» » პლანეტების მოკლე მიმოხილვა
პლანეტები / ასტროლოგია

პლანეტების მოკლე მიმოხილვა
















მზე _ მისი სინათლე კოსმიური საწყისის მაორგანიზებელია. ის მართავს ადამიანის შინაგან ბუნებას, ნებელობას, პირად ”მე”-ს, ”ეგო”-ს. პასუხს აგებს ადამიანის პიროვნებაზე, მის ინდივიდუალურ გამოვლენაზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ვავლენთ საკუთარ თავს ყოველდღიურ ყოფაში. დადებითი თვისებები: საკუთარი ღირსების შეგრძნება, სიამაყე, გულწრფელობა, სერიოზულობა, არტისტიზმი. უარყოფითი თვისებები: ეგოცენტრიულობა, ამპარტავნება, დესპოტიზმი, ზედაპირულობა.

მთვარე _ მთვარეს ისევე როგორც ადამიანს ცვალებადი ფსიქიკა აქვს და ატარებს ციკლურ ხასიათს: დაბადება, აპოგეა და გარდაცვალება, ანუ ახალი ციკლის დასაწყისი. იგი მართავს ადამიანის ირეალურ სამყაროს, ემოციას, ქვეცნობიერს. ეს ჩვენი ”ღამეული” არსია. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანდილოსნებისთვის, ვინაიდან მათ ჯანმრთელობასა და დედობრივ გამოვლენასა თუ ინსტიქტებზეა პასუხისმგებელი. დადებითი თვისებები: მგრძნობიარობა, რომანტიულობა, მზრუნველობა, ტაქტიანობა, ათვისების უნარი. უარყოფითი თვისებები: მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა, მერყეობა, სიმხდალე, ბუტიაობა.

მერკური _ უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე, გონებასა და აზროვნების პროცესზე, მისი მდებარეობა მიუთითებს თუ რა სტილში აზროვნებს ეს ადამიანი. იგი ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებას, პასუხს აგებს სწავლაზე და ყოველგვარ ურთიერთობებსა თუ კომუნიკაციებზე. დადებითი თვისებები: გამჭრიახობა, მიხვედრილობა, დიპლომატიურობა, მოქნილობა. უარყოფითი თვისებები: ნერვიულობა, აჩქარებულობა, სიცრუე, ცვალებადობა.

ვენერა _ ადამიანებში სიყვარულის შეგრძნებას მართავს, ანიჭებს მათ სილამაზეს, ჰარმონიულობასა და ხელოვნების ნიჭს. ის არეგულირებს შეგრძნებათა სამყაროს. მის სფეროს ეკუთვნის, მაღალი გემოვნება და ზომიერების გრძნობა, ასევე, ფინანსები და მატერიალური სიმდიდრე. დადებითი თვისებები: ერთგულება, სტაბილურობა, შეუპოვრობა, ელეგანტურობა. უარყოფითი თვისებები: გაუბედავობა, სიჯიუტე, სიზარმაცე.

მარსი _ ”წითელი” პლანეტა პასუხს აგებს ადამიანში ენერგიის ზოგად გადანაწილებაზე. იგი მოქმედების, ენერგიის, ძალის, სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობის პლანეტაა. მას მიეკუთვნება მიზანდასახულობა, წინააღმდეგობათა გადალახვა, მიზნის მიღწევა. აგრეთვე, აგრესია (მარსის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, ადამიანი საკუთარ ენერგიას თუ რამდენად სწორად იყენებს, არასწორად მოხმარების შემთხვევაში ის აგრესიაში ან დეპრესიაში გარდაისახება). დადებითი თვისებები: სიმამაცე, უშიშარობა, მიზანსწრაფვა, თავდაჯერებულობა. უარყოფითი თვისებები: იმპულსურობა, უხეშობა, ცინიზმი, დაუნდობლობა.

