ნუმეროლოგია / Slide

რიცხვთა ძალა

გთავაზობთ ცნობილი ქართველი ოკულტისტისა და მეტაფიზიკოსის - მალხაზ გველუკაშვილის ორიგინალურ ნაშრომს, რომელიც სრულიად ახალ, სამეცნიერო ხელოვნების ჟანრშია შესრულებული და ნუმეროლოგიას ეხება.

* * *
ჩემო მეგობარო, უკვე წელიწადი გავიდა, რაც შენთან ერთად ჭიქა ყავაზე ღამე არ მითენებია. წელიწადი გავიდა, რაც ამ უჟმურ კედლებს შევყურებ. მრავალი წავიდა, მრავალი მოვიდა და ჩემთვის მაინც ერთი გრძელი, უმზეო და უღიმღამო დღეა. აქ დღეც პირობითია და ღამეც. . . მთელი ცხოვრება პირობებითაა სავსე, მაგრამ მაინც ვახერხებთ გავარჩიოთ დღე და ღამე. კარგი და ცუდი, დიდი და პატარა. . .
დღე როგორღაც გამაქვს, ვსაუბრობთ, ვყვებით ათასჯერ დაღეჭილ და უკვე მონელებულ ისტორიებს, ღამდება და, სულ სხვა ცხოვრება იწყება – პირისპირ ვრჩები საკუთარ ფიქრებთან და ზმანებებთან.
ჩვენი ერთადერთი სარკმელი გარე სამყაროსთან პრესა და რადიოა. ჰოდა მათ მიერ ასხლეტილი ინფორმაციის მეშვეობით ვცდილობთ გავაანალიზოთ ის რეალობა, რომელიც გვმართავს.
რა გვინდა?.. საით მივდივართ?.. პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ გსურს, რომ ბედნიერად იგრძნო თავი არსებულ რეალობაში, უნდა გძულდეს საზოგადოება. დღეს ჩვენთან ფულიც და ძალაუფლებაც საზოგადოების მოძულე არსებების, ანუ სოციოპათების ხელშია და განა შეუძლია სოციოპატს დემოკრატიული მმართველობის დამყარება? სოციოპატს მხოლოდ სოციოპატოკრატიული სახელმწიფოს აშენება ძალუძს. სახელმწიფოსი, სადაც რწმენა წარსულის ბნელი გადმონაშთია, იმედი – ბრიყვული თვითდამშვიდებაა და სიყვარული – ფროიდის სექსუალური ფანტაზიების კრებული, მეძავებს რომ იღლიაში ამოუჩრიათ თავის გასამართლებლად. ასეთ საზოგადოებაში სიძულვილია მმართველი ძალა და სიძულვილს ჯერ რა უშენებია, რომ სახელმწიფო ააშენოს. ასე, რომ ჯერჯერობით სრული კატასტროფის პირობებში ვცხოვრობთ.
მე მიყვარს ადამიანები და სწორედ ამ სიყვარულს არ მპატიობენ...
მაგრამ შენ ხომ სულ მეუბნებოდი, ჩემო მეგობარო, რომ სწორედ ასეთი მოგწონვარ. და ერთ ადამიანს მაინც თუ შესტკივა გული შენზე, უკვე ღირს ცხოვრება.
უკვალოდ წუთისოფელში ვერაფერი ჩაივლის. . .

* * *
ალბათ გახსოვს მეგობარო, ხშირად გვისაუბრია პითაგორიანელთა შესახებ. მათ მიაჩნდათ, რომ სამყარო ბგერის, ფერისა და ფორმისაგან შედგება, ესენი: ბგერა, ფერი და ფორმა -- ვიბრაციებია და მათ ზომავს რიცხვი. მოკლედ რომ ვთქვათ – შემოქმედი დიდი მათემატიკოსია.
და რატომ გახსენებ ყველაფერ ამას?
მე მინდა იმ პირობითობებზე გესაუბრო, რომელიც საფუძველია იმ მიზეზ-შედეგობრივი არსებობისა, რომელშიც ვცხოვრობთ.
სრული სამყარო, ანუ, როგორც მას ძველი ფილოსოფოსები უწოდებდნენ, კოსმოსი, ისევე როგორც ადამიანი, ანუ მიკროკოსმოსი, სამ სივრცეშია განფენილი. ესენია – მენტალური, ასტრალური და ფიზიკური სივრცეები. ეს იგივეა, რაც რელიგიაში სული, საფშვინველი და ხორცი (ფიზიკური სხეული), და თუ ანალოგიის კანონს დავეყრდნობით – რწმენა, იმედი და სიყვარული.
მარტო რწმენა, იგივე გონი, ბოროტებაა.
მარტო სიყვარული, იგივე გული, სიშლეგე. . .
და ალბათ სწორედ ამიტომ ითხოვდა ბიბლიური დავითი: ღმერთო მომეც გული გონიერიო.
ძველები თვლიდნენ, რომ სამყაროს ფუნდამენტი და მამოძრავებელი ძალა ოთხი ელემენტი და ოთხი სტიქიაა, და ესენია ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა. და ყველაფრის სულის ჩამდგმელი მეხუთე ელემენტი, კვინტესენცია – სიცოცხლეა. ადამიანის ცხოვრებაში ცეცხლი ზრდას და განვითარებას ასახავს, წყალი – გრძნობებს, ჰაერი – გონებას და ინტელექტს, მიწა – სტაბილურობას.
კაცის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ რამე არ მოგვწონს, მიზეზი ჩვენშივე უნდა ვეძიოთ. ჩვენ ვერავინ გვმართავს საკუთარი ნების გარეშე, თავად ვართ თავის უფალნიც, გამგებელნიც და დამსჯელნიც, და თუ რამ ცუდი გვჭირს, ისევ ჩვენი თავისგან. დიახ, რწმენა, სიყვარულის გარეშე – ბოროტებაა, ხოლო სიყვარული რწმენის გარეშე – სიშლეგე.
გარკვეული პერიოდი მე გადავუხვიე არჩეულ გზას, რადგან მეგონა, რომ შევძლებდი და მარტოდ-მარტო შევებმებოდი ურჩხულ – ბოროტებას, ასე რომ დააბოტებს და უმღვრევს კაცს მაცოცხლებელ წყალს, და დავამარცხებდი. ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მე დავბრუნდები, ჩემო ერთგულო მეგობარო და ჩვენ ისევ იმ ძველ გზას დავადგებით, შენ რომ ასე ძალიან მოგწონდა.
ეს გზა ჭეშმარიტების ძიების გზაა. ჭეშმარიტება ჰორიზონტივითაა, მიდიხარ, მიდიხარ და ის ისევ შორსაა შენგან. მის დევნაში უამრავ სიმართლეს ჰხვდები. ეს სიმართლეები პირობითობებითაა სავსე და ყველა ამ პირობითობის ამოხსნით ცდილობ დახატო ის რეალობა, რომელიც მოგცემს ჭეშმარიტების თუნდაც სულ მცირე ნაწილის აღქმისა და შეგრძნების საშუალებას.
ამ გზაზე სიარული ფორთხვას არ ჰგავს, ის საინტერესოა და მას ცხოვრება ჰქვია.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას.

* * *
ახლა კი მინდა ისევ რიცხვებს დავუბრუნდე.
რიცხვი ერთი (1) გვირგვინად უდგას რიცხვთა მიმდევრობას თავში, ის პრინციპია. ღმერთი ერთია. ერთი შესაძლებელია დავინახოთ ყველგან და ყველაფერში, რადგან შემოქმედი სული ყველგან და ყველაფერშია. მასში მრავლადაა მზის ენერგია.
ერთი რწმენა და გონებაა, მსოფლიო სიბრძნე. ძალაულება ძალებზე, რომელიც ამოძრავებს ამ სამყაროს მიღმა სივრციდან. იგია მამაკაცური საწყისი ღვთისა.
მისი ატრიბუტებია: ინიციატივა, იმპულსი და ფარული შესაძლებლობები; ის იძლევა თვითგანვითარების საშუალებას, გრძნობებს ამძაფრებს და აკმაყოფილებს; ინტელექტს მიმღებსა და ნათელს ხდის; ხოლო მიწაზე იძლევა საშუალებას, რომ მიაღწიო ხანგრძლივ სტაბილურობას.
ასეთი შანსი საქართველოს 2004 წელს მიეცა.
საქართველო 2004 წელს იმყოფებოდა რიცხვი ათის ვიბრაციის ქვეშ და მისი არიფმოლოგიური ჯამი ერთის ტოლია (10=1+0=1). ათი შეკრული სისტემაა.
რიცხვი ათი იძლევა შანსს. მისი ატრიბუტია ბრმა ბედისწერა. რიცხვი ათი ბედის ბორბალია, რომელზეც ზოგი ზემოთ ექცევა და ზოგიც ქვემოთ. ამ შემთხვევაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს შემთხვევითობა. მაგრამ მას, ვინც ამ ბორბალს თავზე მოექცევა, მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მარადიული წუთისოფელში არაფერია, და შესაძლებელია ჩამოვარდეს. ამ რიცხვს გენიალური შოთა რუსთაველი ალბათ ასე დაახასიათებდა: “ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. . . “
რიცხვი ათი გვასწავლის, რომ თუ გინდა მიაღწიო წარმატებას, უნდა იბრძოლო და აიძულო ბედისწერა მოგცეს აჩევანის საშუალება. წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ აიძულო შენი ფსიქიკური ენერგია ბედისწერა მართოს, რათა არ გადაიქცე ბრმა შემთხვევითობების მსხვერპლად. ბედის ბორბალი ტრიალებს და თუ გვინდა რომ მის ქვეშ არ მოვექცეთ, მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ მიმდინარე მოვლენები.
2004 წელზე, ამავე დროს, რიცხვი ცხრამეტიც (19) ზემოქმედებდა. ესეც ერთია (19=1+9=10=1). ეს რიცხვიწამატებისა და ნათელი მიზნების მიღწევის საშუალებას იძლეოდა.
რიცხვი ცხრამეტი გვასწავლის, რომ ხანდახან საჭიროა გაჩერება, რათა დატკბეთ იმ სამყაროს მშვენებით, რომელშიც ცხოვრობთ. ხანდახან გვეძლევა უფლება მოვეშვათ, რათა უკეთესად გავაცნობიეროთ განვლილი გზა და მიღწეული სიმაღლეები.
რწმენისა და გონიერების ანტონიმი ურწმუნოება და უგუნურებაა. მოგვეცა შანსი და იმის მაგივრად, რომ ეს შანსი გამოგვეყენებინა, ცოტა მოვშვებულიყავით და გაგვეცნობიერებინა განვლილი გზა, რათა შემდგომ უფრო და უფრო მეტი სიმაღლეები აგვეღო, ჩავყევით ბედის ბორბალს და ქვეშ მოვექეცით.
იმის მაგივრად, რომ გვეშენებინა, რაც იყო აშენებული, ისიც ვანგრიეთ. თავზე დავიმხეთ და დავაქციეთ მთელი ქვეყანა.
სოციუმს (იგივე, საზოგადოებას) გონება (აზრი) არა აქვს, სოციუმი ემოციებით (გრძნობებით) მოქმედებს. გონება ინდივიდის პრიორიტეტია. ამიტომაა სიცრუეა საზოგადოებრივი აზრის არსებობა. საზოგადოებრივი აზრი მავანთა მანიპულაციის საშუალებაა და სხვა არაფერი. ამიტომაა, რომ საზოგადოება მუდმივად ეძებს ლიდერს და ისიც ხშირად თავად ხდება ამ საზოგადოების განადგურების მიზეზი.

