» » ღმერთის გაგება და მისი არსების გაცნობიერების მნიშვნელობა
ეზოთერიკა / Slide / მეტაფიზიკა

ღმერთის გაგება და მისი არსების გაცნობიერების მნიშვნელობა

ღმერთის გაგება და მისი არსების გაცნობიერების მნიშვნელობა1.
ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობს ღმერთის არსების შემეცნებას. მას ხან ყველა ადამიანური სისუსტე მიაწერეს და ცნობიერებაში შეჰქმნეს ღმერთთა მთელი პანთეონი. ხან უსახო და უსხეულო ყოვლისმომცველ აბსტრაქტულ სულად წარმოიდგინეს. ხანაც აბსოლუტური გონის იდეაში მოათავსეს. მოკლედ, დედამიწაზე, სხვადასხვა ეპოქებსა და განსხვავებულ ხალხებში ღმერთის გაგება, იმ ეპოქებისა და ხალხების შესაბამისი ტემპერამენტისა და ინტელექტის მიხედვით გაცნობიერდა.

2.
მიუხედავად უამრავი პასუხისა, პასუხი მაინც არ არის. ჩემი პასუხიც ცდაა ღმერთის გაგებისა, ხოლო რამდენად დიდია მასში ჭეშმარიტების მარცვალი, ამის განსჯა განგებისათვის მიმინდვია.

3.
ღმერთის გაგება სამების ერთიანობის არსის აღქმაშია.
რა არის სამება?
ქრისტიანულ ცნობიერებაში: მამა, სულიწმინდა და ძე; წარმართულში - მამა, დედა და ძე.
მამა - აბსოლუტური სულია, იგივე არაფერი (0) და ყველაფერი (1), სიტყვა, რომელშიც ვიბრირებს (1), ტრანსცენდენტალური სიბრძნე (2) და გონიერება (3) სიყვარულის (1) ქმნისა. იგია შემოქმედი იდეისაც და მისი ხორცშესხმისაც.
სულიწმინდა, (წარმართულში - დედა) - სასიცოცხლო ენერგიაა (5), სათნოება და გულმოწყალებაა (4), რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სიყვარული (6).
ძე - გაცნობიერებული (7), გაწონასწორებული (8), ხორცშესხმული (იგივე, განკაცებული ღმერთი) (9) სიყვარულია (ლოგოსი).

4.
ღმერთმა შეჰქმნა „კაცი სახედ თვისად და ხატად თვისად, და მამაკაცად და დედაკაცად ჰქმნა იგინი“ /შესაქმე. 1.26/.
ადამიანის ჰარმონიული არსებაც სამებაში აღიქმება: სული, როგორც ღვთის წილი (1), სამშვინველი (2,3,4,5,6,7და 8) და ხორცი (9). სამებიდან, რომელიც უნდა იყოს, ერთის ამოგდებაც კი, არღვევს მთლიანობას (ჰარმონიას) - ღმერთის გაგება მხოლოდ მთლიანობაშია შესაძლებელი.

5.
თუკი მხოლოდ ფიზიკურ აღქმათა სივრცეში გამოვიკეტებით, სამყარო საოცრად უსახური მოგვეჩვენება. რა არის მიწიერი სიცოცხლე, თუ არა დაუნდობელი ბრძოლა არსებობისათვის დაბადებიდან სიკვდილამდე: „ჩემს დაბადებამდე სამყარო არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არსებობდა, იმიტომ რომ მე ვერ აღვითქვამდი მის არსებობას, მოვკვდები და... ჩემთვის აღარაფერი იარსებებს“ - ესაა უმარტივესი ლოგიკა მატერიალიზებული საზოგადოებისა, რომლითაც ნებისმიერი ქმედების გამართლებაა შესაძლებელი. ასეთი ლოგიკით ადამიანი საკუთარ თავში კლავს ყველა სულიერ შეგრძნებას მასთან ერთად სიყვარულს. სწორედ ასეთი ლოგიკით იმშვიდებს თავს ოსკარ უაილდის გმირი, როგორც კი მის ე. წ. სიყვარულს უარყოფს ქალი: „რა სისულელე ყოფილა სიყვარული! - თქვა უკან გამობრუნებულმა სტუდენტმა - მას ლოგიკის ნახევარიც კი არ შესძლებია, რადგან იგი არაფერს არ ამტკიცებს, ყოველთვის ისეთს რასმე გპირდება, რაც სულ არ სრულდება და ცდილობს ისეთი რამ დაგაჯეროს, რაც სიმართლეს არ შეეფერება, იგი სულ არ არის პრაქტიკული...“ ერთის შეხედვით ასეთი ლოგიკით ცხოვრება ბევრად უფრო იოლია: ცხოვრება არაფრით გავალდებულებს, გამართლებულია ყველაფერი, რაც სარგებლობას მოუტანს შენს ფიზიკურ არსებობას - რაც სურვილებს დაგიკმაყოფილებს. და სიყვარულიც სიცრუედ იქცევა - „ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის“ /ოსკარ უაილდი/ და ვიწყებთ ცხოვრებას სიცრუეში: ყალბი იდეალებითა და ყალბი ღირებულებებით, რომელიც მოჩვენებითი კეთილდღეობის საფუძველია. აკი გებელსმა წამოიძახა კიდეც: „იცრუეთ, იცრუეთ, იქნებ რამე გამოვიდეს“.

6.
ასე ნელნელა დაკნინდა და გაფერმკრთალდა საზოგადოების ცნობიერებაში ღმერთის გაგება - „ქრისტემ გაიმარჯვა, რადგან სპარტაკი დამარცხდა“ /შარლ ენშენი/. ის კი არა და ადამიანმა ღმერთი საკუთარი შემოქმედების ნაყოფად წარმოიდგინა: „ადამიანმა საკუთარი თავი განიძარცვა და ღმერთი თვისებებით ასე მდიდარი იმიტომაა“ /ლუდვიგ ფოიერბახი/.
ადამიანი ზნეობისაგან გათავისუფლდა: „თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია“ /ფეოდორ დოსტოევსკი/ და ჩაეფლო გახრწნილების ჭაობში. შემოქმედება ხელოვნებად იქცა. ბუნების პატრონმა ბუნებაზე ბატონობა მოინდომა და დაუპირისპირდა არა მარტო ღმერთს, არამედ თავის საკუთარ ბუნებასაც.
დიახ, საზოგადოებამ ბუნების განადგურებასთან ერთად, რასაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი უწოდა, საკუთარი არსებობის განადგურებას მიჰყო ხელი - დაიწყო ადამიანის გენეტიკური გადაგვარება... და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ახალი ადამიანის ტიპი: ადამიანი-მანქანა, რომელსაც ინსტრუქციების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. იგი ცხოვრობს გარკვეული წესებით: იცვამს იმას, რისი ჩაცმაც საყოველთაოდ მიღებულია; ოჯახს ჰქმნის, რადგან ასეა საჭირო; უყვარს, რამეთუ ეშინია მარტოობის; კეთილშობილობს, რათა პატივი მიაგონ... და მრავალი სხვა მსგავსი, რაშიც მისი კომედიანტობა სახიერდება და არა თავისუფლება.

7.
„ღმერთი მოკვდა!“- წამოიძახა სასოწარკვეთით ფრიდრიხ ნიცშემ. არ არსებული არ კვდება. ღმერთი მოკვდა ადამიანის ცნობიერებაში და არა მსოფლიურ სივრცეში... და ადამიანი დარჩა დედამიწაზე პირქვედამხობილი.
უღმერთობამ შვა პესიმიზმი, როგორც შედეგი გულისგამაწვრილებელი სიცარიელის შეგრძნებისა და აბსურდულმა მდგომარეობამ მოაზროვნე ადამიანი საკუთარი არსებისაგან გაუცხოებამდე მიიყვანა. დაიბადა შეგრძნება უსუსურობისა და უიმედობამ შეიპყრო იგი: „ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას. ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოდაც ასე დარჩება“ /ოსკარ უაილდი/.

8.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოების ცნობიერებაში ღმერთის „სიკვდილთან“ ერთად ჩამოყალიბდა ორი ტიპის (უღმერთო) ადამიანი: პირველი, ზომბირებული ადამიანი-მანქანა, იგივე რეპტილია, და მეორე, ეგრეთწოდებული მოაზროვნე ადამიანი.
ორივე ტიპის ადამიანი მთელი თავის არსებით მიწაზე ცხოვრობს. მათ შორის არსებითი განსხვავება მიწიერი ინფორმაციის რაოდენობაში და აქედან გამომდინარე, აზროვნების ლოგიკური აპარატის სიძლიერით განისაზღვრება. და რაოდენ ბევრიც უნდა იყოს იმ ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ისინი ფლობენ, მაინც მყარად დადგენილ საზღვრებში ვითარდებიან და ამის გამო შეუძლებელია მათ ცნობიერებაში ზეიმობდეს სიყვარული და თავისუფლება. სიყვარული და თავისუფლება პარალელური მცნებებია და მათი შემეცნება მხოლოდ ერთიან, უსაზღვრო და განუყოფელ მსოფლიურ სივრცეშია შესაძლებელი.
„სულის და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რაოდენ დიდებულია ეს ყოველივე!“ /ოსკარ უაილდი/.

9.
„სულის და სხეულის ჰარმონია“, სწორედ ესაა ადამიანური სრულყოფილებისაკენ სწრაფვის მიზანი. და სწორედ ამ მიზნისკენ სწრაფვა ეხმარება ადამიანს ღმერთის, როგორც განუყოფელი ერთიანობის, როგორც უსასრულო და ყოვლისმომცველი სიყვარულის გაგება.
ღმერთის გაგება გულისხმობს, როგორც ღმერთის გაცნობიერებას, ასევე შეგრძნებას, რაც ადამიანს ამაღლებს სიყვარულში, რამეთუ ღმერთშია სიყვარული: „დარჩით ჩემს სიყვარულში“ /იოანე 15.9/... „რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული“ /იოანე 15.11/ და ღმერთია თავად სიყვარული.
ასეთი შეგრძნება-გაცნობიერება ადამიანში ნათელს ბადებს. მასში იბადება სიყვარული და თავისუფლება. იგი ივსება სიხარულით და მთელი თავისი ჰარმონიული არსებით ახერხებს ამაღლდეს ბოროტებაზე და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მსოფლიური წესრიგის შენარჩუნებაში.

10.
ადამიანის სულიერი არსი მის ფიზიკურ სხეულზე აღიბეჭდება: „არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას ფარულ ადგილას, ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის. თუკი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, თითქოს სანთელი თავისი შუქით გინათებდეს“ /ლუკა 11.33-36/.
ფიზიკური შეგრძნებები უმრავლეს შემთხვევაში გვაცდენს და აქედან, სილამაზის ესთეტიური აღქმაც გარკვეულ საზაღვრებში ფორმირდება, რაც მის რეალურ ბუნებას საკმაოდ აცდენილია. რეალურ სილამაზეს საფუძველი ნათელ სულიერ არსში უძევს - სულიერი სინათლე სხეულსაც ნათელს ხდის და ამაშია არსებითი დედააზრი სულისა და სხეულის ჰარმონიული ერთიანობისა.

11.
ადამიანური არსობის მიზანი საკუთარი რაობის გაცნობიერებაა, რომელიც შეუძლებელია ღმერთის გაცნობიერების გარეშე. მაცხოვარი გვმოძღვრავს: „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, და იდუმალი, რომელიც არ შეიცნობა“ /ლუკა 12.2/.
ღმერთის გაგება-გაცნობიერების რთულ, მაგრამ საამო გზაზე, ადამიანს ეწყება სულიერი შეგრძნებების განვითარება, რომელთა დახმარებითაც აცნობიერებინებს საკუთარ არსებას. ადამიანი განივრცობა მსოფლიურ სივრცეში. იგი მაღლდება ვნებებზე და თავად ხდება შემოქმედი სიყვარულისა - განა ამისათვის არა ღირს ცხოვრება!?..
ღმერთის გაცნობიერებასთან ერთად კვდება შიში სიკვდილისა - წყარო ბოროტებისა და სიძულვილისა, და ადამიანი კეთილშობილდება. იგი ადგენს საკუთარ თავს მსოფლიურ სივრცეში.
„ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ /ლუკა 12.7/.

მალხაზ გველუკაშვილი
1997 წელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"ასტროლოგიური პროგნოზები" სხვა რაკურსი სეზ.2 გადაცემა #10 ნაწ.2

Guide to cats and kittens