იუპიტერი _ განვითარების, გაფართოვებისა და წონასწორობის პლანეტაა. ის დადებით ადამიანს განვითარების საშუალება აძლევს. ის ჩვენს წარმატებებზეა პასუხისმგებელი. განაგებს ენთუზიაზმს, იღბლიანობას, გამარჯვებას. ასტროლოგები მას იღბლიან პლანეტას უწოდებენ. იუპიტერი მართავს კოსმიურ წესრიგს (მისი მდებარეობა გვიჩვენებს თუ რა თვისებების გამოვლენა სჭირდება ადამიანს გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორ ან რა პროფესიებში უნდა მიმართოს მან საკუთარი ძალა). დადებითი თვისებები: სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული, სამართლიანობა, დიდსულოვნება. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, მოუთმენლობა, სწორხაზოვნება.

სატურნი _ დისციპლინასა და მობილიზებულობას განაგებს. ის ცდილობს იდეის მატერიალიზაციასა და კრისტალიზაციას. ის ადამიანებს ეხმარება უფროს თაობასთან ურთიერთობების დამყარებაში. სატურნი ადამიანს უქმნის პრობლემებს, საჭიროა გადაილახოს ეს პრობლემები, რათა ადამიანმა რაღაც ახალი ისწავლოს, დათგრგუნოს საკუთარი უარყოფითი ხასიათი, ანუ განვითარდეს სულიერად. დადებითი თვისებები: საფუძვლიანობა, სიზუსტე, ეკონომიურობა, სიფრთხილე. უარყოფითი თვისებები: პესიმიზმი, სიძუნწე, ეგოიზმი, მელანქოლია, სიცივე.

ურანი _ ყველაზე ფეთქებადი და საიდუმლოებით მოცული პლანეტაა. ეს არის ევოლუცია, გარდაქმნა, რიტმი, ტრანსფორმაცია (ტკივილების გარეშე). ყოველგვარი სიურპრიზებითა და ბედის ცვლილებებით აღსავსეა. უჩვენებს სიახლეებს, ორიგინალობას, რეფორმატორულობას, დამოუკიდებლობას. დადებითი თვისებები: გამომგონებლობა, მაძიებლობა, იდეალიზმი, ძმობა. ერთიანობა. უარყოფითი თვისებები: ექსცენტრიულობა, უპასუხისმგებლობა, მეამბოხეობა, სარკაზმი, გაუწონასწორებლობა.

ნეპტუნი _ იძლევა სრულიად განსხვავებულ სისტემებს. ის კავშირშია ადამიანის უმაღლეს ”მე”-სთან (სულის აბსოლუტურ და ინტუიტიურ წევრებთან). მას ეკუთვნის სიზმრები, ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვები. ის ფენომენებისა და წინასწარმეტყველების პლანეტაა. იგი უჩვენებს ადამიანის მიდრეკილებებს შემოქმედებისადმი, ასევე, ლოთობისადმი და ნარკომანობისადმი. დადებითი თვისებები: სულიერება, რელიგიურობა, ინტუიციურობა. უარყოფითი თვისებები: გაუბედავობა, გარყვნილება, აბსტრაქტულობა, შიში, სიგიჟე.

პლუტონი _ ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტაა. ეს არის ადამიანის ნებისყოფა, შინაგანი ძალა, ტრანსფორმაცია, რომელსაც თან ახლავს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი (ხშირად სიკვდილიც). განასახიერებს დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიას. გავლენას ახდენს ომებზე, რევოლუციებზე, ტერორისტულ აქტებზე, ასევე, კატაკლიზმებზე. დადებითი თვისებები: სტაბილურობა, სიმტკიცე, მოთმინება, პატიოსნება, სულიერი ტრანსფორმაცია. უარყოფითი თვისებები: შურისმაძიებლობა, სიფიცხე, სადიზმი, ოკულტური ცოდნის ბოროტად გამოყენება.

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens