» » ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო
ეზოთერიკა / ჟურნალი ასტრო-news / Slide

ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო

































პირველ რიგში, ჯორდანო ბრუნოს შესახებ საუბარი რითიც უნდა დაიწყოს, არის იმ მცდარი წარმოდგენის თუ სწავლების გაბათილება, რაც მის ისტორიასთან დაკავშირებით უმრავლესობას აქვს. ბრუნოს დაპატიმრების და შემდეგ უკვე სასიკვდილო განაჩენის რეალური მიზეზი დღეს ცოტამ თუ იცის.
საზოგადოებაში დანერგილი ცრუ წარმოდგენით, ბრუნო გამოყვანილია როგორც მხოლოდ და მხოლოდ ასტრონომი, რომელიც მზის სისტემის პლანეტალური მოწყობის შესახებ იმდროინდელ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა. შესაძლებელია ბრუნო მართლაც ეწინააღმდეგებოდა ამ წარმოდგენებს, მაგრამ მისი ინკვიზიციისთვის გადაცემის მიზეზები გაცილებით მრავლისმომცველია და სცდება მზის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ბრუნო ინკვიზიციისგან დევნილი, იყო ის, რომ მან თავისი ფილოსოფიით უარყო იმდროინდელი რელიგიურ-მეცნიერული დოგმატური შეხედულებები ღმერთის და სამყაროს მოწყობის შესახებ. ბრუნო გმობდა რელიგიურ ავტორიტარულ ჩარევას მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. ის უშვებდა, რომ რელიგიამ შეიძლება გავლენა იქონიოს პრიმიტიულ საზოგადოებაზე, მაგრამ შემდგომში ის გონების რელიგიამ უნდა ჩაანაცვლოს.

ფილიპო ბრუნო დაიბადა 1548 წელს, ჯარისკაცის ოჯახში, ნეაპოლთან ახლოს. 11 წლისა ოჯახმა ნეაპოლში წაიყვანა ლიტერატურის, ლოგიკის და დიალექტიკის შესასწავლად. 15 წლის ბრუნო მიდის წმინდა დომინიკის მონასტერში, სადაც 1565 წელს დომინიკელთა ორდენის წევრი ხდება და იღებს სახელს – ჯორდანო.
მისი შეხედულებების დაპირისპირება ეკლესიასთან მონასტრიდანვე იწყება. სულ მალე წმინდა სამების და მარიამ ღვთისმშობლის მარადქალწულობის დოგმებთან დაკავშირებით ეჭვის გამოთქმის გამო არასასურველი ყურადღება მიიპყრო. ამასთანავე, მისი ქცევებიც დიდ ეჭვს ბადებდა მონასტრის წევრებს შორის. მას კელიიდან გამოჰქონდა ყველა ხატი და ტოვებდა მხოლოდ ჯვარცმას, რაც საბოლოო ჯამში გახდა იმის მიზეზი, რომ მონასტრის ხელმძღვანელობამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ჯორდანო არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და რომში გაიქცა.
ეკლესიისგან დევნილი ის იწყებს მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში, კითხულობს ლექციებს და იღებს მონაწილეობას დისკუსიებში, სადაც მისი მოპაექრეები უძლურნი არიან ბრუნოს მსოფლმხედელობის წინაშე.
ხოლო, როდესაც ბრუნდება იტალიაში, მისი მოსწავლის მიერ ინკვიზიციასთან დასმენის შედეგად 1592 წელს აპატიმრებენ. მან 8 წელი დაჰყო ტუსაღობაში, რის შემდეგაც 1600 წლის 17თებერვალს რომში, ყვავილების მოედანზე კოცონზე დაწვეს.

ბრუნოს ფილოსოფიური იდეები და წარმოდგენები სამყაროს შესახებ დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგანაც, რაც დღეს თანამედროვე მეცნიერების უახლეს აღმოჩენებად შეიძლება ჩავთვალოთ, ბრუნო თავის იდეებსა და გადმოცემებში აღწერდა.
ჯორდანო თავის ფილოსოფიურ ხედვებში განავრცობდა აზრს, რომ სამყარო უსასრულოა და მას არ შეიძლება რაიმე ცენტრი ქონდეს. რომ ეს უსასრულო სამყარო ერთგვაროვანია (ერთი და იმავე ელემენტებისაგან – ჰაერის, ცეცხლის, მიწის, წყლისა და ეთერისგან შემდგარი) და ერთი საწყისიდან მომდინარეობს.
ბრუნო საუბრობს როგორც სამყაროზე, ასევე ღმერთის რაობის შესახებ. მისი აზრით, ღმერთი - ეს არ არის სამყაროსგან რაიმე განკერძოებული პიროვნება, არამედ ღმერთი არის მთლიანი გონი, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. იგი ყველაფერშია, სამყაროს მცირე ნაწილაკშიც კი ვლინდება და მის შესაცნობად ძიების დაწყებაც ამიტომ არაა საჭირო, რადგან იგი ყველგან და ყველაფერშია. ბრუნომ უარყო ღმერთისა და სამყაროს, როგორც ტრანსცენდენტულის და იმანენტურის დაპირისპირება, მაგრამ მათ შორის განსხვავება შეინარჩუნა, როგორც არსების და მოვლენის, შინაგანი მიზეზის და შედეგის.
სამყარო, მართალია, მატერიალურია, მაგრამ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელია როგორც მისი არსი, ისე მისი მთლიანობა. გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ დაიწყონ შემეცნება, მაგრამ უსასრულო უნივერსუმის მთლიანობაში წარმოდგენა მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ძალას შეუძლია, რომელიც თავად უსაზღვროა. შემეცნებით კი, უსასრულოს მხოლოდ გონება შეიმეცნებს. ბრუნო კოპერნიკს ემხრობოდა და თვლიდა, რომ ის, მართალია, გრძნობადი მონაცემებით იწყებს, მაგრამ ამ მონაცემების გასაგებად გონება იმას უშვებს, რაც გრძნობადი მონაცემების საპირისპიროა: დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით - როგორც ეს ჩვენს გრძნობად ხედვას უეჭველი ჰგონია. წარმოსახვის ძალა ჩვენ დაგვანახებს, რომ ჩვენი დედამიწა ერთ-ერთი უმნიშვნელო ატომია უსასრულობაში. ადამიანი მიკროკოსმოსია. მან თავის თავში უნდა აღმოაჩინოს უნივერსუმის ერთიანობის და დედაარსის განმსაზღვრელი - ანუ ღმერთი. ამიტომ იტყვის ბრუნო: ადამიანის მიზანია იყოს „ღვთის ტაძარი“. საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენა არაა დაზღვეული ტკივილისა და ტანჯვისაგან. ეს პროცესი შემეცნებაც არის და პოეტური შემოქმედებაც. ჭეშმარიტი ფილოსოფია, ამავე დროს, არის მუსიკაც და მხატვრობაც. თავის თავში აღმოჩენილი კანონზომიერება ფილოსოფოსს საკუთარ შემოქმედებად მოეცემა. მას ბედი კი არ უბრძანებს, არამედ მისი გაბედულება ბედავს ბედის ხმის მოსმენას. ეჭვით დაწყებული შემეცნება, რომელიც გამოცდილებიდან ამოდის, სამყაროს ერთიანობის გაგებამდე და ადამიანის რაობის დადგენამდე მიდის ოთხი საფეხურის გავლით:
1. გრძნობადი შემეცნება - ერთეულ საგნებს შეისწავლის აღქმისა და წარმოდგენის დონეზე;
2. განსჯადი შემეცნება - აკავშირებს ერთეულებს და საგნის პირველ განსაზღვრებას იძლევა. ეს მსჯელობის უნარია;
3. გონებითი შემეცნება - სხვადასხვა მსჯელობათა შინაარსის ერთიანობაში წვდომით გადის მოცემულს გარეთ. უსასრულობის არსებობას და მისი წვდომის პრობლემას პირველად ის აცნობიერებს. ეს დასკვნის უნარია;
4. სულის საფეხური - გონებით მოცემულ ურთიერთსაპირისპირო შინაარსის დასკვნებს აერთიანებს, მათ საფუძველს სწვდება. მას სისტემის უნარი შეიძლება ეწოდოს.
ამ საფუძველზე ადამიანი დაადგენს, რომ შემეცნების გასაღები უსასრულობაშია, რომ უსასრულობის ამომწურავი შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა არის ადამიანის უმაღლესი დანიშნულება.
და ბოლოს, ბრუნოს სიტყვები, სადაც მთელი მისი სიღრმისეული მსოფლმხედველობაა ჩატეული: „უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისთვის არის ის, რასაც გონების თავისუფალი კვლევით დაადგენს. შემეცნების საგანია უნივერსუმი, შემეცნების ნიადაგია გამოცდილება, ხოლო შემეცნების საწყისი ეჭვია“.

ლაშა თოფურია
ასტრო-NEWS
2014 თებერვალი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ეზოთერია მე-8 გადაცემა 2 ნაწილად (სარეკლამო-საინფორმაციო ვერსია)

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

...

მთვარის ქვა

...

კლინიკური სიკვდილი

Guide to cats and kittens