* * *
უცნაური ზმანება მქონდა გასულ ზაფხულს, შუაღამე იყო, ყველას ეძინა. მეც ნახევრად ძილის მდგომარეობაში ვიყავი, სომნაბულს რომ ეძახიან ისეთში. უცებ, თითქოს რაღაც ძალამ ამიტაცა და სახლში მიმიყვანა, თან მახსოვდა, რომ საკანში ვიყავი და ჩემს ნარზე ვიწექი. ფეხზე მდგარი მისაღებ ოთახში ჩემს მეუღლეს, თამრიკოს ვეხვეოდი, ეტყობა ძალიან მენატრებოდა, მაგრამ რაღაცა ძალა მაიძულებდა, რომ კარებისკენ გამეხედა. შემოსასვლელში თხა იდგა, ლითონის სხეული დაჟანგული სპილენძის ფერი ჰქონდა, შუბლზე, რქებს შორის მენდესის პენტაგრამა ჰქონდა ამოტვიფრული და ცოცხალი, მეტყველი თვალებით შემომცქეროდა. უეცრად თამრიკო მოვიშორე და თხისკენ გავიწიე ხრიალით – ახლა კი გაგანადგურებ მეთქი, მაგრამ რაღაც ძალამ გამაშეშა. მთელს სხეულში საშინელი დაძაბულობა ვიგრძენი, მთლიანად მოჭიმული მქონდა, ვერც ფეხს ვადგამდი, ვერც ხელებს ვამოძრავებდი, ვერც თითებს, ვერც სახის ნაკვთებს. თამრიკომ მკითხა – რა გჭირსო, ვუთხარი – აქეთ ნუ მოხვალ, სასწრაფოდ ჩემი დაშნა მომაწოდე, ჩემს წინ სატანა დგას და უნდა გავანადგურო-მეთქი. დაშნა თაროზე იდო, თამრიკომ ჩამოიღო და ხელში დამაჭერინა. თითები გამიხსნა და ისე დამაჭერინა, რადგან თავად არ შემეძლო დაშნის ხელში აღება. იმავე წუთს გამეხსნა ყველა კუნთი და თხაზე გავიწიე, მაგრამ თხა გაიქცა. ვეძებდი ის კი თურმე აბაზანაში შესულიყო. ახლა კი ვეღარსად წამიხვალ მეთქი და..
გონს რომ მოვეგე, მთელი სხეული მიცახცახებდა და შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული. ორი პატიმარი თავ-თავიანთ ნარებზე წამომჯდარიყვნენ და მიყურებდნენ. ერთმა მკითხა – რა გჭირსო. ეშმაკი ვნახე მეთქი, ვუპასუხე.
ავდექი, სანთელი ავანთე, მამაო ჩვენო წავიკითხე და ღმერთს ვთხოვე გავეძლიერებინე. . .
არ ვიცი ყველაფერი ეს რას ნიშნავს, მაგრამ მწამს, რომ გავიმარჯვებ.

* * *
რიცხვი ორი (2) ანტაგონიზმია. ესაა ენერგია, რომელსაც ჰქმნის ამ სამყაროში არსებული წინააღმდეგობათა ერთიანობა. დინამიურ ასპექტში ორი წინაპირობაა იდეისა (1+2=3).
ორის ატრიბუტებია პოლარობა და დაძაბულობა; მისი განვითარება ნეიტრალურია, წინააღმდეგობათა გარეშე; მგრძნობიარეა და ახასიათებს მიზიდულობა; მისი ჭკუა და ინტელექტი ეჭვიანობით გამოირჩევა; ფიზიკურ სივრცეში მერყევია და უყვარს მრავალფეროვნება.
რიცხვი ორი (2) სიბრძნეს ასახავს. მას ესმის, ან ცდილობს გაიგოს რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება.
თუ კაცს გადაუწყვეტია განვითარება, ორი მეორე ნაბიჯია ამ განვითარების გზაზე. ის ცდილობს ჩაწვდეს რატომაა სამყარო ასე მოწყობილი და რა არის მისი მოძრაობის მიზეზი. რიცხვი ორი შემოქმედებითი ენერგიაა, ღმერთის ქალური საწყისია. ის გვასწავლის, რომ ცოდნა, რომელსაც ვეძებთ, ჩვენშივეა და მას მივაღწევთ, თუკი თავს დავაღწევთ უსაფუძვლო ეჭვიანობასა და ყოველდღიურ მეწვრილმანეობას.
როცხვი თერთმეტი ასევე ორია (11=1+1=2) და ისაა ძალა, რომელიც აუცილებელია იმ წინააღმდეგობათა დასაძლევად, ცხოვრების გზაზე რომ გვხვდება. ესაა სულისა და ნებისყოფის ძალა, ესაა გაუთვალისწინებელ შემთხვევითობებზე გამარჯვება.
თერთმეტის, იგივე ძალის სრულად გამოყენება მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია (1+2+3+4+5+6+7+8+9+10+11=66=12) და ეს თავის ნეგატიურ ასპექტში ბოროტების ტოლფასია. დიდი ძალის, დიდი ბოროტების დამარცხება მხოლოდ სიმართლით, შინაგანი სიმყარით და რწმენითაა შესაძლებელი. დიდი გამარჯვებისათვის აუცილებელია ჯერ საკუთარ თავზე გაიმარჯვო. ჯერ საკუთარ თავში უნდა დავამარცხოთ ის სისუსტეები, რომლებიც მუდმივ ბარიერად გვიდგას განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.
რიცხვი ოცი ასევე ორია (20=2+0=2) და ის კანონზომიერებაა, შესაძლებელია ითქვას – უმაღლესი სამართალი, რომელიც ამთავრებს ძველ, გაცვეთილ ცხოვრებას, რათა დაიწყოს ახალი. ამ შემთხვევაში ცვლილებები,როგორიც გინდა იყოს ის, უნდა მივიღოთ, სხვა გზა არ არის.
ოცი საბოლოო განაჩენია, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შედეგია განვლილი, დასაწყისია ახალი ცხოვრებისა. დასასრულია ეჭვებისა და პასუხია კითხვებზე, რომლებიც ასე გვაწვალებს.
გასული საუკუნე იყო მეოცე საუკუნე. საუკუნე, როცა ქვეყნები ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ და სოციალურ ბანაკად გაიყო. და ამის მიზეზი მეორე ათასწლეულში რუსეთში მომხდარი რევოლუცია იყო. საუკუნე, რომელმაც ორი მსოფლიო ომი მოიტანა. გადატრიალებები და სამოქალაქო ომები. ეჭვიანობა და ურწმუნოება. ასევე სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევები. დიახ, ეს იყო დიდი ცვლილებების საუკუნე.
სიმართლე ყოველთვის ჩვენს სურვილებსა და განწყობებზე მაღლა დგას. . .
ასე რომ, ჩემო მეგობარო, ის რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, რაც უნდა ვეცადოთ, ვერ ავიცილებთ, რადგან ჩვენი ძველი შეცდომებისა თუ უგუნური ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა. დააშავე? პასუხი უნდა აგო, და ეს უმაღლესი სამართალი გაცილებით მაღლა დგას და მიუკერძოებელია, ვინემ ჩვენს მიერ დაჯღაპნილი კანონები და ეგრეთწოდებული სასამართლო, რომელიც მავანთა ბოროტ ამბიციებს ემორჩილება.

* * *
რიცხვი სამი (3) იდეაა. იგია პირველი მცირე ციკლის (1, 2, 3) დასასრული – პრინციპი (1), ანტაგონიზმი (2), იდეა (3). პროცესების სწორი და დინამიური განვითარების შემთხვევაში იგი მიისწრაფვის ჰარმონიისაკენ (1+2+3=6).
სამის ატრიბუტია სტაბილურობა; მისი განვითარება იძლევა დაცულობასა და დადებით პერსპექტივებს; ახასიათებს კმაყოფილება და მადლიერების შეგრძნება; გონება, ინტელექტი – არასასიამოვნო აღმოჩენა, გაცნობიერება; მიწაზე – წარმატებით განვლილი გამოცდა.
რიცხვი სამი ასახავს ფიზიკურ და ემოციურ კომფორტს და გაგებას.
რიცხვი თორმეტი ასევე სამია (12=1+2=3), ის გვეუბნება, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა მსხვერპლი, და ეს მსხვერპლი თავად უნდა იყო (მსხვერპლი სიკვდილს არ გულისხმობს), არჩევანი თავად უნდა გააკეთო. უნდა შევძლოთ და უნდა გავწიროთ ჩვენი სიამოვნებანი და კომფორტი (ანდა ჩვეული გარემო) იმისათვის, რომ ხელმეორედ შევქმნათ საკუთარი თავი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე.
რიცხვი ოცდაერთი ასევე სამია (21=2+1=3) და ასახავს ბედისწერისკენ ბრმად სიარულს, ანუ საფრთხისკენ მიმავალ ბრიყვს, გზაზე გამაფრთხილებელ ნიშნებსაც რომ ვერ არჩევს. რიცხვი ოცდაერთი წარმოაჩენს შეცდომებს, რომლებიც კაცს საკუთარი სიბრიყვით მოსდის.
სწორედ ასეთი მქონდა 2009 წელი, ჩემო მეგობარო, და ჩემმა საკუთარმა სიბრიყვემ პატიმრობამდე მიმიყვანა.
ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ ოცდამეერთე საუკუნე, ის პირდაპირაა კავშირში რიცხვ ოცდაერთთან და პირობითად შეგვიძლია დავყოთ ათ ათწლეულად. პირველ ათწლეულში დედამიწაზე საზოგადოებებს ჰქონდათ შანსი მიეღწიათ ხანგრძლივი სტაბილურობისათვის, მაგრამ ბრიყვმა საშიში გზა აირჩია, ომებისა და ფერადი რევოლუციების გზა და მსოფლიო გახდა არასტაბილური, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიურად.
პირველი ათწლეული, ეს ამბიციური ათწლეული იყო, და ეს ამბიციები გამოამჟღავნეს როგორც დიდმა, ისე პატარა ქვეყნებმა, რამაც საბოლოო ჯამში ის დამანგრეველი შედეგები გამოიღო, რომლის შესახებაც მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ყველაფერი იცის.
ბრიყვი მიდის, მიდის და არ ჩერდება.
ამ საუკუნის მეორე ათასწლეული ანტაგონიზმის, დაძაბულობის ათწლეულია. პოზიტიურ შემხვევაში ანტაგონიზმი შეიძლება გადავიდეს წინააღმდეგობათა ერთიანობაში და შექმნას შემოქმედებითი ენერგია, რაც კაცობრიობის განვითარებას წაადგება, მაგრამ ნეგატიურ შემთხვევაში, ანტაგონიზმი შესაძლებელია დიდი დაძაბულობებისა და დაჯახებების საფუძვლად იქცეს და კატასტროფიული შედეგები გამოიღოს. თუმცა, ღვთის მიერ შექმნილი დედამიწის განადგურება კაცს არ ძალუძს.
მესამე ათწლეული შედარებით სტაბილური იქნება, ამ ათწლეულში კაცობრიობა შედარებით დაცულად იგრძნობს თავს. ეს იქნება ახალი იდეების ათწლეული, რომელთა განხორციელებაც მეოთხე ათწლეულის პრეროგატივა იქნება. მესამე და მეოთხე ათწლეულში უკვე გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთათვისაც მსოფლიო დღევანდელი სახით მიუღებელი იქნება. ამ პერიოდში დღევანდელ სოციოპატებს ნელ-ნელა შეცვლიან ე.წ. ინდიგოები და ეს ადამიანები ეცდებიან კაცობრიობა სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და სულიერების რელსებზე გადაიყვანონ. თუმცა ამას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მაინც დაისადგურებს შედარებითი სტაბილურობა.
ოცდამეერთე საუკუნე მთლიანობაში კაცობრიობის განვითარების ახალ, უფრო მაღალ ეტაპში გადასვლას მოემსახურება. იქნება ახალი აღმოჩენები, შეიქმნება ახალი მეცნიერებანი, ან ძველი უკვე თითქმის დავიწყებული იდეები ახალი, თანამედროვე სახით წარმოჩინდება. სულიერება ახალ, გაცნობიერებული რწმენის ფაზაში გადავა და რაც მეოცე საუკუნეში ჩამორჩენილობად ითვლებოდა, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ადამიანთა აზროვნებაში. მოკლედ, ეს იქნება იდეებისა და სიცოცხლის ახლებურად აღქმის საუკუნე.
არ ვიცი მე და შენ მოვესწრებით თუ არა ყველაფერს ამას, ჩემო მეგობარო, მაგრამ თუნდაც ის, რომ მჯერა კაცობრიობის უკეთესი პერსპექტივისა, ბედნიერებასა და სიმშვიდეს მანიჭებს.
ჩვენს მომავალს ხომ მაინც არ მოუწევს ამ კაცთმოძულე სამყაროში ცხოვრება. . .

* * *
პირველი სამი რიცხვი (1, 2, 3) მენტალური სივრცის მახასიათებელი ძირითადი რიცხვებია. სამყაროს მენტალური სივრცე, პრაქტიკულად ინფორმაციული ველია, რომელიც ინახავს ინფორმაციას სამყაროს წარსულსა და მომავალზე: როგორი იყო ის, საიდან მოდის, საით მიექანება და როგორი იქნება. ის არის ცენტრალური ტვინი, მასში იხარშება ყველა ის ბრძანება, რომლითაც უმაღლესი ინფლუქსი (ღმერთი, მსოფლიოს სული, უმაღლესი გონი) ამ სამყაროს აშენებს. ღმერთი ჭეშმარიტება, სიკეთე და სიყვარულია და ამიტომ უმაღლესი ინფლუქსიც მხოლოდ შენებისთვის არის მომართული. სიკეთე პირველადია და ღვთისგანაა, ხოლო ბოროტება ხარბი, უზნეო ვნებისაგან იშვა. სამყარო კეთილი და სამართლიანია, მასში არ ბუდობს ბოროტება, ის მხოლოდ განვითარების კანონზომიერებებს ემორჩილება. ხოლო ის “ბოროტება”, რომელსაც ჩვენ ასე ხშირად ვღებულობთ სამყაროდან, ჩვენს მიერ “ნასროლი” ბოროტების ანასხლეტია, რაც შემდეგ გაათმაგებული ძალით ისევ ჩვენ გვიბრუნდება.
დიახ, ჩემო მეგობარო, მოკლედ რომ ვთქვა, სამყარო ასეა მოწყობილი. ხოლო, რაც შეეხება ადამიანს, ისიც ასევე სამყაროს ანალოგიურად მენტალური, ასტრალური და ფიზიკური სხეულებისაგან არის აგებული.
ადამიანში ეს სამი რიცხვი პრინციპზე, ანტაგონიზმზე და იდეაზე გვესაუბრება. და სამივე ერთად გონებას გვიხატავს. ადამიანის გონება, უმაღლესი გონისაგან განსხვავებით, ჯიუტი, მერყევი და იჭვნეულია. ის ხარბია და ვნებებსაა აყოლილი, და ამიტომ ხშირად ჩნდება მასში შური და ბოროტება. ადამიანს დიდი ფსიქიკური ენერგია გააჩნია და ამ ფსიქიკური ენერგიის მეშვეობით ის ჯერ გარემოს ანადგურებს და ბოლოს თავადაც ნადგურდება.
მე აქ ადამიანის მხოლოდ ნეგატიური გამოვლინებები დავხატე, არადა მრავლადაა ნათელი სული, რომელთა გარეშეც კაცობრიობა დღემდე ვერ მოვიდოდა.
სწორედ ამ ნათელი სულების მხრებზე დგას ის პროგრესი, რამაც კაცობრიობა თვითგანადგურებისაგან იხსნა და დღემდე მოიყვანა.

* * *
რიცხვი ოთხი (4) ფორმას გამოხატავს. მისი განვითარება, გზა, მეორე ციკლის დასაწყისს იძლევა (1+2+3+4=10=1).
ოთხის არტიბუტებია – გამყარება, გამკვრივება; მისი ზრდა და განვითარება იძლევა მშვიდობიანობას, ან მზაობას მშვიდობისათვის; გრძნობებში გულაცრუების ელემენტი სჭარბობს; ინტელექტში – თითქოს ყველაფერი გაჩერდა; მიწაზე – გაძლებაზეა და ცდილობს ჩაეჭიდოს სულ მცირე იმედს
რიცხვი ოთხი გვეუბნება, რომ საკმარისი არაა გვინდოდეს მშვიდობა და სიმშვიდე, აუცილებელია, რომ გქონდეს ნება და შესაძლებლობა, რათა დაიცვა ის, ანუ, იგია ძალაუფლება და მათი დაცვა, ვისზეც პასუხისმგებელნიც ვართ.
რიცხვი ცამეტიც ოთხია (13=1+3=4). ეს რიცხვი პოზიტიურ ასპექტში ტრანსმუტაციის სიმბოლოა, ხოლო ნეგატიურში – სტაგნაციის, სიკვდილის. ცამეტი გულისხმობს რადიკალური ცვლილებების ეტაპს, გარკვეული პერიოდის დასასრულსა და ახლის დასაწყისს, სრულ ტრანსფორმაციას – მოკვდა, წავიდა ცხოვრების ერთი და იწყება ახალი, რადიკალურად განსხვავებული ეტაპი.
რიცხვი ცამეტი საქართველოსათვის შეესაბამება 2007 წელს. ამ წელს ქართულ საზოგადოებაში მოხდა სრული ტრანსმუტაცია, მაგრამ ე. წ. ოპოზიციურ ლიდერებს არ აღმოაჩნდათ ნება, ვერ შეძლეს დამდგარიყვნენ შესაბამის სიმაღლეზე და ხალხის ბრძოლა კანონიერებისათვის კრახით დამთავრდა. თუმცა იყო შესაძლებლობა სულ სხვაგვარად ყოფილიყო – ღმერთმა ხელი გაანძრიე და გიშველიო.
რიცხვი ოცდაორი ასევე ოთხია (22=2+2=4). ეს რიცხვი გვეუბნება: რომ მიზანი მიღწევადია; რომ ცხოვრების გარკვეულმა ეტაპმა სრულყოფილებას მიაღწია; რომ თქვენ მზადა ხართ ნებისმიერი შენებისთვის და ის წარმატებას მოგიტანთ; რომ თქვენ თავდადებული შრომისა და ძალისხმევისათვის დაჯილდოვდებით; რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ.

* * *
რიცხვი ხუთი (5) ადამიანის სიმბოლოა. იგია ლოგიკა, სიმტკიცე, სიმკაცრე. მისი ატრიბუტებია: კრიზისი და გამოწვევები; მისი განვითარება, გზა გვიწყობს გამოცდას სიმტკიცესა და გამძლეობაში; გრძნობაში – შფოთი და დარდი; ჭკუა, გონება – მკაცრი და დაუნდობელი; მიწაზე – მძიმე პერიოდი.
რიცხვი ხუთი საქართველოს შემთხვევაში შეესატყვისება 2008 წელს. საკმარისია გავიხსენოთ, გნებავთ, იანვარი, თუნდაც აგვისტო და ყველაფერი ნათელი გახდება.
რიცხვი ხუთი ასევე სიმბოლოა ჭეშმარიტების მაძიებლისა, უნდა მიიღო გადაწყვეტილება და გააცნობიერო საკუთარი თავი, საკუთარი დანიშნულება.
რიცხვი თოთხმეტი ასევე ხუთია (14=1+4=5). ის აღნიშნავს მზაობას ცოდნის მიღებისათვის, თვიტკონტროლს, მოთმინების უნარს. ის გვეუბნება, რომ დგება მომენტი, როცა აუცილებელია იცოდე, რომ არაფერი უნდა აკეთო.
ადამიანი, ჩემო მეგობარო, ძაან ხმამაღალი სიტყვაა და ის ცხოველისაგან მარტო აზროვნებით არ განსხვავდება. ადამიანი ზნეობრივი არსებაა და მისი ძირითადი მახასიათებლები სიყვარული, ღირსება და მოვალეობის შეგრძნებაა.
*
ერთი ქართული ზღაპარია:
ტყეში ვეფხვი კატას გადაეყრება და გაოცებული ჰკითხავს
- რა დაგემართა ნათესავო, ასე რამ დაგაჩიავაო?
- ეეჰ – ამოიოხრებს კატა – მე ადამიანს ვემსახურებიო.
- მერე ვინაა ეგ ადამიანი, მანახე და მე ვუჩვენებ როგორ უნდა ჩვენი ჯიშის პატივისცემაო.
კატა წამოიყვანს. გზაზე ბავშვი გადაეყრებათ. ვეფხვი კითხავს
- ეს არის ადამიანიო?
- არაო – უპასუხებს კატა – ეს მერე იქნება ადამიანიო.
შემდეგ გზაზე ქალი შემოხვდებათ. ვეფხვი კვლავ ჰკითხავს კატას
- ეს არის ადამიანიო?
- არაო – უპასუხებს კატა – ეს ზრდის ადამიანებსო.
ბოლოს კაცი შემოხვდებათ. შეშას ჩეხავს. კატა ეტყვის
- ეს არის ადამიანიო.
ვეფხვი მივა კაცთან და ეტყვის
- შენ ჩემი ნათესავი დაგიჩაგრავს და უნდა შემებრძოლოო.
კაცი ახედ-დახედავს და უპასუხებს
- ვერ შეგებრძოლები, მე ჩემი ძალა სახლში მაქვს დატოვებული, სანამ არ მოვიტან ჩვენი ბრძოლა არ გამოვაო.
- კარგიო – ეტყვის ვეფხვი – მოიტანე, დაგელოდებიო.
კაცს გაეღუმება.
- რომ არ დამელოდო და გაიქცეო.
- არა, არ გავიქცევიო.
- კარგი, იმისათვის რომ დავრწმუნდე არ გაიქცევი, აგერ ამ ხეზე მიგაბავ – შესთავაზა კაცმა.
ვეფხვი დათანხმდა. კაცმა მიაბა ვეფხვი ხეზე და შემდეგ წკეპლა მოჭრა, დაჰკრა და დაჰკრა. ვეფხვის ღრიალი მთელ ტყეს ზარავდა. კარგად რომ აუჭრელა გვერდები, ვეფხვი გაუშვა. გზაზე ვეფხვი კატას ეუბნებოდა:
- ახლა კი ვიცი ვინაა ადამიანი, ამის ხელში შენ კიდევ დიდი გაზრდილხარო.
*
ყველა თავისი გადასახედიდან აფასებს ადამიანს. ამ ზღაპარს ხალხური ჰქვია, მაგრამ ოდესღაც ვიღაც ავტორი ეყოლებოდა. მან ადამიანი წარმოადგინა არა მარტო როგორც გონიერი და მოხერხებული, მან ხომ ვეფხვს აჯობა, ასევე, როგორც ჰუმანური არსება, ადამიანმა დამარცხებული ვეფხვი კი არ მოკლა, გაუშვა.
რელიგია კაცის კვლას კრძალავს, მაგრამ როცა მტერი შემოგესევა, თავი უნდა დაიცვა. თვითმკვლელობა ცოდვაა, მაგრამ როცა სხვა გკლავს და წინააღმდეგობას არ უწევ, განა თვითმკვლელი არა ხარ?
ცხოვრება რთულია და სწორედ ამიტომ გვიწყობს გამოცდას რიცხვი ხუთი სიმტკიცესა და გამძლეობაში.
უამრავ უბედურებასა და დაუნდობლობას ვაწყდებით ყოველდღე, და სწორედ მის გასააზრებლად და გასაცნობიერებლად სჭირდება რიცხვ ხუთს მკაცრი და დაუნდობელი ლოგიკა. ყველაფერი ეს კი იწვევს გრძნობებში შფოთსა და დარდს.
და ყველა ამ უბედურების აღქმის შემდეგ თუ კიდევ შეგრჩა სიყვარულის უნარი, თუკი არ დაკარგე ღირსებისა და მოვალეობის გრძნობა, მაშინ უკვე ადამიანი ხარ.
დიახ, ჩემო მეგობარო, ხუთი ნამდვილად ადამიანის რიცხვია.

* * *
რიცხვი ექვსი (6) ჰარმონიის, წონასწორობის სიმბოლოა, მისი ატრიბუტებია: კავშირი, დახმარება; სულიერ ზრდასა და განვითარებაში იძლევა წარმატების შანსს; გრძნობებში – სასიამოვნო მოგონებებს; ინტელექტში – ცვლილებებს უკეთესობისაკენ; მიწაზე – ხელგაშილობას და მხარდაჭერას.
რიცხვი ექვსი ეს არჩევანია ორ გზას შორის. ეს კავშირია და ვალდებულება ორ ურთიერთსაპირისპიროს, მაგალითად, მამაკაცსა და ქალს შორის. ეს სიყვარულია. ეს არის იდეალური მეგობრობის ალეგორია. იგია შეკავშირება, გაერთიანება, წინააღმდეგობათა ერთიანობის ალეგორია.
რიცხვი თხუთმეტი ასევე ექვსია ( 15=1+5=6). იგი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
რიცხვი თხუთმეტი არჩევანია, ან კონფლიქტი წესრიგსა და ქაოსს შორის. იგი ძალაა, რომელიც მიისწრაფვის დაარღვიოს არსებობის ჰარმონია. იგი სულიერი ნგრევისკენ მიმართული გონებაა. ასევე, მატერიალური წარმატების ფორმულაა.
ამით თავდება მეორე სამეულის (4, 5, 6) და ისინი ასტრალური სივრცის ძირითადი მახასიათებელი რიცხვები არიან.
ასტრალი თავისი არსით შემოქმედებითი სივრცეა. ის ემოციებისა და გრძნობების სამყაროა. მასში ხდება მენტალში დაბადებული იდეის პირველი ფორმირება, ანუ იგივე ფსიქიკური დაგეგმარება, რომელიც საბოლოო სახეს ფიზიკურ სამყაროში იღებს. ასტრალური სივრცე თავისი ბუნებით ანტაგონისტურია, ამიტომ ნებისმიერი აზრი, იდეა, თუ მას შესაბამისი ფსიქოენერგეტიკული მხარდაჭერა აქვს, ჯერ გეგმარდება ასტრალურ სივრცეში და შემდეგ ფორმირდება ფიზიკურ სამყაროში. სწორედ ამიტომაა, ჩემო მეგობარო, რომ რელიგია გვასწავლის – მთავარი არაა პირში რას ჩაუშვებ, მთავარია პირიდან რა ამოდის. დიახ, მთავარი ჩვენი აზრები, სურვილები და იდეებია. მახინჯი იდეები მახინჯ ფორმებს ქმნის, ხოლო ის, ვისაც უყვარს, არ შეიძლება ბოროტების შემოქმედი იყოს.

* * *
რიცხვი შვიდი (7) ბედისწერაზე გამარჯვების, ტრიუმფის სიმბოლოა. მისი ატრიბუტებია – რისკი, საშიშროება, ბრძოლა, გამოცდა; იგი განვითარებაში საკუთარი ინტერესების დაცვას ემსახურება; გრძნობებში – ოცნებებს, სინამდვილიდან გაქცევას ასახავს; ჭკუა და ინტელექტში – სიცრუე და ეშმაკობაა; მიწაზე – მოთმინების გამოცდაა.
რიცხვი შვიდი გამბედაობისა და ძალაუფლების რიცხვია. იგი შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ წინააღმდეგობრიობა ისე, რომ მისი მმართველი ძალა გავხდეთ. გვაძლევს შესაძლებლობას გავიმარჯვოთ მტრებზე. იგი გვეუბნება, რომ ჯერ უნდა ამოვიცნოთ მტერი, შემდეგ მისი სისუსტეები გავიაზროთ, რათა მინიმალური ძალით მოვაერხოთ მისი დამარცხება.
რიცხვი თექვსმეტი იგივე შვიდია (16=1+6=7). ესაა ძალის, ძალაუფლების, ნების ბოროტად გამოყენების სიმბოლო. იგია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად მიღებული კატასტროფის სიმბოლო. თექვსმეტი არსებული რეალობის ნგრევას, დაცემას ნიშნავს. იგი გვეუბნება, რომ თუ მატერიალური ძალაუფლება არჩიეთ სულიერ განვითარებას, თქვენი ნაცოდვილარი თავზე დაგემხობათ და ოცნებები, ან მიზნები კრახით დაგისრულდებათ.
რიცხვი შვიდის გზა მესამე, იგივე ფორმების ეტაპის დასაწყისს ასახავს (1+2+3+4+5+6+7=28=10=1).
ქართული საზოგადოება 2010 წელს რიცხვების შვიდისა და თექვსმეტის გავლენის ქვეშ იმოქმედებს. ასე რომ დანარჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ. ამ რიცხვების დასაწყისი 2010 წლის მარტია და მათი ძალაუფლება მთელ წელს გრძელდება.

* * *
რიცხვი რვა (8) კანონის, სამართლის, ტრადიციების სიმბოლოა. მისი ატრიბუტებია: ცვლილება, ტრანსფორმაცია, ახალი წამოწყება; ინტელექტში გვაძლევს გამართულ მდგომარეობას, წინააღმდეგობებს; მიწაზე, ანუ ფიზიკურ გარემოში; ახალ წამოწყებებს.
რიცხვი რვა მოუსყიდველი, მკაცრი სამართლიანობის სიმბოლოა. რვა გვასწავლის, რომ საჭიროა სიმართლეს თვალებში ვუყუროთ და აღვიქვათ მისი ნამდვილი სახე.
რიცხვი ჩვიდმეტიც რვაა (17=1+7=8), მისი სიმბოლოა სიბრძნე, უკვდავება, მიზნის მიღწევა, ხელგაშლილობა და გაგება. იგი გვასწავლის, რომ რაც უნდა მაღლა ავფრინდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ფესვები მიწაშია გადგმული. მოვალე ვართ ვიფიქროთ არა მარტო იმაზე, საით მივდივართ, იმაზეც ვინ მოგვყვება.

* * *
რიცხვი ცხრა (9) სიბრძნის, ხელდასხმის და აღსრულების სიმბოლოა. მისი ატრიბუტია: თვითჩაღრმავება, უკან დახევა, თვითფლობა. მის გზას, განვითარებას ახასიათებს თავშეკავება, მუქარა, თავდაცვა; გრძნობებში – შინაგანი თავისუფლება, მოშვება დაძაბულობისაგან; ჭკუა და ინტელექტში – ღამის კოშმარები; მიწაზე – ბედნიერება.
რიცხვი ცხრა ძიების და თვითშემეცნების სიმბოლოა, იგი დასასრულია დიდი ციკლისა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9) და იგი მზადებაა ახლი ციკლისთვის, განვითარების სპირალზე ახალი წრის გასავლელად.
რიცხვი თვრამეტი ასევე ცხრაა (18=1+8=9). თვრამეტი საიდუმლოების, ინტუიციის, ფიზიკური შესაძლებლობების, სიცრუის, საშიშროებისა და მტრობის სიმბოლოა.
ცხრიანით მთავრდება მესამე სამეული და სრული ციკლი, მესამე სამეული (7, 8, 9) ფიზიკური სივრცის ძირითადი სიმბოლოა. გამარჯვება ბედნიერებაზე, კანონი და მისი აღსრულება, ასევე ფუნდამენტური მოთხივნილება ფიზიკურ სამყაროში და მათი პიზიტიური ასპექტები ქმნიან ცივილიზაციას.

* * *
დიახ, ჩემო მეგობარო, ეს უძველესი მეცნიერებაა. რიცხვთა შესახებ ალეგორიები გვიხსნის ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და როგორი უნდა ვიყოთ.
უამრავმა დაუშრეტელმა გონებამ მთელი ცხოვრება შეალია რიცხვთა ალეგორიული ენის შესწავლას, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტამ შეძლო მის სიღრმეებში ჩაწვდომა. ყველა შემთხვევაში, დღეისათვის, მე ასე ვფიქრობ, ამ ენის, სამყაროს ენის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გასაგები. მეც ვცდილობ, ჩემო მეგობარო, ვაწყობ უამრავ კომბინაციებს, ვცოდვილობ და საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ ღმერთი დიდი მათემატიკოსია.
ეხლა კი დროებით დაგემშვიდობები, ჩემო ერთგული მეგობარო და, დანარჩენზე, ამ კედლებს რომ დავტოვებ მერე ვისაუბროთ.

მალხაზ გველუკაშვილი
2010 წელი (ციხიდან)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რუქის განხილვა - ლია ბარათაშვილი და თორნიკე ბიძინაშვილი (GDS დილა 26.11.2014)

...

ციტრინი

...

დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

Guide to cats and kittens