ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)

გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)

გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)
ადამიანი მრავალსახოვანი, „სხვადასხვაგვარი“ არსებაა (ლონდონი, 1922)

ადამიანი მრავალსახოვანი არსებაა. როდესაც ჩვეულებისამებრ ჩვენს თავზე ვლაპარაკობთ, ვამბობთ „მეს“ შესახებ. ჩვენ ვამბობთ: „მე“ ვაკეთებ ამას, „მე“ ვფიქრობ ამას, „მე“ მინდა ეს გავაკეთო. მაგრამ ეს შეცდომაა.

ასეთი „მე“ არ არსებობს. ურო ზუსტად, თვითოეულ ჩვენთაგანს ასობით, ათასობით პატარა „მე“ გააჩნია. ჩვენ მრავალ ნაწილად ვართ გაყოფილნი, მაგრამ ჩვენი არსების მრავალგვარობა, მრავალნაირობა შეიძლება გავაცნობიეროთ მხოლოდ დაკვირვებით და შესწავლით. ერთ რომელიმე მომენტში ჩემში ერთი „მე“ მოქმედებს, მეორე მომენტში კი სხვა „მე“. ეს „მეები“ ჩვენში წინააღმდეგობრივია და ამიტომ ჩვენი ქცევა, მოქმედება ჰარმონიული არ არის.

საერთოდ, ადამიანები ჩვენი ფუნქციებისა და ძალების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილით ვცხოვრობთ, რადგან ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ მანქანები ვართ, და ჩვენი მექანიზმის ბუნებას და ფუნქციონირებას არ ვიცნობთ.

ჩვენ მანქანები ვართ. ჩვენ მთლიანად გარეშე მოვლენები გვმართავს. ამ გარეშე ძალების ზეგავლენით მუდამ უმცირესი წინააღმდეგობის გზით მივდივართ. თვითონ სცადეთ: ფლობთ, მართავთ თქვენს შეგრძნებებს, გრძნობებს? არა. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შეეცადოთ დათრგუნოთ, ჩაახშოთ ისინი, ანდა ერთი შეგრძნება მეორით განდევნოთ, შეცვალოთ. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გრძნობების მართვა. ისინი გვმართავენ ჩვენ.

მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ რაიმე გააკეთოთ - თქვენს ინტელექტუალურ მე-ს შეუძლია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როდესაც მის შესრულებაზე მიდგება საქმე, გიკვირთ, გაოცებთ ის გარემოება, რომ სწორედ საწინააღმდეგოს აკეთებთ.

თუ გარემოებანი ხელს უწყობენ თქვენს განზრახვას, გადაწყვეტილებას, მაშინ მას შეძლებისდაგვარად ასრულებთ, ხოლო თუ არ უწყობს, მაშნ ყველაფერს აკეთებთ, რასაც ისინი გკარნახობენ და საითკენაც გიბიძგებენ. თქვენ ვერ ფლობთ, ვერ განაგებთ თქვენს ქცევა-მოქმედებებს. თქვენ მანქანა ხართ და გარეშე მოვლენები, ძალები განაგებს, მართავს თქვენს მოქმედებებს თქვენი სურვილების გაუთვალისწინებლად.

მე არ ვამბობ: არავის შეუძლია განაგოს, მართოს თავისი ქცევები. მე ვამბობ: თქვენ არ შეგიძლიათ ეს, რადგან თქვენ გაყოფილი ხართ. თქვენში არის ორი ნაწილი, ორი მხარე: ძლიერი და სუსტი. როდესაც თქვენი ძლიერება იზრდება, მაშინ თქვენი სისუსტეც მატულობს და ნეგატიურ ძალად იქცევა, ტუნდაც ისწავლოთ მისი შეჩერება.

ჩვენ რომ შეგვეძლოს ჩვენი ქცევა-მოქმედებათა ფლობა, ყოველივე სხვანაირად იქნებოდა. როდესაც მივაღწევთ განვითარების გარკვეულ საფეხურს, მაშნ ჩვენი არსების ყოველი ნაწილის მართვას შევძლებთ. მაგრამ ისე, როგორც ახლა ვართ, იმის გაკეთებასაც კი ვერ შევძლებთ, რასაც განვიზრახავთ.
(აქ საუბარში ერთი თეოსოფი ჩაერია, რომელმაც თქვა, ჩვენ შეგვიძლია პირობების შეცვლაო).

პასუხი: პირობები არასოდეს იცვლება. ისინი მუდამ იგივე რჩება. არ არსებობს ნამდვილი შეცვლა, არსებობს მხოლოდ გარემოთა ვარირება.

შეკითხვა: არ არის ცვლილება, როცა ადამიანი უკეთესი ხდება?

პასუხი: კაცობრიობისთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს. ერთი ადამიანი უკეთესი ხდება. მეორე კი - უარესი. ბოლოს ყველაფერი ისევ თანაბრდება.

შეკითხვა: მაგრამ გულწრფელობა, მატყუარა ადამიანის გულახდილად ქცევა არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი?

პასუხი: არა, ეს იგივეა. თავიდან იგი მექანიკურად ტყუის, რადგან სიმართლის თქმა არ შეუძლია. შემდეგ მექანიკურად ამბობს სიმართლეს, რადგან ეს უფრო ეადვილება. სიმართლეს და სიცრუეს ჩვენთვის მასინ აქვს მნიშვნელობა, როდესაცმათ ვფლობთ, ვმართავთ. ისე, როგორც ვართ, არ შეგვიძლია „მორალური“ ვიყოთ, რადგან „მექანიკური“ ვართ.

ადამიანი რელატიურია - სუბიექტური, წინააღმდეგობრივი და მექანიკური. ეს ყოველივე ჩვენ გვეხება. სხეულით აღბეწდილი ადამიანი, გრძნობით აღბეჭდილი ადამიანი, გონების ადამიანი - თვითოეულს ზნეობრივ პრინციპთა მთელი წყება გააჩნია, რომელიც მის ბუნებას შეესატყვისება.

მანქანა ყოველ ადამიანში გაყოფილია სამ ძირითად ნაწილად - სამ ცენტრად. დააკვირდით საკუთარ თავს რომელიმე მომენტში და ჰკითხეთ თქვენს „მეს“: საიდან წარმოიქმნება ის „მე“, ამ წამში რომ მოქმედებს? აზროვნების ცენტრს ეკუთვნის იგი, გრძნობების ცენტრს თუ მოძრაობის ცენტრს? თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ ეს სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რაც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი; მაგრამ თქვენი „მე“ ერთ-ერთს მიეკუთვნება.
კითხვა: არსებობს აბსოლუტური მორალური კოდექსი, რომელიც ყველასთვის თანაბრად იქნებოდა სავალდებულო?

პასუხი: თუ სამივე ძალის გამოყენებას შევძლებთ, რომლებიც ცენტრებს მართავენ, მაშინ მოვახერხებთ, „ვიყოთ მორალურნი“. მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვიდრე საკუთარი ფუნქციების მხოლოდ ერთი ნაწილით ვსარგებლობთ, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ „მორალურნი“. ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ მექანიკურად ვიქცევით, მანქანას კი არ შეუძლია იყოს „მორალური“.

კითხვა: მდგომარეობა უიმედო ჩანს.

პასუხი: სწორედ ასეა. იგი უიმედოა.

კითხვა: როგორ შეგვიძლია შევიცვალოთ ისე, რომ ჩვენი სამივე ძალა გამოვიყენოთ?

პასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი არის იმ უნარის უქონლობა, რომ ჩვენი ნება-სურვილი ერთდროულად სამივე ამ ცენტრზე გადავანაწილოთ, რათა საკუთარი ქცევები ვმართოთ.

კითხვა: შეგვიძლია ჩვენი ნების ერთ-ერთ ცენტრზე მიმართვა?

პასუხი: რასაკვირველია. ზოგჯერ ასეც ვაკეთებთ. ხანდახან ვახერხებთ კიდეც ვფლობდეთ რომელიმე ცენტრს გარკვეული ხნით, რასაც უჩვეულო შედეგები მოჰყვება ხოლმე (იგი ჰყვება ერთი პატიმრის შესახებ, რომელიც თავის ცოლს რომ როგორმე ამბავი შეატყობინოს, ქაღალდის გორგალს ძალზე მაღალ და ძნელად მისაწვდომ ფანჯარაზე ააგდებს. ეს ერთადერთი საშუალებაა თავისუფლების მოსაპოვებლად. თუ სროლა პირველ ცდაზე არ გამოუვა, მეტი შანსი აღარ ექნება. ამას იგი წამსვე, ერთბაშად აკეთებს თავისი სხეულებრივი ცენტრის სრული დაუფლებით და ისეთი რამის განხორციელებას ახერხებს, რასაც ადრე ვერასოდეს გააკეთებდა).

კითხვა: იცნობთ ისეთ ადამიანს, რომელმაც ცნობიერების ასეთი მაღალი საფეხურის მიღწევა შეძლო?

პასუხი: მე „დიახ“-ს გეტყვით, თუ „არა“-ს, ამას არავითარი მნიშნელობა არ აქვს. თუ ვიტყვი „დიახ“, მაშინ ამას ვერ შეამოწმებთ, ვერ გააკონტროლებთ, ვიტყვი „არა“, ამით არაფერი შეგემატებათ. საქმე იმაში არ არის, მერწმუნებით თუ არა. მე გთხოვთ, ნურაფერს დაიჯერებთ, რისი შემოწმებაც თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ.

კითხვა: თუკი ჩვენ სრულიად მექანიკურნი ვართ, როგორ უნდა მივაღწიოთ საკუთარი თავის ფლობას? შეუძლია მანქანას ფლობდეს თავის თავს?

პასუხი: სწორი კითხვაა. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ თვითონ ვერ შევცვლით საკუთარ თავს, მხოლოდ ჩვენი თავის ცოტათი მოდიფიცირება თუ შეგვიძლია. საერთოდ, ცხადია, მხოლოდ გარეშე ძალების დახმარებით შეიძლება ჩვენი შეცვლა.

ეზოთერულითეორიების მიხედვით კაცობრიობა ორ წრედ, ორ სფეროდ იყოფა: ერთია უფრო მოზრდილი სფერო, რომელიც ყველა ადამიანურ არსებას მოიცავს და მეორე - უფრო პატარა სფერო, რომლებშიც შედიან ადამიანები თავიანთი ცოდნისა და გაგების, წვდომის უნარის მიხედვით. ნამდვილი მითითება, სწავლება, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი შეცვლა, მხოლოდ ამ გარემოდან იღებს დასაბამს.და ჩვენი მოძღვრების მიზანია სწორედ ამგვარი მითითების აღქმის, გათავისებისათვის მოგვამზადოს. ჩვენ თვითონ, საკუთარი ძალებით ვერ შევიცვლებით. ასეთი რამ შესაძლოა მხოლოდ გარედან მოხდეს.

ყველა რელიგია მიუთითებს საერთო ცოდნის ცენტრის არსებობაზე. ყველა საღმრთო წერილში დამოწმებულია ცოდნა. მაგრამ ადამიანებს არ სურთ გაიგონ ეს.

კითხვა: მაგრამ ჩვენ უკვე განა დიდძალ ცოდნას არ ვფლობთ?

პასუხი: დიახ, მეტისმეტად სხვადასხვაგვარ ცოდნას. ჩვენი დღევანდელი ცოდნა ემყარება გრძნობად აღქმებს, ისევე, როგორც ეს ბავშვებში ხდება. ჩვენ თუ ნამდვილი ცოდნის შეძენა გვსურს, მაშნ უნდა შევიცვალოთ. ჩვენი არსების განვითარებით შეგვიძლია ცნობიერების მაღალ საფეხურს მივაღწიოთ - ეს იქნება ცვლილება, განვითარება, ცოდნის წარმოშობა ჩვენი არსების, ჩვენი „მე“-ს ცვლილებიდან. ცოდნა, თავისთავად, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. უპირველესად საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, და ამ თვითშეცნობის დახმარებით ვისწავლოთ, თუ როგორ შევიცვალოთ - ცხადია, თუ საერთოდ გვსურს შეცვლა.

კითხვა: და ეს ცვლილება მაინც გარედან უნდა მოხდეს?

პასუხი: დიახ, როდესაც ახალი ცოდნისთვის მზად ვიქნებით, იგი (ეს ცვლილება) ჩვენთან მოვა.

კითხვა: შესაძლებელია ფიქრებით, მსჯელობებით საკუთარი გრძნობების შეცვლა?

პასუხი: ჩვენი მანქანის ცენტრს არ შეუძლია სხვა ცენტრის შეცვლა. მაგალითად, ლონდონში მე გაღიზიანებული ვარ, ამინდი და ჰავა ცუდ განწყობაზე მაყენებს, მაშინ როცა ინდოეთშიკარგ ხასიათზე ვარ, ჩვეულებრივ, შესანიშნავი განწყობილება მაქვს. აქედან გამომდინარე, გონება მკარნახობს, ინდოეთს გავემგზავრო, სადაც გუნება-განწყობილება სასიკეთოდ შეიცვლება. მეორე მხრივ კი ვხედავ, რომ ლონდონში სამუშაოს ვიშოვნიდი. ტროპიკებში ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, მაშასადამე სხვა მიზეზების გამო ვიქნებოდი გაღიზიანებული. თქვენ ხედავთ, გრძნობა არსებობს მსჯელობისაგან თუ ფიქრისგან დამოუკიდებლად და თქვენ არ შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანის შეცვლა მეორეს დახმარებით.

კითხვა: რა არის უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობა?

პასუხი: არსებობს სხვადასხვა ცნობიერების მდგომარეობა:

1) ძილი, რომლის დროსაც ჩვენი მანქანა კვლავ ფუნქციონირებს, ცხადია, ძალზე მცირე ზეგავლენის ძალით.
2) სიფხიზლის, ღვიძილის მდგომარეობა, რომელშიც ამ მომენტში ვიმყოფებით. ეს ის ცნობიერების მდგომარეობებია, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანი იცნობს.
3) ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც თვითშეცნობა, საკუთარი არსების გაცნობიერება ეწოდება. ეს არის წამი, მომენტი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს და თავის მანქანას (მექანიზმს) აცნობიერებს. ჩვენ ამას ერთ ელვისებურ წამში ვგრძნობთ, მხოლოდ ერთ გაელვებაში. არის წამები, როდესაც თქვენ არა მხოლოდ იმას აცნობიერებთ, რასაც სწორედ ახლა აკეთებთ, არამედ საკუთარ თავსაც ამ ქმედებაში. თქვენ ხედავთ, გრძნობთ „მეს“, ამასთანავე „აქ“-ს, „ახლა“-ს, გულისწყრომას და ამასთანავე „მე“-ს, რომელიც გულმოსულია. თუ გნებავთ ამას საკუთარი თავის გაცნობიერება, გააზრება ვუწოდოთ.

როდესაც თქვენ სრულყოფილად და განუწყვეტლივ იცნობიერებთ, შეიგრძნობთ „მე“-ს და აგრეთვე იმას, თუ რას „აკეთებს“ ის და რომელ „მე“-ზეა საუბარი, მაშნ თქვენ საკუთარ თავს ჩაწვდებით. ეს თვითშეცნობა, თვითწვდომა არის მესამე ცნობიერების მდგომარეობა.

კითხვა: არ არის უფრო ადვილი, როდესაც ადამიანი პასიურია?

პასუხი: კი, მაგრამ - უსარგებლო. თქვენ თვალყურს უნდა ადევნებდეთ თქვენს მანქანას, როცა იგი მუშაობს.

არსებობს მდგომარეობები მესამე ცნობიერების მდგომარეობის მიღმაც, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ. მხოლოდ ის, ვინც უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობას, ე.ი. ყოფიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, შეიძება ჩაითვალოს სრულყოფილ ადამიანად; სხვები მხოლოდ ნაწილობრივ არიან ადამიანები.

აუცილებელ გარე დახმარებას ნამდვილ მასწავლებელთაგან და მათი მოძღვრებისაგან მივიღებთ.

თვითდაკვირვების, თვითშეცნობის პრინციპებია:
1) ჩვენ არა ვართ „ერთიანი“, „მთლიანი“ (მრავალ „მე“-დ ვართ გაყოფილი)
2) ჩვენ თავს ვერ ვფლობთ, ვერ ვმართავთ. ვერ ვფლობთ ჩვენს მექანიზმს;
3) ჩვენ არსებას, „მეს“ ვერ ვიცნობიერებთ, ვერ ვწვდებით. როდესაც ვამბობ, „მე წიგნს ვკითხულობ“ და ვიცი, რომ სწორედ „მე“ ვკითხულობ, მაშნ ეს ერთი მხარეა. მაგრამ თუ ვიცნობიერებ, ვითავისებ რომ სწორედ „მე“ ვკითხულობ, მაშინ ეს თვითშეცნობაა, თვითწვდომაა.

კითხვა: ეს ადამიანს ცინიკოსად არ აქცევს?

პასუხი: ნამდვილად. როდესაც იმ აზრს შეურიგდებით, რომ თქვენ და ყველა ადამიანი მანქანაა, მაშნ თქვენ, უბრალოდ, ცინიკოსად იქცევით. თუ პირიქით, მუშაობას განაგრძობთ, მაშნ ცინიკური განწყობილება გაგიქრებათ.

კითხვა: რატომ?

პასუხი: რადგან თქვენ რჩევანი უნდა გააკეთოთ, უნდა გადაწყვიტოთ, სრულიად მექანიკური იყოთ, თუ ცნობიერი არსება გახდეთ.

კითხვა: თუ არსებობს სხვა გზები, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ?

პასუხი: ინგლისში არა. აღმოსავლეთი - ეს სულ სხვაა. სხვადასხვა კატეგორიის ხალხისთვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგრამ თქვენ მასწავლებელი უნდა მოძებნოთ.

მხოლოდ თქვენთვითნ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რა გსურთ გააკეთოთ. შეეცადეთ გულის სიღრმეშ ჩაწვდეთ იმას, რაც ყველაზე უფრო გსურთ და როდესაც ამას შეძლებთ, მაშნ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ.

კარგად იფიქრეთ ამაზე და შემდეგ იმოქმედეთ.


გერმანულიდან თარგმნა - ლაშა დადიანმა
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 7910
 

ASTRO TV LIVE