1 2 3 4 5 6 7 8 9 0უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობს საკრალური რიცხვები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება – 3, 7, 12… ხალხურ სიტყვიერებაში განსაკუთრებით ფიგურირებს რიცხვი 9. რა დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ–იღბალს შორის, რატომ ითვლება ზოგი რიცხვი ბედნიერად, ზოგი კი – უიღბლოდ?
ადამიანს უხსოვარი დროიდან სწამდა, რომ არსებობს ბედნიერებისა და უბედურების მომტანი რიცხვები. პითაგორას დროიდან არსებობს აზრი, რომ ყველა რიცხვს მაგიური მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთს კი – განსაკუთრებული ძალა. პითაგორა სიცოცხლეს ციფრებისა და ფიგურების შინაარსით ხსნიდა. თვლიდნენ, რომ სამყაროს ენა მათემატიკა იყო. ამიტომ ასოებს რიცხვით მნიშვნელობებს უფარდებდნენ. ნუმეროლოგია სწორედ პითაგორას მიმდევრებმა შექმნეს. მათი აზრით, თითოეული პლანეტა სამყაროს გარკვეულ კანონს ემორჩილება და თავისი რიცხვი აქვს, ისევე როგორც ადამიანის სახელს, რომლის რიცხვიც მისი შემადგენელი ასოების შესატყვისი რიცხვებისგან შემდგარი ჯამია.
ენერგეტიკულ შკალაში 1–ს პირველი ადგილი უჭირავს და მზეს ეკუთვნის. ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრია და ბრძოლის უნარს განაპირობებს. შკალაში მეორე ადგილი 7–ს უჭირავს, იგი ბევრს ჰარმონიულ ღვთიურ რიცხვად მიაჩნდა. ეს რიცხვი ნეპტუნს განეკუთვნება. უძველესი დროიდან ინდოეთში ადამიანები ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად 7 სხვადასხვა ზომის სპილოს ჩუქნიდნენ. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ხისგან 7 ზუსტად ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ზომის პატარა კერპებს თლიდნენ და მათ მძინარე ჩვილის საწოლის თავთან ათავსებდნენ. მათი რწმენით, კერპები ბოროტ სულებს დევნიდნენ. ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ: აშშ–ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ცხოვრებას ციფრი 7 განაგებდა. პრეზიდენტობამდე იგი 7 წელიწადი მაშველად მუშაობდა და 77 ადამიანი გადაარჩინა. კინოში რეიგანი პირველად 1937 წელს გადაიღეს, 1947 წელს კი მსახიობების გილდიის პრეზიდენტი გახდა. 1967 წელს რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო 1970 წელს მეორე ვადით აირჩიეს. ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკურმა პარტიამ მისი კანდიტატურა 17 ივლისს, ანუ მეშვიდე თვეს წამოაყენა. პრეზიდენტად არჩევიდან 70–ე დღეს ესროლეს, ტყვიამ მე–7 ნეკნს ჩაუარა და გადარჩა. პრეზიდენტის პოსტი 77 წლის ასაკში დატოვა.
რიცხვი 3 იუპიტერს განეკუთვნება. უმრავლეს მისტიკურ რიტუალში ზოგიერთი მოქმედება სამჯერ მეორდება. ისევ ამერიკის ერთ–ერთი პრეზიდენტის ცხოვრებიდან მოგიყვანთ მაგალითს. პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის ბიოგრაფიაში რიცხვი 3 ხშირად ფიგურირებს. ის 1743 წლის 13 აპრილს დაიბადა, რიგით მესამე შვილი იყო. დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტზე მუშაობა 33 წლის ასაკში დაიწყო, 1803 წელს საფრანგეთისგან ლუიზიანას გამოსყიდვა მოახერხა. პრეზიდენტის პოსტზე განმეორებით არჩევნებში ზუსტად 3 ხმა დააკლდა. ოტო ფონ ბისმარკის ცხოვრებაშიც 3 განსაკუთრუბლი რიცხვი იყო. ბავშვობაში სამი სკოლა გამოიცვალა. ელჩად სამ ქვეყანაში მუშაობდა. ემსახურებოდა სამ მეფეს, იბრძოდა სამ ომში და ხელიც სამ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა. ბისმარკს სამი შვილი ჰყავდა. მის გერბზე სამყურას სამი ფოთოლი და მუხის სამი ტოტი იყო გამოსახული. რიცხვი 4 ნუმეროლოგიაში გამძლეობას, ფეხზე მტკიცე დგომას, მიზანსწრაფულობას აღნიშნავს. რიცხვი 5 პლანეტა მერკურს წარმოადგენს. ვის ბიოგრაფიაშიც ეს რიცხვი ფიგურირებს, ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ექვსიანი ყველაზე მავნე ციფრია. ის პლანეტა ვენერას კუთვნილებაა. ექვსას სამოცდაექვსი ეზოთერიკაში “განსხვავებულ ბოროტებას” აღნიშნავს. ესაა ადამიანი, რომელიც უფლის სახელით სიკეთისა და ბოროტების შესახებ აბდაუბდას ილაპარაკებს. ქრისტიანულ მოძღვრებაში ის ბოროტების, სატანის სიმბოლოა. ის გლობალურ კატასტროფას მოასწავებს და ანტიქრისტეც ამ ნიშნით მოვა. მის უკან დიდი მაგიური ძალა დგას და უნდა ვერიდოთ. პროფესორ მულდაშევის აზრით, წარღვნის დროს ჩრდილოეთ პოლუსმა 60 გრადუსით გადაიწია და დედამიწის გარშემოწერილობამ 6.666 კილომეტრი შეადგინა. 6 და 13 უხსოვარი დროიდან თარს, ბოროტ რიცხვებად ითვლებოდა. საინტერესოა, რა უნდა იყოს მათი საშუალებით მიღებული რიცხვი 13 666. მაგალითად: 1919 წელს რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ძერჟინსკისთვის გაგზავნილი წერილის ნომერია – 13 666. აი, რა წერია ამ წერილში: “სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროთ მღვდლებისა და რელიგიის საქმე. მღვდლები დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, როგორც კონტრრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები. ისინი ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილი. რაც შეიძლება მეტი ეკლესია დაექვემდებაროს დაკეტვას, ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს”. წერილს ხელს აწერენ რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი და სახალხო კომისართა საბჭოს თამჯდომარე ულიანოვი, ანუ ლენინი. ამ წერილით ანტიქრისტე ლაპარაკობს. მან მილიონობით ადამიანს უდიდესი უბედურება მოუტანა.
8 სატურნს ეკუთვნის და შრომისმოყვარეობას განსაზღვრავს. ის ასევე უიღბლო და თარს ციფრადაა მიჩნეული. ამ რიცხვში დაბადებულები ეჭვიანები არიან, ოჯახებს ხშირად ანგრევენ და სრულ ბედნიერებას ვერ აღწევენ. რვიანი მართავდა ელისაბედ პირველის, ჟიულ ვერნის, ედიტ პიაფის ცხოვრებას, თუმცა კარიერის თვალსაზრისით, ისინი 2–სა და 6 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ჯობნიან.
ინდოელი ნუმეროლოგები თვლიან, რომ 9 განსაკუთრებული ციფრია. ინდოეთში თვლიან, რომ არსებობს ადამიანის დამცველი 9 ქვა. მზის სისტემაში 9 პლანეტაა. ადამიანის სხეული 9 ძირითადი ორგანოსგან შედგება. ის ნუმეროლოგიაში ბოლო რიცხვია. მას პლანეტა მარსი მართავს. მბრძანებლური ციფრია, როგორიც აღმშენებლობის, ასევე ნგრევის პროცესში. წარმატების მწვერვალიცაა და მომაკვდინებელიც. 9 წარმოადგენს ბარიერს, რომელიც უნდა დაძლიოს იმან, ვინც სრულყოფას ესწრაფვის. იაპონიაში ცხრიანი გამოითქმის, როგორც “კუ”, რაც ტანჯვას და ტკივილს ნიშნავს, ამიტომ იქ საავადმყოფოებში ვერ ნახავთ პალატას ნომრით 9. ცხრიანი საქართველოსთვის აგრესიის, კონფლიქტების რიცხვია. უბედურების დღედ მოგვევლინა 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 9–იანი ზოგჯერ კარგის მომასწავებელიც არის. მკვლევარ გასივანის მტკიცებით, 9 სამყაროს მუდმივაა, რადგან ნებისმიერ რიცხვში შემავალი ციფრების ჯამი ბოლოს მაინც 9–ს გვაძლევს. ბევრისთვის 9 ბედნიერების მომტანი რიცხვია.
უძველეს ცივილიზაციათა საკულტო მსახურებმა შესანიშნავად იცოდნენ, კვირის რომელი დღე იყო წარუმატებელი და რომელი – იღბლიანი.
ყოველ დღეს თავისი პლანეტა მფარველობს. კვირა მზის დღეა, ორშაბათი – მთვარის, სამშაბათი – მარსის, ოთხშაბათი – მერკურის, ხუთშაბათი – იუპიტერის, პარასკევი – ვენერასი, შაბათი – სატურნის. რიცხვ 13–ის ნეგატიური მნიშვნელობა ორმაგდება, თუ იგი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს ხშირია ავარიები, კატასტროფები, იზრდება სიკვდილიანობა. ასეთ დღეებში დანაშაულობებიც მატულობს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან პარასკევი საბედისწერო დღედ ითვლება. ცნობილი სადაზღვევო კომპანია “ლოიდის” მონაცემებით, ზღვებსა და ოკეანეებში გემების კატასტროფა უმეტესად სწორედ კვირის ამ დღეს ხდება.
скачать dle 11.3