესოა ბავშვებისადმი მიმართება. ყოველი ქართველი მამაკაცისთვის შვილი გამორჩეულია: ის ან პრინცია ან პრინცესა. მას არაფერი ენანება შვილისთვის. თავად იმ ფაქტის წყალობით, რომ მისი შვილია, ის ყველაზე ჭკვიანია და ნიჭიერი. თუმცა, ბავშვბის აღზრდით თითქმის არ არიან დაკავებული. და, საერთოდ, ყოველდღიურ რუტინაში ნაკლებად მონაწილეობს. ქალები კი გაგიჟებული არიან ბავშვების განათლებაზე და აკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს... და შეუძლებელს.
გაგრძელება იქნება...

ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens