უკვე ერთი წელია, რაც თბილისში ფუნქციონირებს ასტრო-ეზოთერული ცენტრი. ცენტრის მომსახურებაში შედის არა მხოლოდ ასტროლოგიური კონსულტაცია და პირადი რუკების შედგენა, მისი ინიციატივით გამოდის ჟურნალი, საფუძველი ჩაეყარა ასტროლოგიურ ტელევიზიას. უფრო დაწვრილებით ცენტრის საქმიანობისა და გეგმების შესახებ მისი ხელმძღვანელის, თორნიკე ბიძინაშვილისგან შევიტყობთ. ბატონო თორნიკე, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ასტრო-ეზოთერული ცენტრი დაგეარსებინათ? _ ეს იდეა 2 წლის წინ დამებადა. თუმცა არსებობდა გარკვეული მატერიალური სახის პრობლემები - არ გვქონდა ფართი, ინვენტარი. შემდეგ ნელ-ნელა, საკუთარი სახსრებით, თანამოაზრეებისა და მეგობრების დახმარებით მოვახერხეთ ცენტრის დაარსება, ინვენტარის შეძენა და ოფისის დაქირავება. თუმცა ჯერ ისევ არაერთი სირთულის წინაშე ვდგავართ. ცენტრის შექმნის მთავარი მიზეზი კი იყო ის, რომ ყოველთვის მაწუხებდა ინფორმაციული ვაკუუმი. ასეთ თემებზე სერიოზულად არ საუბროდნენ და ასტროლოგიასაც მხოლოდ გასართობი, თავშესაქცევი ფუნქცია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი როგორც რელიგიური, ასევე ნებისმიერი სახის სულიერი ცოდნა იდევნებოდა. საბოლოოდ ჩემი ოცნება ასრულდა და დავაარსე ცენტრი. ახლა ჩვენთან იკრიბებიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს ასტროლოგია, ეზოთერიკა. გვაქვს არაერთი იდეა.
თქვენს ორგანიზაციას ეწოდება ასტრო-ეზოთერული ცენტრი. რა იგულისხმება ეზოთერულ მიმართულებაში? _ ეზოთერიკა ფართო ცნებაა და მოიცავს მრავალმხრივ ცოდნას. პრინციპში, ასტროლოგიაც ეზოთერიკის ნაწილია. შესაბამისად, მიზნად ვისახავთ ეზოთერული ცოდნის გავრცელებას. ვგულისხმობ იმ ცოდნას, რასაც ჩვენი წინაპრები ფლობდნენ და დღეს გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ დაკარგულია. მაგრამ უკვე დასრულდა თევზების ეპოქა, სადაც გაბატონებული იყო ფანატიზმი და შეუწყნარებლობა. თევზების ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლოა დახურული მისტიკური სკოლები, რაც მერწყულის ეპოქაში იხსნება. ის ინფორმაცია, რაც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლო განდობილთა მცირე ნაწილისთვის, ახლა დღის სინათლეზე გამოდის. დაახლოებით მე-20 საუკუნის მიწურულს დაიწყო მერწყულის ეპოქა, რაც ხასიათდება ადამიანის ცნობიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების ამაღლებით. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გადავდივართ სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე. ამჟამად ვიმყოფებით გარდამავალ კარმულ პერიოდში, რაც ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს. ადამიანის ცნობიერება უნდა გადაეწყოს სულიერი განვითარების ახალ ტენდენციებზე. აქედან გამომდინარე, აქტუალობას იძენს ეზოთერული ცოდნა. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ფარდა აეხდება არაერთ საიდუმლოებას.
რა მომსახურებას გვთავაზობს ცენტრი? _ ჩვენს მომსახურებაში შედის პირადი ასტროლოგიური რუკის შედგენა, რუკის შედგენა ქორალური ასტროლოგიის, ქორალური მედიცინის კუთხით. ჩვენს ცენტრში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოში მოპოვებული დამცავი, წარმატების მომტანი მინერალური ქვები, რომლებსაც შეგირჩევენ ჩვენთან მომუშავე ასტროლოგები. ასევე გვაქვს პარაფსიქოლოგიური მომსახურება, აურის დიაგნოსტიკა. დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გაეცნოთ.
რამ განაპირობა თქვენი ასტროლოგიით დაინტერესება? _ რთული ცხოვრების, გადაუჭრელი პრობლემების ფონზე გადავწყვიტე მიმემართა ასტროლოგისთვის. ვიმედოვნებდი, რომ მივიღებდი საჭირო პასუხებს, მაგრამ ამის შემდეგ კვლავაც არაერთი კითხვის ნიშანი დამრჩა. მე, როგორც ზოდიაქოთი თხის რქამ, რომელიც გამოირჩევა მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით, გადავწყვიტე საკუთარი ძალებით ჩავღრმავებოდი ასტროლოგიურ ცოდნას და სხვების დაუხმარებლად დავიწყე საკუთარი პირადი რუკის შედგენა და შესწავლა. რის შედეგადაც მივიღე საჭირო პასუხები და მოვძებნე პრობლემების გადაჭრის გზები.
რაში ეხმარება ადამიანს პირადი რუკის ასპექტების ცოდნა? _ ასტროლოგია ეს არის გზამკვლევი, რათა ადამიანმა გააცნობიეროს ცხოვრებისეული სირთულეები და წარმატების მოპოვების გზები. ყველამ უნდა იცოდეს პირადი ჰოროსკოპი, რათა ღრმად შეიცნოს საკუთარი პიროვნება, გააცნობიეროს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოახერხოს მატერიალურ სამყაროში რეალიზება და შეასრულოს თავისი კარმული მისიები. ყველა ადამიანი ღირსია ბედნიერების.
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ასტროლოგიაზე წარმოდგენა არც თუ ისე ღრმაა. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია? _ ამ ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ მოახდინოს ასტროლოგიის პოპულარიზაცია და ინფორმაციული დეფიციტის აღმოფხვრა, თუნდაც ამ ჟურნალის საშუალებით. ჩვენ ასევე გვაქვს ინტერნეტ-ტელევიზია. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო სტუდიის ტექნოლოგიური აღჭურვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. იმედია ამ სირთულესაც მალე დავძლევთ.
არ შემიძლია არ გკითხოთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე ასტროლოგიის მიმართ. უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის მომენტი, რომ ჩვენი რელიგია ასტროლოგიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი? _ რელიგია და ასტროლოგია ძველად განუყოფელი იყო. ასტროლოგია 40 საუკუნისაა. ეს არის უდიდესი სულიერი ცოდნა. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები ინიშნებოდნენ ასტროლოგიურად. ყველა ჩვენს დიდ მეფეს ჰყავდა პირადი ასტროლოგი. დავით აღმაშენებლის აკადემიაში კი ვარსკვლავთმრიცხველობაც ისწავლებოდა. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასტროლოგია არ ეწინააღმდეგება რელიგიას. ის არ არის მკითხაობა ან ცრურწმენა. ასტროლოგია მიგვითითებს იმ პოტენციალზე, რაც ადამიანს დაბადებისას აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თავის შეცნობის ერთ-ერთი ფორმა, სამყაროს გარკვეულ კანონზომიერებებში გარკვევა. მოკლედ, ეს ისეთი ვრცელი საკითხია, რომ ერთი ინტერვიუ საკმარისი არ იქნება. ვაპირებთ ამ თემაზე გავაკეთოთ სატელევიზიო გადაცემაც.
დიდი მადლობა. თქვენს ცენტრს ვუსურვებთ შემდგომ განვითარებასა და დიდ წარმატებებს!
ესაუბრა მირიან ბეგიაშვილი
скачать dle 11.3